საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება შემცირდა, თუმცა 69.2%-ით არის გაზრდილი ქარის სადგურების გენერაცია - Palitra News

საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება შემცირდა, თუმცა 69.2%-ით არის გაზრდილი ქარის სადგურების გენერაცია

2025-07-29 13:53:50+04:00

საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება შემცირდა, თუმცა 69.2%-ით არის გაზრდილი ქარის სადგურების გენერაცია. როგორც თიბისი კაპიტალის კვლევაში ვკითხულობთ, მიმდინარე წლის ივნისში, საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 11.2%-ით შემცირდა და 1 343 გვტ. საათი შეადგინა. კვლევის თანახმად, მხოლოდ ივნისში ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება წლიურად 11.8%-ით, 1 328 გვტ. საათამდე შემცირდა, ქარის სადგურების გამომუშავება გაიზარდა 69.2%-ით და 9 გვტ. საათს გაუტოლდა, თბოგენერაცია კი მინიმალური, 6 გვტ. საათი იყო. რაც შეეხება მოხმარებას, მხოლოდ ივნისში საქართველომ 1 061 გვტ. საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წლიურად 3.5%-იანი შემცირებაა. ამის ძირითადი მიზეზი კი კვლევის მიხედვით შედარებით გრილი ამინდებია. რამაც შესაბამისად, გაგრილების სისტემების გამოყენება შეამცირა. დარწმუნებული ვარ, მას შემდეგ რაც ივლისის მაჩვენებლები გამოქვეყნდება, მოხმარება მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი, სწორედ იმ მაღალი ტემპერტატურის გამო, რომელიც თითქმის მთელი მიმდინარე თვის განმავლობაში აღინიშნებოდა. საინტერესოა ისიც, რომ 2025 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის გენერაცია წლიურად 9.7%-ით, 6 626 გვტ. საათამდეა შემცირებული. ამავე პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარებამ 6 915 გვტ. საათი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან 2.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.