* ბერტი ჩარლზ ფორბსი -
მართალია, დღეს ჟურნალი Forbes ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ფინანსურ-ეკონომიკური გამოცემაა მთელ მსოფლიოში, მაგრამ თითქმის 150 წლის წინ მისი შემქმნელი, ტექსტის რიგითი ამკრეფი და რეპორტიორობაზე მეოცნებე ბერტი ჩარლზ ფორბსი ვერც წარმოიდგენდა, რომ თვითონ "ჟურნალისტიკის მამის" სახელს შეიძენდა, მისი წამოწყება კი, არა უბრალოდ გაამართლებდა, არამედ ნებისმიერი ბიზნესმენისთვის საოცნებო იქნებოდა მის ფურცლებზე საკუთარი გვარის ამოკითხვა.
* * *
ბერტი ჩარლზ ფორბსი 1880 წლის 14 მაისს დაიბადა შოტლანდიის პროვინციულ ქალაქ ნიუ-დირში, მრავალშვილიან ოჯახში. მისი მამა თერძი იყო და პატარა მაღაზია ჰქონდა, დედა კი, 10 შვილს ზრდიდა და საშინაო მეურნეობას უძღვებოდა. ოჯახის სტაბილური შემოსავლის წყალობით ბერტიმ კარგი განათლება მიიღო, წარმატებით დაამთავრა საშუალო სკოლა, 13 წლისამ კი, მამის რჩევით ჩააბარა დენდის უნივერსიტეტთან არსებულ საბუხჰალტრო კურსებზე, თუმცა ერთი წლის შემდეგ უარი თქვა სწავლაზე, რადგან ადრეული ასაკიდან ჟურნალისტის კარიერაზე ოცნებობდა.
* * *
მოზარდმა ბერტიმ დამოუკიდებლად შეისწავლა სტენგრაფიის ტექნიკა, 14 წლისამ კი, ადგილობრივ გაზეთში Peterhead Sentinel-ში ამოიკითხა განცხადება ვაკანსიის შესახებ და საკუთარი კანდიდატურის შეთავაზება გადაწყვიტა. მართალია, ახალგაზრდა ფორბსი სიამოვნებით მიიღეს სამსახურში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რედაქციას არა ახალი ამბების კორესპონდენტი, არამედ ტექსტის ამკრეფი სჭირდებოდა. ბერტის იმედი გაუცრუვდა, თუმცა, მიხვდა, რომ მის ასაკში, მით უფრო საჭირო გამოცდილების გარეშე უკეთეს სამუშაოს ვერასდროს იშოვნიდა და შეთავაზებას დათანხმდა.
ფორბსის გულწრფელმა ინტერესმა ჟურნალისტიკის მიმართ სწრაფად გამოიღო შედეგი, რადგან 1897 წელს გამოცემის Dundee Courier-ის რედაქტორისგან მიიღო უმცროს კორესპონდენტად მუშაობის შეთავაზება, საიდანაც ერთ წლის შემდეგ გაზეთის Weekly News-ის რედაქციაში გადაბარგდა და თამამად შეუდგა ახალი ამბების გაშუქებას. ბერტის მონდომება ჯეროვნად დაფასდა, რადგან ჯერ უფროს რეპორტიორამდე დაწინაურდა, მერე გამოცემის რედაქტორის პოსტი ჩაიბარა, თუმცა არც საკუთარი განათლება დაივიწყა და დენდის უნივერსიტეტში ჩააბარა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე.
* * *
თუმცა, ადრეულ ასაკში მიღწეული წარმატება ფორბსისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. 1901 წელს 21 წლის ბერტიმ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, იოჰანესბურგში გადაწყვიტა გამგზავრება, სადაც ადგილობრივი გამოცემის, თეთრკანიანთა გაზეთის Johannesburg Standard-ის მთავარ რეპორტიორად მუშაობის შეთავაზება მიიღო. მართალია, თავად ფორბსის განცხადებით, აფრიკის კონტინენტზე გამგზავრება ახალი გამოცდილების შეძენის სურვილმა გადააწყვეტინა, მაგრამ მისი ბიოგრაფების მტკიცებით შორეულ მოგზაურობაში ჩაბმა ახალგაზრდას გაუზიარებელმა სიყვარულმა აიძულა, როცა მისი საცოლე მოულოდნელად სხვას გაჰყვა ცოლად. სწორედ ღალატის დავიწყებისა და წარსულთან კავშირის გაწყვეტის მიზნით გაემგზავრა ფორბსი აფრიკაში.
* * *
იმ პერიოდში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა სერიოზულ კრიზისს განიცდიდა, რადგან ანგლო-ბურების ომის შემდეგ მხოლოდ ცდილობდა ფეხზე დადგომას. იოჰანესბურგში ახალგაზრდა ჟურნალისტმა ორი წელი გაატარა და რამდენიმე გამოცემაში იმუშავა თეთრკანიანთა გაზეთის Rand Daily Mail-ის ჩათვლით, რომელმაც პირველმა მიიღო და აღიარა რასობრივი თანასწორობა, მით უფრო, რომ გაზეთის თანამშრომლები ხშირად თავად ხდებოდნენ შავკანიანთა უსამართლოდ ჩაგვრის მოწმე.
1904 წელს "აფრიკული ეგზოტიკით" მოქანცულმა ფორბსმა მშობლიურ შოტლანდიაში გადაწყვიტა დაბრუნება, ერთი წლის შემდეგ კი, უკვე გამოცდილი ჟურნალისტი სამუდამოდ
გადაბარგდა ნიუ-იორკში, როგორც თავად უწოდა "მსოფლიო პრესის დედაქალაქში".
* * *
ამერიკაში ფორბსმა მარტივად იშოვა სამუშაო და ერთდროულად ორ გამოცემაში New Yorks Journal of Commerce-სა და Commercial Bulletin-ში მოეწყო კორესპონდენტად. სწორედ მაშინ დაინტერესდა 25 წლის ბერტი ეკონომიკით, საქმიანობის ძირითად სფეროდ კი, ბიზნესი და ფინანსები აირჩია, მით უფრო, რომ არა მხოლოდ მსხვილი კომპანიების შემოსავლებს აშუქებდა, არამედ მათი მფლობელების ცხოვრებაზეც საინტერესოდ მოუთხრობდა მკითხველს.
სწრაფად მოპოვებული პოპულარობისა და შრომისმოყვარე ახალგაზრდის რეპუტაციის წყალობით ფორბსმა ლონდონური გამოცემისგან Financial Times-გან მიიღო შეთავაზება. მართალია, ამბიციურმა ჟურნალისტმა ავტორიტეტულ გამოცემას უარით უპასუხა, მაგრამ Journal of Commerce-ის რედაქციას წაუყენა ულტიმატუმი და ფინანსური განყოფილების რედაქტორის პოსტი მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, გაზეთის დატოვებით დაიმუქრა. შედეგად ფორბსმა არა მხოლოდ მაღალი თანამდებობა, არამედ გამოცემის საავტორო რუბრიკაში საკუთარი სტატიების რეგულარულად გამოქვეყნების უფლებაც მიიღო.
* * *
1911 წელს ფორბსი უილიამ რენდოლფ ჰერსტმა დაიქირავა მეტად საპასუხისმგებლო - სპეციალური მიმომხილველის პოსტზე, რაც ნამდვილ გამართლებად იქცა ახალგაზრდა ჟურნალისტისთვის, რადგან 1900-იანი წლების პირველ ნახევარში სწორედ ჰერსტის გამოცემები ითვლებოდა ყველაზე გავლენიან პრესად.
აღიარება ჰერსტმა, რომელიც პოპულისტური, ე.წ. "ყვითელი პრესის" დამფუძნებლად ითვლება, საერთაშორისო მედიაჰოლდინგის Hearst Communications-ის შექმნით მოიპოვა, რომელმაც ყველაზე პოპულარული ამერიკული და ევროპული გამოცემები გააერთიანა. სწორედ ჰერსტის კუთვნილ გაზეთებში მუშაობდნენ სხვადასხვა დროს ისეთი ცნობილი მწერლები, როგორებიც მარკ ტვენი, ჯეკ ლონდონი და ჯულიან ჰოთორნი იყვნენ.
გასული საუკუნის 20-იან წლებში ნებისმიერი ჟურნალისტისთვის დიდ პატივად ითვლებოდა ჰერსტთან თანამშრომლობა, რომელიც სისტემატურად ავსებდა საკუთარ ჰოლდინგს საუკეთესო რეპორტიორებით. ნიჭიერი და ამბიციური ფორბსი იდეალურად მოერგო ჰერსტის მოთხოვნებს. მეტიც, რამდენიმე საავტორო რუბრიკა ჩაიბარა სხვადასხვა გამოცემაში, რომელთაც სწრაფად მოიპოვეს პოპულარობა. ამბობდნენ, თითქოს მკითხველი სწორედ ფორბსის პუბლიკაციის გასაცნობად ყიდულობდა გაზეთს, რაც მის რეპუტაციაზეც დადებითად აისახა და რამდენიმე წელიწადში ფინანსური სფეროს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი რეპორტიორის სახელი შეიძინა.
1913 წელს ფორბსი New York American-ის ფინანსური განყოფილების რედაქტორი გახდა. აღსანიშნავია, რომ საავტორო სტატიებში ბერტი საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას იღებდა, რასაც სარედაქტორო ანაზღაურებაც დაემატა, რისი წყალობით 1916 წელს 100 ათასდოლარიანი წლიური შემოსავლით ყველაზე მაღალანაზღაურებად ჟურნალისტად იქცა ამერიკაში. წარმატების მიუხედავად, 1917 წელს ფორბსმა მაინც დატოვა New York American, რადგან საკუთარი ფინანსური ჟურნალის შექმნა გადაწყვიტა, თუმცა ჰერსტის ჰოლდინგში, სადაც ერთდროულად რამდენიმე გაზეთის ფინანსურ რუბრიკას უძღვებოდა, 1943 წლამდე მაინც გააგრძელა მუშაობა.
* * *
საკუთარი დანაზოგის, სისტემატური შემოსავლისა და იმ ინვესტორების დაფინანსების წყალობით, ვისთანაც ჟურნალისტად მუშაობის დროს გააბა ნაცნობობა, ფორბსმა საქმიანი ადამიანებისთვის შექმნა ჟურნალი, რომელსაც საკუთარი სახელი უწოდა. Forbes-ის პირველი ნომერი, რომელიც მხოლოდ 15 ცენტი ღირდა, 1917 წლის შემოდგომაზე გამოვიდა და რამდენიმე წლის მანძილზე მხოლოდ ორ კვირაში ერთხელ გამოიცემოდა. აღსანიშნავია, რომ ჟურნალის ადრეულ ნომრებში, რომლებიც ორიგინალური და მეტად უჩვეულო შინაარსით გამოირჩეოდა, მეტწილად თავად ფორბსის სტატიები იბეჭდებოდა.
Forbes-ის მთავარ განმასხვავებლად ამერიკის ბიზნეს-ელიტის წარმომადგენელთა პორტფოლიოსა და ქვეყნის საქმიან ცხოვრებაზე ცოცხალი ისტორიების მოთხრობა იქცა, რაც მოგვიანებით მისი სავიზიტო ბარათი გახდა. მეტიც, ჟურნალი ერთგვარ იღბლიან თილისმად ითვლებოდა საქმიანი ადამიანებისთვის, რადგან ახალბედა მეწარმეები, ვისზეც ფორბსი წერდა, მოგვიანებით აუცილებლად დიდ ფინანსურ წარმატებას აღწევდნენ. ამასთანავე, ჟურნალში სისტემატურად იბეჭდებოდა ანალიტიკური სტატიები და ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლებიც მსხვილ კომპანიებსა და საწარმოებში ავლენდნენ კორუფციასა და მაქინაციებს.
ამერიკის ყველაზე გავლენიანი პერსონების რეიტინგი, რომელმაც 30 ყველაზე ცნობილი ბიზნესმენი გააერთიანა, Forbes-მა 1918 წელს გამოაქვეყნა პირველად. რა თქმა უნდა, ლიდერის პოზიცია ნუსხაში უკვე პენსიონერმა ჯონ დევისონ როკფელერმა მოიპოვა, რომლის კაპიტალმა 1,2 მილიარდი დოლარი შეადგინა.
* * *
მართალია, 1920-იანი წლების დასაწყისში მკითხველთან ერთად ჟურნალის ტირაჟიც გაიზარდა, 30 ათას ეგზემპლიარს მიაღწია და წამყვანი ბიზნეს-გამოცემის სტატუსი შეიძინა, მაგრამ 1929 წელს ეკონომიკური კრიზისის დაწყებისთანავე, რომელიც "დიდი დეპრესიის" სახელით შევიდა ისტორიაში და ერთიანად განადგურდა საბანკო, სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო სექტორები, გაუფასურდა ფასიანი ქაღალდები და გაკოტრდა ათასობით მეწარმე, ჟურნალმაც დაკარგა აქტუალურობა, თუმცა ფორბსმა წინასწარ განჭვრიტა ფინანსური კრიზისი, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მონაცემების ანალიზისა და სწორი გათვლების უნიკალური ნიჭი ჰქონდა.
ზუსტი პროგნოზის მიუხედავად, ფინანსურ პრობლემებისგან თავის დაღწევა ვერც ფორბსმა შეძლო, რამაც საკუთარი შემოსავლით - ჰერსტის გამოცემებისთვის მომზადებულ სტატიებში მიღებული ჰონორარით აიძულა გამოცემის გადარჩენა. არსებობს ვერსია, თითქოს ჟურნალის გაყიდვაზე ფორბსმა თავად ჰერსტსაც უარი უთხრა, საკუთარი გადაწყვეტილება კი, ერთადერთი ობიექტური გამოცემის შენარჩუნების სურვილით ახსნა.
* * *
თუმცა, პრობლემები ფორბსის გამოცემას არა მხოლოდ ფინანსურმა კრიზისმა, არამედ სერიოზულმა კონკურენტებმა ჟურნალებმა - Fortune-ამ и Business Week-მაც შეუქმნეს. მართალია, მეწარმეებისთვის განკუთვნილი Business Week-ის პირველი ნომერი "დიდი დეპრესიის" დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე გამოვიდა, მაგრამ სწრაფად მოიპოვა აღიარება და საკუთარი ადგილი დაიკავა საქმიან ამერიკის ცხოვრებაში, არ ჩამორჩა არც Fortune, რომელმაც კომპეტენტური ანალიტიკური გამოცემის რეპუტაცია დაიმკვიდრა, რადგან დეტალურად აშუქებდა უმსხვილესი კორპორაციების საქმიანობას. მეტიც, 1939 წელს კონკურენტებმა უკან ჩამოიტოვეს Forbes, რომელიც მხოლოდ მესამე პოზიციას დასჯერდა ყველაზე პოპულარული გამოცემების რეიტინგში.
ფორბსი მიხვდა, რომ ჟურნალის გადარჩენა მხოლოდ რადიკალური ცვლილებების განხორცილებით შეიძლებოდა. გამომცემელმა ჯერ თანამშრომლების შტატი შეამცირა და მხოლოდ ყველაზე გამოცდილი ჟურნალისტები დატოვა, მერე კი, გამოცემის ვიწრო პროფილური ფორმატი განაახლა და თემატურად გააფართოვა, რისი წყალობით სხვადასხვა ინტერესის მკითხველი მიიზიდა.
* * *
რეფორმებმა გაამართლა, რადგან მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, როცა მნიშვნელოვნად განმტკიცდა ამერიკის ეკონომიკა, Forbes-მაც სწრაფად დაიბრუნა დაკარგული პოზიციები მედიაბაზარზე. ამასთანავე, გამოცემა ერთგვარ ოჯახურ ბიზნესად იქცა, რადგან მის აქციონერებს ფორბსების დინასტიის მეორე თაობის წარმომადგენლებიც - ბერტის ოთხი შვილიც შეუერთდა, რომელთაც ტრადიციების დაცვით დაამკვიდრეს სიახლეები. მთავარ სიახლედ, რამაც Forbes-ის საერთაშორისო არენაზე დაწინაურებას შეუწყო ხელი, ამერიკული კომპანიების ყოველწლიური რეიტინგი აღმოჩნდა, რომელიც კომპანიებისთვის ერთგვარ რეკლამად, ჟურნალისთვის კი, შემოსავლის წყაროდ იქცა.
* * *
ბერტი ფორბსი, რომელმაც საკუთარი მონდომებისა და შრომისმოყვარეობის წყალობით ჩაუყარა საფუძველი ჟურნალისტიკის ახალ მიმართულებას - ფინანსებისა და ბიზნესის მედიაანალიტიკას, 1954 წელს გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად გამომცემელი მშობლიურ შოტლანდიაში დაკრძალეს, მისი კაპიტალი კი, შვილებმა გაინაწილეს, რომელთაც ერთობლივად გადაწყვიტეს მამის საქმის გაგრძელება. დღეს ფორბსის დინასტია პოპულარულ ჟურნალთან ერთად სხვა მედიასაშუალებებსაც ფლობს და ძველებურად ცდილობს ობიექტურობის და რესპექტაბელურობის შენარჩუნებას.