მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში ეკონომიკა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8.8%-ით გაიზარდა, ხოლო მშპ-ს ზრდის მთავარი კონტრიბუტორი ტექნოლოგიები და ბიზნეს-სერვისებია - Palitra News

მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში ეკონომიკა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8.8%-ით გაიზარდა, ხოლო მშპ-ს ზრდის მთავარი კონტრიბუტორი ტექნოლოგიები და ბიზნეს-სერვისებია

2025-07-17 13:52:08+04:00

მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში ეკონომიკა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8.8%-ით გაიზარდა, ხოლო მშპ-ს ზრდის მთავარი კონტრიბუტორი ტექნოლოგიები და ბიზნეს-სერვისებია. კვლევას ამის შესახებ ინფომრაციის თავისუფლების და განვითარების ინსტიტუტი აქვეყნებს. კვლევაში ასევე ვკითხულობთ, რომ ბოლო წლებში, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ფაქტორებმა მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა. თუკი წლების წინ ეკონომიკური ზრდის ფორმირებაში წამყვანი როლი ეკავა ისეთ სექტორებს, როგორიცაა მაგალითად ვაჭრობა და მშენებლობა, დღეს მშპ-ს ზრდის მთავარი კონტრიბუტორი, როგორც უკვე გითხარით ტექნოლოგიები და ბიზნეს-სერვისებია. კვლევის ავტორების შეფასებით, ეს ცვლილებები ასახავს როგორც გლობალურ ტენდენციებს, ისე ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს. მაგალითად, თუკი 10 წლის წინ სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 60%-ს აღწევდა, 2024 წელს სექტორის ზრდის მაჩვენებელი მხოლოდ 7.4% იყო. გარდა ამისა, თუკი მშენებლობის სექტორის ზრდა 25%-ს აღემატებოდა, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 14%-ის ფარგლებშია. ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორი კი ერთ-ერთია, იმ სექტორებს შორის, რომელიც მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს. თუკი 2015 წელს სექტორის ზრდის მაჩვენებელი 9%-ის ფარგლებში იყო, 2024 წელს მან 25%-ს მიაღწია. 2025 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში დაფიქსირებული 9.2%-იანი ეკონომიკური ზრდიდან თითქმის მესამედი სწორედ ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორზე მოდიოდა.