თბილისი-მუმბაის შორის პირდაპირი ფრენები იწყება. დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია IndiGo საქართველოში ახალ მიმართულებებს ამატებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით ფრენებს ინდოეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქიდან - მუმბაიდან შეასრულებს. ამასთან, ეკონომიკის სამინისტრო განმარტავს, რომ მუმბაი - თბილისი - მუმბაის საჰაერო ხაზზე ფრენების დაწყება მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან იგეგმება.
რაც შეეხება ბილეთების ღირებულებას, კომპანიის ვებ-გვერდის თანახმად, დღეების მიხედვით ფასი განსხვავებულია, საშუალოდ კი, 288 დოლარიდან იწყება. რეგულარული ავიარეისები ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება. შეგახსენებთ, რომ IndiGo საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2023 წელს შემოვიდა. ავიაკომპანია ფრენებს დელი - თბილისი - დელის საჰაერო ხაზზე ასრულებს. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, გასულ წელს კომპანია აღნიშნული მიმართულებით 75 034 მგზავრს მოემსახურა.