სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმეზე საქართველოს ხელისუფლებას გაუგზავნა კითხვები, რომლებიც მისი დაკავებისა და პატიმრობის კანონიერებას შეეხება. სტრასბურგის სასამართლო სწავლობს, დაარღვია თუ არა ხელისუფლებამ ამაღლობელის უფლებები. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, პატიმარი ჟურნალისტის საქმე კიდევ ერთი მაგალითია, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება სამართლებრივ ბერკეტებს კრიტიკული ხმის ჩასახშობად. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, სტრასბურგში გაგზავნილი საქმე საქართველოში სასამართლოს მიმართ უნდობლობას ადასტურებს.