* ივონ შუინარი -
მართალია, ამერიკელმა მთამსვლელმა ივონ შუინარმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ალპინზმსა და კლდეზე ცოცვაში, მაგრამ სახელი არა იმდენად სპორტული მიღწევებით, რამდენადაც ბიზნესითა და კომპანიის Patagonia-ის შექმნით გაითქვა, რომელიც მეტწილად აქტიური დასვენებისთვის ეკოლოგიურად სუფთა სამოსისასა და ეკიპირების გამოშვებაზე სპეციალიზირდება.
აღსანიშნავია, რომ შუინარი არა მხოლოდ ალპინიზმით და ეკოლოგიით, არამედ მოგზაურობით, თევზაობითა და სერფინგითაცაა გატაცებული, თუმცა როგორც თავად აღნიშნა ხუმრობით, "კლდეზე ცოცვა უფრო ადრე ისწავლა, ვიდრე სიარული, ამიტომ საყვარელ საქმეს, რომელიც თავიდან მხოლოდ გატაცება იყო, ყოველთვის პრიორიტეტული იქნება და არასდროს უღალატებს".
* * *
ივონ შუინარი 1938 წლის 9 ნოემბერს დაიბადა მენის შტატის ქალაქ ლიუისთონში. მისი მამა - ფრანგო-კანადური წარმოშობის ემიგრანტი იყო, რომელიც მექანიკოსად და სანტექნიკოსად მუშაობდა. სწორედ საკუთარი წარმომავლობის წყალობით დაარქვა უფროსმა შუინარმა ახლად შობილ შვილს სახელი ფრანგულ ყაიდაზე, რის გამო მოზარდ ივონს ხშირად დასცინოდნენ სკოლაში და ხან "არაამერიკელ ემიგრანტს", ხან "ბაყაყიჭამია ფრანგს" ეძახდნენ.
1947 წელს, ფინანსური კრიზისის გამო შუინარები ამერიკის აღმოსავლეთიდან სამხრეთ კალიფორნიაში - პრაქტიკუალდ ქვეყნის მეორე ბოლოში გადაბარგდნენ, სადაც რადიკალურად განსხვავებულ კლიმატთან ერთად, ცხოვრების პირობებიც განსხვავებული დახვდათ. მართალია, რიგითმა სანტექნიკოსმა გამდიდრება ვერ შეძლო, მაგრამ დანაკლისი სრულად აინაზღაურა მისმა შვილმა, რომელიც ყველაზე მეტად გააბედნიერა საცხოვრებლის შეცვლამ, რადგან სხვა კალიფორნიელი მოზარდების მსგავსად მთელ დროს პლიაჟზე ატარებდა. 14 წლის ივონმა ჯერ ცურვა ისწავლა, მერე სერფინგით დაინტერესდა, მოგვიანებით კი, ახალი გატაცება გამონახა და ფრინველზე მონადირეთა კლუბში ჩაეწერა.
* * *
სხვა აქტივობებთან ერთად, კლუბში მოზარდებს კლდეზე ცოცვასაც ასწავლიდნენ, რადგან ფრინველებს მეტწილად კლდის რთულად მისადგომ ნაპრალებში ეძებდნენ, სადაც ჩვეულებრივ იკეთებდნენ ბუდეებს. სწორედ საკლუბო ვარჯიშების დროს მიხვდა შუინარი, რომ კლდეზე ცოცვა უფრო ხიბლავდა, ვიდრე ფრინველზე ნადირობა, ამიტომ ჯერ კიდევ მოზარდმა ისწავლა ალპინისტური ეკიპირების გამოყენება.
სპორტით გატაცებული შუინარი მთელ თავისუფალ დროს იოსემიტის ნაციონალურ პარკში ატარებდა, რომლის ბუნებით მოხიბლული დეტალურად იკვლევდა ადგილობრივ ლანდშაფტს, სკოლის დასრულების შემდეგ კი, მიხვდა, რომ სწორედ მთები და კლდეები იყო მისი ნამდვილი გატაცება, რომელსაც მთელ ცხოვრებას მიუძღვნიდა.
* * *
პროფესიონალური უნარების შეძენისა და გამოცდილების მატებასთან ერთად, ივონი სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, რადგან მის მფლობელობაში არსებული აღჭურვილობა არასრულყოფილი აღმოჩნდა და ვერ შეძლო მისი მოთხოვნების დაკმაყოფილება. მართალია, დღეს ალპინიზმი ექსტრემალური სპორტის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სახეობად ითვლება, მაგრამ 1950-იანი წლების მეორე ნახევარში მხოლოდ ენთუზიასტების წყალობით იკრებდა ძალას, ამიტომ არც შესაბამისი ეკიპირებაც არსებობდა.
თუმცა, შუინარი მსგავს წინაღობას არ შეუშინდა. 19 წლის მოყვარულმა მთამსვლელმა საქმის საკუთარ ხელში აღება გადაწყვიტა და ჯერ მოძველებული სამჭედლო მოაწყო მშობლების სახლის უკანა ეზოში, ყოფილ საქათმეში, მერე ხელობა ისწავლა, ბოლოს კი, დამოუკიდებლად შეუდგა ინვენტარის, მათ შორის ყველაზე საჭირო - ალპინისტური კაუჭების დამზადებას.
* * *
მართალია, შუინარი მხოლოდ საკუთარ კომფორტსა და უსაფრთხოებაზე ზრუნავდა, ამიტომ ეკიპირების დეტალებსაც საკუთარი გემოვნებით, სურვილების გათვალისწინებით ქმნიდა, მაგრამ მისი აღჭურვილობა ალპინიზმით გატაცებული მეგობრებისთვისაც საინტერესო და მეტად მოსახერხებელი აღმოჩნდა. განსაკუთრებული პოპულარობა სწორედ ალპინისტურმა კაუჭმა მოიპოვა, რომელსაც შუინარი ერთ საათში ამზადებდა და 1,5 დოლარად ჰყიდდა.
ახალბედა ბიზნესმენი სწრაფად მიხვდა, რომ კაუჭებით სერიოზული შემოსავლის დაგროვებას შეძლებდა, რომლითაც საკუთარ ლაშქრობებს დააფინანსებდა. პირველმა კომპანიამ, რომელიც ივონმა 21 წლის ასაკში დააარსა პარტნიორთან ერთად, Chouinard Equipment-ის სახელი შეიძინა, თუმცა კომპანია მხოლოდ ოფიციალურ დოკუმენტებში ერქვა, რადგან სინამდვილეში საქათმეში მოწყობილ სამჭედლოს წარმოადგენდა.
მცირე კაპიტალის დაგროვების შემდეგ შუინარი ბევრად რთული და ფართო ასორტიმენტის ალპინისტური აღჭურვილობის დამზადებას შეუდგა, რომელთაც პირდაპირ საკუთარი ავტომობილის საბარგულიდან ჰყიდდა, რადგან ერთი მხრივ, ფულის დაზოგვის მიზნით თქვა უარი მაღაზიის გახსანაზე, მეორე მხრივ კი, თვითონ მიჰქონდა საკუთარი ნაწარმი ალპინისტების თავშეყრის ადგილებში, რისი წყალობით ნებისმიერ პროდუქციას სწრაფად და მარტივად ჰყიდდა.
* * *
პროდუქციაზე უზარმაზარი მოთხოვნილების მიუხედავად, ახალგაზრდა შუინარმა მაინც ვერ შეძლო სოლიდური კაპიტალის დაგროვება, თუმცა არც გეგმავდა გამდიდრებას. პირიქით, ენერგიითა და ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდას აქტიური ცხოვრებით სურდა ცხოვრება, კომპანიის შემოსავალი კი სრულად ანაზღაურებდა მის ფინანსურ მოთხოვნილებებს.
"აჯანყებების, პროტესტების პერიოდი იყო, ამიტომ ძალიან ვამაყობდით, რომ არც კლდეებზე, არც მყინვარებზე ცოცვას არანაირი ეკონომიკური სარგებელი არ მოჰქონდა საზოგადოებისთვის. ჩვენ მეამბოხეები, მომხმარებლური სამყაროს წინააღმდეგ აჯანყებული ბუნტისთავები ვიყავით და ძალიან ვამაყობდით საკუთარი თავით", - მოგვიანებით აღნიშნა ბიზნესმენმა საკუთარ მემუარებში.
* * *
დროის დიდ ნაწილს ალპინისტი შუინარი იოსემიტის, ვაიომინგის მთებსა და ევროპულ ალპებში ატარებდა, სადაც მეგობრებთან ერთად ცდილობდა დიდი და მცირე სიმაღლეების დალაშქვრას. "ისეთი წლებიც მახსოვს, როცა 200-ზე მეტ ღამეს ვატარებდით ღია ცის ქვეშ, კარვებსა და საძილე ტომრებში, რადგან ნაკლებად ვფიქრობდით კომფორტზე", - გაიხსენა შუინარმა, რომელიც მაქსიმუმ 50 ცენტს ხარჯავდა დღეში, კატის კონსერვებით ან საკუთარი ხელით დაჭერილი თევზით იკვებებოდა და ძალიან ბედნიერად გრძნობდა თავს. მეტიც, 1962 წელს "მაწანწალობისა და უმიზნოდ ხეტიალისთვის" ივონი 18 დღით საპატიმროსიც მოხვდა, როცა არალეგალურად სცადა შვეიცარიის საზღვრზე გადასვლა სატვირთო მატარებლით.
* * *
1970 წელს შუინარი მორიგი ექსპედიციით გაემგზავრა შოტლანდიაში, სადაც სრულიად შემთხვევით შეიძინა სპეციალურად რაგბის მოთამაშეებისთვის შეკერილი მაისური. იმ პერიოდში სპეციალური სამოსი ალპინისტებისა და კლდეზე მცოცავებისთვის არ არსებობდა, ამიტომ სპორტსმენები თვითონ ირჩევდნენ მათთვის კომფორტულ სამოსს. ივონის გასაკვირად მჭიდრო ქსოვილისგან შეკერილი მაისური არა მხოლოდ მოსახერხებელი, არამედ გამძლეც აღმოჩნდა, რამაც ანალოგიური ქსოვილით ჯერ თავისთვის ფორმის შეკერვა, მერე საცდელი პარტიის გამოშვება გააბედვინა.
მცდელობამ გაამართლა. პირველ პარტიას მალე მეორე მოჰყვა, რომელიც პირველის მსგავსად გამოსვლისთანავე გაიყიდა. ივონი მიხვდა, რომ ტანსაცმლის წარმოება კაუჭების დამზადებაზე მომგებიანი იყო, ამიტომ დროებით უარი თქვა ალპინიზმზე და თავით გადაეშვა ბიზნესში. ბრენდისთვის სახელის მოფიქრება შუინარს სამხრეთ ამერიკაში მოწყობილმა ექსპედიციამ შთააგონა, როცა უახლოეს მეგობართან, კიდევ ერთი ცნობილი ბრენდის - The North Face-ის შემქმნელთან დაგ ტომპკინსთან ერთად დალაშქრა ფიცროის პიკი პატაგონიის რეგიონში. სწორედ ასე გაჩნდა 1973 წელს ახალი კომპანია, რომელმაც Patagonia-ს სახელი შეიძინა.
* * *
Patagonia საკმაოდ სწრაფად იქცა მსხვილ კომპანიად, რისი წყალობით შუინარმა როგორც იქცა შეძლო საჭირო კაპიტალის დაგროვება იმ ეკოლოგიური პროექტების განსახორციელებლად, რომელთაც საკუთარ მისიად მიიჩნევდა. აღსანიშნავია, რომ საოცრად ხელგაშლილი და ქველმოქმედი ბიზნესმენი არასდროს ანიჭებდა ფულს დიდ მნიშვნელობას, რადგან როგორც თავად აღნიშნა, "შემოსავალი მხოლოდ პლანეტის გადასარჩენად და ბუნებრივი გარემოს შესანარჩუნებლად სჭირდებოდა".
"ბიზნესმენები, რომლებიც მხოლოდ ფულის კეთებაზე არიან კონცენტრირებული საბოლოოდ უფსკრულში იჩეხებიან. ჩემთვის მოგება - ბუნებრივად მიღებული შემოსავალია, რომელსაც მხოლოდ მაშინ იღებ, როცა ყველა სხვა მოვალეობას პირნათლად და პატიოსნად ასრულებ", - აღნიშნა შუინარმა, რომელიც ხშირად აკვირვებდა კოლეგებს თავისი პარადოქსული გადაწყვეტილებებით.
მაგალითად, 1970 წელს, როცა აღმოაჩინა, რომ 1950 წელს გამოგონილი ალპინისტური კაუჭები ზიანს აყენებდნენ კლდეებს, რადგან ქანების დაშლას იწვევდნენ, ეკოლოგმა ბიზნესმენმა უზარმაზარი მოგების მიუხედავად, მაინც მათი გაყიდვიდან ამოღება გადაწყვიტა. მართალია, კომპანიამ სერიოზული ზარალი განიცადა, მაგრამ მოგვიანებით, როცა ივონმა ანალოგიური კაუჭის ალუმინის ვერსია შეიმუშავა, ზარალიც აინაზღაურა და ორჯერ მეტი მოგებაც ნახა, რადგან კაუჭის ახალმა მოდელმა პროფესიონალი ალპინისტების მოწონება დაიმსახურა.
ამგვარი მიდგომა შუინარმა მთელი ცხოვრების მანძილზე, საქმიანობის ყველა სფეროში შეინარჩუნა. "ჯერ ის ზარალი გათვალეთ, რომელსაც თქვენს პროდუქცია მიაყენებს გარემოს, მერე კი, ბიზნესის გაუმჯობესებაზე იფიქრეთ, რათა მაქსიმალურად შეამციროთ თქვენს მიერ მიყენებული ზიანი და მხოლოდ ამის შემდეგ იფიქრეთ პროდუქციის გამოშვებაზე", - მიმართა ბიზნესმენმა კოლეგებს, თუმცა მისი რჩევა ნაკლებად გაითვალისწინეს.
* * *
1980 წელს Patagonia-ს შემოსავალმა 20 მილიონ დოლარს გადააჭარბა, შემდეგ ათწლეულში მისი მოგება 180 მილიონამდე გაიზარდა, 2020 წელს კი, კომპანიის კაპიტალმა 3 მილიარდ დოლარს მიაღწია. თუმცა, შუინარისთვის არც ამგვარი შემოსავალი აღმოჩნდა შთამბეჭდავი. მეტიც, 1968 წელს ბიზნესმენმა თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა ეკოლოგიური ორგანიზაცია 1% for the Planet, რომელმაც მის წევრებს ყოველწლიურად საკუთარი შემოსავლის 1%-ის ორგანიზაციის ფონდში გადარიცხვა დაავალდებულა. გარდა ამისა, ბიზნესმენი სისტემატურად აფინანსებდა ეკოლოგიურ პროექტებსა და მონაწილეობდა სხვადასხვა აქციასა თუ აქტივობაში.
მართალია, საკუთარი ხელგაშლილობით პლანეტის კეთილდღეობისთვის მებრძოლმა ბიზნესმენმა ყველა გააკვირვა, მაგრამ ეს მხოლოდ მოთელვა აღმოჩნდა იმ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებამდე, რომელიც შუინარმა რამდენიმე წლის წინ მიიღო.
* * *
2022 წელს 83 წლის ბიზნესმენმა საკუთარი ბრენდი - 3 მილიარდ დოლარად შეფასებული Patagonia ფინანსურ უწყებას Purpose Trust-ს და არაკომერციულ ეკოლოგიურ ორგანიზაციას НКО Holdfast Collective-ს გადასცა საკუთრებაში. არაორდინალური გადაწყვეტილება, რომელმაც ბევრი გააკვირვა, სპორტსმენმა ბიზნესმენმა მეუღლესა და შვილებთან ხანგრძლივი კონსულტაციის შემდეგ მიიღო.
აღსანიშნავია, რომ უწყებაც და ორგანიზაციაც სპეციალურად შეიქმნა კომპანიის დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და მყარი გარანტიისთვის, რომ ბრენდის ყოველწლიური შემოსავალი - დაახლოებით 100 მილიონი დოლარი მხოლოდ კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლასა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით აუთვისებელი მიწების კვლევასა და შესწავლას მოხმარდებოდა.
დღეს ასაკოვანი ბიზნესმენი ჩვეული, მოკრძალებული ცხოვრების წესით ცხოვრობს და აბსოლუტურად არ ნანობს საკუთარ გადაწყვეტილებას. პირიქით, დარწმუნებულია, რომ სოლიდური ასაკის მიუხედავად, უფრო მეტის გაკეთება შეუძლია პლანეტის გადასარჩენად.