გამომძიებელი ლევან ბასილაძე, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირებს მძიმე ბრალდებებს უყენებს. მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა განაცხადა, რომ ბრალდებულები ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი აქციის დროს კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებებზე საუბრობდნენ. კერძოდ, როგორ დაეზიანებინათ თანამდებობის პირის, კახა კალაძის და მისი ოჯახის წევრების ქონება.გარდა ამისა, ლევან ბასილაძე ირწმუნება, რომ ვიდეო კადრებში ჩანს თუ როგორ ესვრის კიდევ ერთი ბრალდებული გიორგი გორგაძე პოლიციის თანამშრომლებს ქვებს. ადვოკატები ვიდეოს ავთენტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. უფლებამდაცვლების განმარტებით, ეჭვს ქმნის ის ფაქტი, როპმ პროკურატურის მასალაში ვიდეოს ხმა აქვს, დაცვის მხარის ვიდეოში კი არა.