* ბეტ ჰარტი -
ამერიკელმა მუსიკოსმა ბეტ ჰარტმა, რომელმაც უძლიერესი ვოკალით გაითქვა სახელი, დიდი ხანია დაიმკვიდრა ადგილი თანამედროვე ბლუზის სამყაროში, რადგან არა მხოლოდ მილიონობით ადამიანის თაყვანისცემა, არამედ კოლეგების პატივისცემაც დაიმსახურა.
* * *
ბეტ ჰარტი 1972 წლის 24 იანვარს დაიბადა ლოს-ანჯელესთან ახლოს, პატარა ქალაქ პასადენაში, არაპროფესიონალი მუსიკოსების, თუმცა საოცარი მელომანების ოჯახში, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ სამი წლის ასაკში ისწავლა ფორტეპიანოზე დაკვრა. ბეტს ძალიან მოსწონდა მუსიკის გაკვეთილები, სიამოვნებით მეცადინეობდა და პიანისტად ან ოპერის მომღერლად გახდომას ნატრობდა, თუმცა მოზარდ ჰარტს რადიკალურად შეეცვალა გემოვნება და თუ მანამდე ბახის და ბეთჰოვენის ნაწარმოებებს ასრულებდა, 10 წლისა ბლუზმა, ეტა ჯეიმსისა და ოტის რედინგის შემოქმედებამ გაიტაცა.
ოჯახური იდილია მამამ დაარღვია, როცა ჯერ საპატიმროში მოხვდა, გათავისუფლებულმა კი, ოჯახი მიატოვა. ბეტმა, რომელიც 11 წლის იყო, მძიმედ განიცადა მშობლების დაშორება, სტრესის დაძლევა კი, უფროსი დის მსგავსად ალკოჰოლით სცადა, რის გამო ჯერ არასრულწლოვანთა თავშესაფარში, მერე კი, ქუჩაში აღმოჩნდა, თუმცა ისევ დის წყალობით შეძლო მავნე ჩვევაზე უარის თქმა.
* * *
სკოლის დასრულების შემდეგ ჰარტმა ლოს-ანჯელესის ხელოვნების აკადემიაში ჩააბარა ვოკალისა და ვიოლონჩელოს კურსზე, თუმცა გული ვერ დაუდო სწავლას, რადგან ლექციების მოსმენას, ისევ პრაქტიკული ცოდნის შეძენა ამჯობინა. ბეტი აქტიურად მონაწილეობდა კონკურსებში და აწყობდა გამოსვლებს ღამის კლუბებში, რაც ლექციების გაცდენის და საბოლოოდ სასწავლებლიდან გარიცხვის მიზეზი გახდა, თუმცა ჰარტმა გული არ გაიტეხა და 1993 წელს პირველი ჯგუფი Beth Hart and the Ocean of Souls შექმნა, რომელმაც პოპულარულ კონკურსში Star Search-ში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა, პრიზად კი 100 ათასი დოლარი მიიღო.
მართალია, ჰარტმა ღამის კლუბებში გააგრძელა გამოსვლა, მაგრამ მცირე სცენა და შემთხვევითი პუბლიკა, რომელსაც გართობა უფრო უნდოდა, ვიდრე მუსიკის მოსმენა, მისთვის ნაკლებად დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა. ბეტმა ქალაქის ქუჩებში სცადა იმპროვიზირებული კონცერტების მოწყობა პროდიუსერების ყურადღების მისაქცევად, თუმცა საოცარი ნიჭისა და ქარიზმის მიუხედავად მაინც ვერ შეძლო საკუთარი პოტენციალის რეალიზება, რისი მთავარი მიზეზი ისევ ნარკოტიკები და არასტაბილური ცხოვრების წესი აღმოჩნდა.
* * *
პირველ წარმატებას ჰარტმა 1996 წელს მიაღწია პროდიუსერის დევიდ ვოლფისა და კომპოზიტორის დევიდ ფოსტერის წყალობით, რომლებიც ცნობილ ხმისჩამწერ სტუდიასთან Atlantic Records-თან კონტრაქტის გაფორმებასა და სადებიუტო ალბომის Immortal-ის ჩაწერაში დაეხმარნენ. ალბომმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, რამაც ჰარტს მის ბენდთან ერთად ლეგენდარული ჯგუფის Scorpions-ის მოწყობილ მასშტაბურ ტურნეში მონაწილეობის საშუალება მისცა, თუმცა ახალბედა მუსიკოსებმა ვერ გაუძლეს სტრესს და ინტენსიურ საგასტროლო გრაფიკს, რაც დაპირისპირების, მუდმივი კონფლიქტის და საბოლოოდ კოლექტივის დაშლის მიზეზი გახდა. ჰარტმა მტკივნეულად განიცადა მორიგი მარცხი, რასაც იმდენად მძიმე დეპრესია მოჰყვა, რომ დროებით საერთოდ უარი თქვა მუსიკაზე.
იძულებითი პაუზა სამი წელი გაგრძელდა, თუმცა საბოლოოდ მუსიკოსმა მაინც შეძლო დეპრესიის დაძლევა და 1999 წელს ჯერ სინგლი LA Song (Out Of This Town) ჩაწერა, რომელიც სწრაფად იქცა ჰიტად, მერე ალბომი Screamin' for My Supper გამოუშვა, 2000 წელს კი, ჯენის ჯოპლინი განასახიერა ბროდვეის მიუზიკლში Love, Janis, რამაც მისი პოზიციები გაამყარა მუსიკალურ ინდუსტრიაში.
* * *
ნამდვილ აღიარებას ჰარტმა 2003 წელს მიაღწია Koch Records-თან კონტრაქტის გაფორმებისა და ალბომის Leave the Light On ჩაწერის შემდეგ, რომელმაც პირველ რიგში ევროპაში მოიპოვა პოპულარობა და შეიძინა პლატინის სტატუსი. ამავე წელს გახდა მუსიკოსი პირველი და ერთადერთი ქალი მომღერალი, ვინც ჯგუფის Deep Purple-ის ცნობილი სიმღერის Haunted-ის ვოკალური პარტია ჩაწერა.
2005 წელს მუსიკოსმა ალბომი Toots Thielemans გამოუშვა, ორი წლის შემდეგ კი, მისივე განცხადებით მეტად პირადული სტუდიური ნაკრები 37 Days შესთავაზა პუბლიკას, რომელმაც არა მხოლოდ დაადასტურა მისი მაღალი სტატუსი ბლუზისა და როკის სამყაროში, არამედ ერთგვარ საეტაპო ნამუშევრად და დეპრესიისგან, მავნე დამოკიდებულებისგან გათავისუფლების სიმბოლოდ იქცა.
* * *
2006 წელს ჰარტმა ახალ პროექტი წამოიწყო, რომელმაც ცნობილ როკ- და ბლუზ-მუსიკოსებს მოუყარა თავი. შთამბეჭდავი კონცერტების სერია მოაწყო ჰარტმა გიტარისტებთან ჯეკ ბეკთან და ბადი გაისთან ერთად, მოგვიანებით კი, Slash-ის სოლო ალბომის შექმნაში მიიღო მონაწილეობა და კომპოზიცია Mother Maria ჩაწერა.
2011 წელს ბეტ ჰარტისა და ჯო ბონამასას კოლაბორაცია შედგა. ცნობილ ბლუზ-გიტარისტთან თანამშრომლობით ჰარტმა ალბომი Don’t Explain ჩაწერა, რომელმაც ეტა ჯეიმსის, ბონი ბრამლეტისა და არეტა ფრანკლინის პოპულარული კომპოზიციების ქავერები გააერთიანა, ორი წლის შემდეგ კი, ისევ ბონამასთან თანამშრომლობით გამოუშვა ალბომი Seesaw, რომელმაც ჯერ "გრემის" ნომინაცია, მერე Blues Music Award-ის პრემია მოუტანა.
წარმატებული კოლაბორაცია ევროპული საგასტროლო ტურნეთი გაგრძელდა, განსაკუთრებით საინტერესო ნიდერლანდებში მოწყობილი გამოსვლა აღმოჩნდა. სწორედ ამსტერდამში მოწყობილი კონცერტი გამოიცა მოგვიანებით ალბომად, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა რამდენად შედეგიანი შეიძლება იყოს ნიჭიერი მუსიკოსების თანამშრომლობა.