მარტის თვეში ბრიტანული მინი-სერიალის "გარდატეხის ასაკის" პრემიერა შედგა, ოთხსერიანი დრამა, რომელმაც თანაკლასელი გოგონას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული, 13 წლის ჯეიმი მილერის ისტორია მოუთხრო მაყურებელს, ყველასთვის მოულოდნელად იქცა გაზაფხულის მთავარ კინომოვლენად - Palitra News

მარტის თვეში ბრიტანული მინი-სერიალის "გარდატეხის ასაკის" პრემიერა შედგა, ოთხსერიანი დრამა, რომელმაც თანაკლასელი გოგონას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული, 13 წლის ჯეიმი მილერის ისტორია მოუთხრო მაყურებელს, ყველასთვის მოულოდნელად იქცა გაზაფხულის მთავარ კინომოვლენად

2025-07-24 12:05:20+04:00

* "გარდატეხის ასაკი", 2025 -

მარტის თვეში ბრიტანული მინი-სერიალის "გარდატეხის ასაკის" პრემიერა შედგა. ოთხსერიანი დრამა, რომელმაც თანაკლასელი გოგონას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული, 13 წლის ჯეიმი მილერის ისტორია მოუთხრო მაყურებელს, ყველასთვის მოულოდნელად იქცა გაზაფხულის მთავარ კინომოვლენად.

Netflix-ის სერიალმა, რომელმაც ტექნიკურად რთული ვიზუალური მეთოდის გამოყენებით სცადა საზოგადოებისთვის მეტად მტკივნეული - ბულინგის, მოზარდთა სისასტიკისა და მეზოგენიის თემების განხილვა, პირველსავე უქმეებზე დაიმსახურა მაყურებელის ყურადღება და კრიტიკოსების უმაღლესი შეფასება, ფილმში წამოჭრილი აქტუალური პრობლემების წყალობით კი, დიდი ხნით იქცა განსჯისა და მწვავე დისკუსიის ობიექტად.

* * *

ბლოქბასტერების წარმატება არავის უკვირს, რადგან მათი შემქმნელები თავიდანვე ფართო აუდიტორიაზე არიან ორიენტირებული და ხშირად სუპერვარსკვლავებსაც მიმართავენ სასურველი შედეგის მისაღწევად, თუმცა ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევს ისეთი მოკრძალებული პროექტების წარმატება, როგორიც "გარდატეხის ასაკია", რადგან Netflix-ის ახალი ნამუშევარი ვერც ვარსკვლავების სიმრავლით დაიკვეხნის, ვერც შთამბეჭდავი სპეცეფექტების სიუხვით.

მართალია, შესავალ ეპიზოდებში სერიალი ძალიან ჰგავს მძაფრსიუჟეტიან დეტექტივს სასტიკი მკვლელობითა და მოზარდი ეჭვმიტანილით, მაგრამ მაყურებელი პირველსავე ეპიზოდში ხვდება, რომ დეტექტივების აზარტულ გამოძიებაში მონაწილეობის ნაცვლად, რიგითი ბრიტანული ოჯახის დრამის გაზიარება მოუწევს.

* * *

აღსანიშნავია, რომ "გარდატეხის ასაკი", რომელიც მომენტალურად გახდა Netflix-ის ყველაზე წარმატებული პროექტების რეიტინგის ლიდერი, ოთხ დღეში სულ მცირე 24-მა მილიონმა ადამიანმა ნახა, მისმა აქტუალურობამ და განხილვის სიმძაფრემ სოციალურ ქსელებში კი, პოლიტიკური დებატები და დისკუსიებიც უკან ჩამოიტოვა. თუმცა, სერიალი არა მხოლოდ მაყურებელმა, არამედ კრიტიკამაც მოიწონა, ამგვარი ერთსულოვნება კი, საკმაოდ დიდი იშვიათობაა, ამიტომ არავის გაუკვირდება თუ "გარდატეხის ასაკი" წლის საუკეთესო სერიალი გახდება.

The Times-ის მიმომხილველმა ტომ პეკმა "გარდატეხის ასაკს" "მაქსიმალური სრულყოფილება" უწოდა, The Guardian-ის კორესპონდენტმა ლუსი მენგანმა აღფრთოვანებით აღნიშნა, რომ Netflix-ის პროექტი "ყველაზე მეტად მიუახლოვდა იმ იდეალს, რომლის მიღწევას ბოლო ათწლეულში ცდილობს ტელევიზია", გამოცემის Deadline-ის კინომიმომხილველმა კი, შენიშნა, რომ სერიალი "უნაკლო ტელედრამაა, რომელიც ნახვის შემდეგაც დიდი ხნით რჩება მეხსიერებაში".

* * *

სერიალი 13 წლის ჯეიმი მილერის (ოუენ კუპერი) დაპატიმრებით იწყება, რომელსაც პოლიცია თანაკლასელის - ქეითის მკვლელობაში ადანაშაულებს. მოზარდი ჯიუტად უარყოფს დანაშაულს, მით უფრო, რომ შეშინებული და დაბნეული, აბსოლუტურად არ ჰგავს კრიმინალს. მართალია, მისი ბრალის დაჯერება არ უნდა არც დეტექტივს ლუკ ბასკომბის (ეშლი უოლტერსი), არც მის მშობლებს (სტივენ გრემი, კრისტინა თრემარკო), არც მაყურებელს, მაგრამ ყველას იმედი უცრუვდება, როცა სათვალთვალო კამერის ჩანაწერი ადასტურებს, რომ სწორედ ჯეიმი დაესხა თავს ქეითს და დანით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა, თუმცა, სერიალის გმირების მთავარი მიზანი არა მკვლელის ვინაობის დადასტურება, არამედ მკვლელობის მიზეზის დადგენაა.

* * *

სერიალის შექმნის იდეა მსახიობს სტივენ გრემს გაუჩნდა, როცა შენიშნა, რომ პრესაში სულ უფრო ხშირად ჩნდებოდა მოზარდების მკვლელობის შემზარავი ისტორიები, მით უფრო, რომ სტატისტიკის ბრიტანეთის ეროვნული სამმართველოს მონაცემებით, 2023-2024 წლებში მოზარდთა მიერ ჩადენილ მკვლელობათა 83% ცივი იარაღით მიყენებულმა ჭრილობებმა შეადგინა.

გრემისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელი აღმოჩნდა 12 წლის გოგონასა და 14 წლის ბიჭის მკვლელობა მის მშობლიურ ლივერპულში, ფართო რეზონანსი გამოიწვია 2023 წელს 15 წლის ელიან ანდამზე თავდასხმამაც, რომელიც 17 წლის ჰასან სენტამმა მოკლა ლონდონის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ჩვეულებრივი სამზარეულოს დანით. სწორედ მაშინ დაინტერესდა მსახიობი თანამედროვე მოზარდების სისასტიკის მიზეზით და იმ გარემოთი, რომელშიც ისინი იზრდებიან. გრემმა ჯერ სცენარისტს ჯეკ თორნომს შესთავაზა თანამშრომლობა, მერე რეჟისორს ფილ ბარანტინის, რომელმაც "ჩერნობილის" დადგმით გაითქვა სახელი.

* * *

აღსანიშნავია, რომ სწორედ ბარანტინიმ აირჩია ყოველი ეპიზოდის ერთი კადრით გადაღების მეთოდი, რომელმაც სერიალს მეტი დინამიკა, დრამატიზმი შესძინა და უნიკალურ ნამუშევრად აქცია. თუმცა, ურთულესმა მეთოდმა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მოსთხოვა მსახიობებს, რომელთაც სერიოზული რეპეტიციების გავლა და ზოგიერთი ეპიზოდის 10-12-ჯერ გადაღება მოუწიათ.

ამგვარ პირობებში მუშაობა გამოცდილი ეშლი უოლტერსისთვისაც რთული აღმოჩნდა. მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ პრაქტიკულად ზეპირად ისწავლა მთელი სცენარი, კოლეგების რეპლიკების ჩათვლით, რაც იმდენად მომქანცველი აღმოჩნდა, რომ ხშირად დაღლილობისგან უბრალოდ ტიროდა. სირთულეების ფონზე განსაკუთრებით დასაფასებელია სრულიად გამოუცდელი 15 წლის ოუენ კუპერის ნამუშევარი, რომლისთვისაც სადებიუტო აღმოჩნდა მკვლელი მოზარდის როლი. გრემის განცხადებით, სინჯები 500-ზე მეტმა მოზარდმა გაიარა, კუპერმა კი, მხოლოდ ვიდეოჩანაწერი გაუგზავნა საკუთარი მონოლოგით, თუმცა მოკლე ეპიზოდიც საკმარისი აღმოჩნდა როლზე დასამტკიცებლად. მეტიც, კრიტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ სწორედ დებიუტანტი კუპერი მოიპოვებს წლის საუკეთესო მსახიობის ტიტულს.

* * *

მართალია, ფილმი მოკლებულია დეტექტიურ ინტრიგას, რადგან ავტორები თავიდანვე ამხელენ გოგონას მკვლელის ვინაობას, მაგრამ მაყურებელი მაინც დაძაბული ელის სიუჟეტის განვითარებას, რადგან მთავარ გმირთან ერთად გადის ურთულეს გზას დანაშაულის უარყოფიდან სასჯელის მიღებამდე.

პირველ ორ სერიაში ავტორები სამართალდამცავების რუტინულ საქმეს, მილერების ოჯახის ისტორიას, ჯეიმისა და ქეითის კლასელებს და მათ შორის კონფლიქტის მიზეზს აცნობენ მაყურებელს, მესამე სერია, რომელსაც New York Times-ის კინოკრიტიკოსმა მარგარეტ ლაიონსმა ერთ-ერთი საუკეთესო ეპიზოდი უწოდა ტელევიზიის ისტორიაში, ჯეიმისა და ფსიქიატრის დიალოგს წარმოადგენს, რომელმაც მოზარდის მდგომარეობა უნდა შეაფასოს და სასამართლოს მიუკერძოებელი დასკვნა წარუდგინოს. სწორედ მესამე ეპიზოდი ააშკარავებს ჯეიმის რეალური სახეს, მის სისასტიკეს და მკვლელობის მიზეზებს, მეოთხე სერიაში კი, ავტორები მილერების ოჯახური დრამისა და ჯეიმის მამასთან ურთიერთობის ფონზე მსჯელობენ მასკულიზმსა და თანამედროვე საზოგადოების კრიზისზე, მოზარდი ბიჭების აღზრდასა და პატრიარქალურ ფასეულობებზე ფემინიზმის ეპოქაში.

"გვინდოდა გაგვერკვია როგორ ყალიბდება მამაკაცური აგრესია. სცენარზე მუშაობისას დიდხანს ვმსჯელობდით საკუთარ იდენტურობაზე როგორც მამაკაცების, მამების, პარტნიორებისა და მეგობრებისა. შესაძლოა, სწორედ ამგვარმა მიდგომამ განსაზღვრა სერიალის წარმატება. ჩვენ გულწრფელად მოვყევით საკუთარ გრძნობებზე, რომლებიც მაყურებლისთვისაც ახლობელი აღმოჩნდა. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც შვილი ჰყავს, ერთხელ მაინც დაუდანაშაულებია თავი, რომ ზედმეტად ბევრს მუშაობდა და ნაკლებ დროს უთმობდა შვილებს, იშვიათად საუბრობდა მათთან და ხშირად პრობლემების გარკვევას თვალის დახუჭვა ერჩივნა. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ წინა თაობას ვჯობივართ და მშობლებზე მეტი გამოცდილება გვაქვს, მაგრამ ყოველთვის მათ შეცდომებს ვიმეორებთ. ძალიან რთულია თანამდროვე სამყაროში ბავშვების აღზრდა, ვერცერთი მშობელი ვერ იტყვის დარწმუნებით, რომ ყველაფერი სწორად გააკეთა და არცერთი შეცდომა არ დაუშვია", - აღნიშნა სცენარისტმა ჯეკ თორნმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

* * *

თუმცა, "გარდატეხის ასაკი" ბევრად მასშტაბური ისტორიაა, ვიდრე უბრალო ოჯახური დრამა, რადგან არა მხოლოდ მშობლების შვილებთან ურთიერთობას, არამედ იმ სოციალურ ფაქტორებსაც იკვლევს, რომლებიც თანამედროვე მოზარდებზე ახდენენ გავლენას, ამიტომ სერიალის მესამე ეპიზოდში ავტორები კიდევ ერთი თემის - სოციალურ ქსელებში მოზარდების ურთიერთობისა და სხვადასხვა ონლაინ-საზოგადოებების ზემოქმედების განხილვას სთავაზობენ მაყურებელს.

ხშირად მშობლებმა საერთოდ არ იციან რას აკეთებენ მათი შვილები, როცა საათობით აშტერდებიან ტელეფონს, რადგან თაობებს შორის რადიკალური განსხვავებების გამო წარმოდგენა არ აქვთ რა ფენომენია სოციალური ქსელი და როგორ მუშაობს, ზედმეტი შეკითხვებისგან კი, ყოველთვის თავს იკავებენ, რათა ერთი მხრივ, საკუთარი უვიცობა არ გამოავლინონ, მეორე მხრივ, ბავშვი არ გააღიზიანონ, მით უფრო, რომ მოზარდებს ყოველთვის შესანიშნავად გამოსდით საკუთარი შეტყობინებების შენიღბვა, ამიტომ ფსიქიატრისთვისაც შოკის მომგვრელია ხდება აღმოჩენა, რომ თურმე, ერთი შეხედვით უბოროტო კომენტარები სხვადასხვა ფერის ემოჯებით, სინამდვილეში ბულინგსა და შეურაცხმყოფელს ნიღბავდა.

* * *

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემა, რომელსაც სერიალი განიხილავს მიზოგონია ანუ მოზარდებისა და ახალგაზრდა მამაკაცების ქალთმოძულეობაა, რომლებიც უნდობლობას, სიძულვილს, აგრესიას ამჟღავნებენ და წინასწარ შექმნილი ნეგატიური განწყობა აქვთ ქალების მიმართ.

სწორედ ამგვარი ონლაინ-საზოგადოების, ე.წ. "ინცელების" გავლენა განიცადა მოზარდმა ჯეიმიმ, რასაც მისი თანატოლი გოგონა ემსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ "ინცელები", რაც "არანებაყოფლობით თავშეკავებად" იშიფრება, ერთგვარი ონლაინ სუბკულტურაა, რომლის წევრები ვერც რომანტიკულ ურთიერთობას, ვერც სექსუალურ კავშირს ვერ ამყარებენ საპირისპირო სქესთან. სოციალურ ქსელებში ამგვარი სუბკულტურის წარმომადგენლები მეტწილად ქალთმოძულეობას ტრანსლირებენ, ისევ ქალებს ადანაშაულებენ საკუთარ "თავშეკავებაში" და ხშირად მათ მიმართ ძალადობისკენ მოუწოდებენ.

ამავე სუბკულტურას მიეკუთვნება სერიალში მოხსენიებული ბლოგერი ენდრიუ ტეიტი, რომელმაც 2020-იან წლებში მოიპოვა პოპულარობა იდეის პროპაგანდირებით, თითქოს ნორმალურ საზოგადოებაში მამაკაცი უნდა დომინირებდეს ქალზე. სწორედ ამ შინაარსის პუბლიკაციებით ინტერესდებოდა ჯეიმი, რამაც საბოლოოდ ქეითზე თავდასხმა და მისი მოკვლა აიძულა.

* * *

The Guardian-ის მიმომხილველმა მაიკლ ჰოგანმა "გარდატეხის ასაკს" "21-ე საუკუნის ტელევიზიის შედევრი" უწოდა, თუმცა ამგვარი შეფასება სერიალმა არა მხოლოდ შემოქმედებითი ჯგუფისა და მსახიობთა ოსტატობის, არამედ აქტუალური სოციალური თემების მტკივნეულად, თუმცა რეალისტურად, შერბილებისა და შელამაზების გარეშე გაშუქებისთვისაც დაიმსახურა. მეტიც, "გარდატეხის ასაკმა" დიდი ხნის დამკვიდრებული სტერეოტიპიც დაამსხვრია, თითქოს მტკიცე ოჯახი ერთგვარი ციხე-სიმაგრეა, სადაც ბავშვი ყველა ხიფათისგან დაცულია, თითქოს მზრუნველი და მოსიყვარულე ოჯახის წევრების გარემოში აღზრდილი ბავშვები, რომლებიც კარგად სწავლობენ, არასდროს ურჩობენ და არ ქმნიან პრობლემებს, შეუძლებელია იყვნენ სასტიკი მოძალადეები.

"რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა ხმაურიანი განცხადების გაკეთება ან დასმულ შეკითხვებზე სწორი პასუხების გაცემა. პირიქით, ჩვენ მტკივნეული კითხვები დავუსვით საზოგადოებას და ვთხოვეთ პასუხების ერთად მოძიება, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები. სინამდვილეში, ჩვენს ფილმში ყველა დაზარალებულია ჯეიმის ჩათვლით, რადგან თანამედროვე სამყაროში, სადაც ყველაფერი ზერელე და ზედაპირულია, მოზარდები ყველაზე მტკივნეულად განიცდიან ფასეულობათა კრიზის. ბოლო ათწლეულში განსაკუთრებით დაიწია მკვლელთა ასაკმა, რომელმაც კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, ბულინგი და შეურაცხყოფა კი, ისე გახშირდა, რომ ყურადღებასაც არავინ აქცევს. ვფიქრობ, დროა, დავფიქრდეთ, გამოვასწოროთ ჩვენივე გაფუჭებული და გადავარჩინოთ ჩვენი შვილები, რადგან საბედისწერო შეცდომები უკვე დავუშვით", - აღნიშნა სტივენ გრემმა, ფილმის პროდიუსერმა და ჯეიმის მამის როლის შემსრულებელმა.