შემოსავლების სამსახურმა „ბათუმელების“ ანგარიშებს ინკასო დაადო. გამოცემა „ბათუმელების“ ინფორმაციით, ოფიციალური მიზეზი ფინანსური დავალიანებაა, რომელიც 47 ათას ლარს შეადგენს. გამოცემის თანამშრომლების განცხადებით, ინკასოს დადებამდე, შემოსავლების სამსახურს ოფიციალურად მიმართეს და ითხოვეს ვალის გადასახდელად შემოეთავაზებინათ გრაფიკი, რაზეც უარი მიიღეს. ისინი ფაქტს ჟურნალისტ მზია ამაღლობელზე ზეწოლას უკავშირებენ. საკითს უკვე მოჰყვა შეფასებები. „ტერორი საქართველოში- აშკარა სასჯელის აქტი. ეს სამართლიანობა არ არის. ეს მიზანმიმართული რეპრესიაა“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემა „ბათუმელების“ ანგარიშებზე ინკასოს დადებას.