შემოსავლების სამსახური არ ადასტურებს ინფორმაციას სომხური ტვირთების ბლოკირების შესახებ საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე. განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო უწყება ავრცელებს ნათქვამია, რომ გაზრდილი ტვირთბრუნვის პირობებში, განსაკუთრებულ/აქტიურ რეჟიმში ხორციელდება საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული სანტრანსპორტო საშუალებების მიმართ ყველა საბაჟო პროცედურა, რათა შეუფერხებლად მოხდეს მათი გატარება. უწყების ცნობით, მედიაში გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალა არ ასახავს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, მათ შორის ყაზბეგის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებულ რეალურ ვითარებას, სადაც ხანმოკლე დროის განმავლობაში, სატვირთო ავტომობილების მიმართ, არსებობდა მცირე შეფერხება, რომელიც სრულად იქნა აღმოფხვრილი. შეგახსენებთ, რომ „რადიო თავისუფლების“ სომხური სამსახურის ინფორმაციით, სომხეთში ბოლო დღეებში თხევადი გაზის ფასები 40%-ზე მეტით გაიზარდა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია რუსეთიდან საქართველოს გავლით მისი იმპორტის დაბრკოლებების შესახებ. გაზის იმპორტიორი და გამყიდველი სომხური კომპანიები აცხადებენ, რომ გასული კვირიდან მათი ასობით მანქანა გაურკვეველი მიზეზით საქართველოს ხელისუფლებამ გააჩერა. შეგახსნებთ, რომ სომხურ-რუსული “სავაჭრო ომი” 18 ივნისის შემდეგ დაიწყო, როცა ერევანში პრორუსი სომეხი ოლიგარქი, სამველ კარაპეტიანი საკუთარ სახლში ხელისუფლების ხელში ჩაგდების ბრალდებით დააკავეს და ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. Forbes-ის თანახმად, 59 წლის სამველ კარაპეტიანი რუსეთის უმდიდრესი ბიზნესმენების სიაში 44-ე, ხოლო მსოფლიო მილიარდერთა სიაში 1102-ე ადგილზეა. მისი ქონება 3.2 მლრდ დოლარად არის შეფასებული. სომეხ ოლიგარქს რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნებს, მათ შორის, რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ, ვლადიმერ კოლოკოლცევს არაერთხელ უკავშირებდნენ.