უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა შედგა - უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებით, დელეგაციამ აგრესორ ქვეყანას კვლავ ცეცხლის უპირობო შეწყვეტისა და ომში მყოფი ქვეყნების პრეზიდენტების პირდაპირი შეხვედრის პირობა წამოუყენა. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა კი განმარტა, რომ მხარეების პოზიციები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა კი ფრთხილად უნდა მომზადდეს. დელეგაციებს შორის შეხვედრას, რომელიც სტამბოლში შედგა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც ესწრებოდა. ამავდროულად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2 ივნისის შეთანხმების შესაბამისად, აგრესორმა ქვეყანამ და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს. ტყვეების გაცვლას ადასტურებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც.