კომუნიკაციების კომისიამ საქართველოში გაფართოებული ურთიერთჩართვის - IP პირინგის მომსახურებისა და ინტერნეტის გაცვლის წერტილების შესასწავლად კვლევა დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ComCom-ი კვლევაში ჩართულ ექსპერტებთან ერთად, „მაგთიკომის“, „სილქნეტის“, „ახალი ქსელების“, „კავკასუს ონლაინის“ და მცირე და საშუალო ოპერატორების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლის ფარგლებშიც, ბაზრის სპეციფიკის გაანალიზების მიზნით სიღრმისეული ინტერვიუები ჩატარდა. პროექტის მიზანია გამოვლინდეს და აღმოიფხვრას IXP-ის განვითარების შემაფერხებელი გარემოებები, რათა გაძლიერდეს კონკურენტული გარემო და მომხმარებლებმა გაუმჯობესებული ინტერნეტსერვისი მიიღონ, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ადგილობრივი ციფრული ეკოსისტემის გაძლიერებას და საქართველოს რეგიონულ ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბების პოტენციალს გაზრდის.