* გრეტა თუნბერგი -
ახალგაზრდა შვედმა ეკოაქტივისტმა გრეტა თუნბერგმა, რომელმაც 2019 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონფერენციაზე გამოსვლით გაითქვა სახელი, მსოფლიო აღიარება საპროტესტო აქციებით, სწორხაზოვანი ურთიერთობის მანერით, პოლიტიკოსების მკაცრი კრიტიკითა და საკუთარი მოსაზრების პროპაგანდით მოიპოვა, თითქოს ეკოლოგიური ცვლილებების შედეგად კაცობრიობას გარდაუვალი ეგზისტენციალური კრიზისი ელის.
პირველი საპროტესტო აქცია პლაკატით "სკოლის გაფიცვა კლიმატისთვის" 15 წლის თუნბერგმა 2018 წელს მოაწყო შვედეთის პარლამენტთან, როცა ქვეყნის მთავრობას ეკოლოგიური პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებისკენ მოუწოდა. მოზარდმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და გავლენა საერთაშორისო არენაზე, მისმა აქციამ კი, რომელსაც ფართო გამოხმაურება მოჰყვა მთელ მსოფლიოში, მასობრივ ღონისძიებებს "პარასკევი მომავლისთვის" ჩაუყარა საფუძველი, რასაც გამოცემამ The Guardian-მა "გრეტას ეფექტი" უწოდა.
თუნბერგის საქმიანობა მრავალგზის აღინიშნა პრემიებით. 2019 წელს ჟურნალმა Time-მა მოზარდი აქტივისტი ჯერ "წლის ადამიანად" დაასახელა, მერე "მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის" ნუსხაში შეიყვანა, გამოცემა Forbes-მა კი, "მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ქალბატონს" შორის დაასახელა. ამასთანავე, თუნბერგი ორჯერ - 2019 და 2020 წლებში გახდა ნობელის პრემიის ნომინანტი.
* * *
გრეტა თინთინ ელეონორა ერნმან თუნბერგი 2003 წლის 3 იანვარს დაიბადა სტოკჰოლმში ოპერის მომღერლისა და თეატრის მსახიობის სვანტე და ოლაფ თუნბერგების ოჯახში. ინფორმაცია ეკოლოგიის ცვლილებების შესახებ თუნბერგმა პირველად 8 წლის ასაკში მიიღო, თუმცა ვერ მიხვდა რატომ არ ინტერესდებოდა და ცდილობდა არავინ უმწვავესი პრობლემის მოგვარებას.
11 წლის ასაკში გრეტა დეპრესიამ შეიპყრო, რომლის ფონზე ჯერ საკვების მიღებაზე, მერე ლაპარაკზე თქვა უარი. მოგვიანებით, თუნბერგს ასპერგერის სინდრომი - აუტისტური სპექტრის აშლილობა დაუდგინდა, ობსესიურ-კონვულსიური აშლილობითა და სელექტიური მუტიზმით.
ასპერგერის სინდრომი განვითარების დარღვევას გულისხმობს, როცა ნორმალური ინტელექტისა და განვითარებული მეტყველების ფონზე ბავშვი სოციალური ურთიერთობების დეფიციტით, კომუნიკაციის სირთულეებით და უცნაური, ექსცენტრიული ქცევით ხასიათდება, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა განმეორებადი, აკვიატებული აზრებით ე.წ. ობსესიებით და კომპულსიებით, ასევე რიტუალური მოქმედებებით გამოირჩევა, რაც ნეგატიურად აისახება ადამიანის შესაძლებლობებსა და ნორმალურად ქცევის უნარზე, სელექციური ანუ შერჩევითი მუტიზმი კი, შფოთვითი აშლილობაა, რომელიც კომუნიკაციის, მეტყველების უნარის შეზღუდვით გამოიხატება და ნეგატიურ გავლენას ახდენს ბავშვის აკადემიურ მოსწრებასა და სოციალურ ურთიერთობებზე.
* * *
ფსიქიკური პრობლემების მიუხედავად, თუნბერგი მაინც აქტიურად ხელმძღვანელობს ეკოლოგიურ მოძრაობას და მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მეტიც, თავად გრეტა ერთგვარ უპირატესობადაც კი მიიჩნევს საკუთარ დაავადებას, რადგან სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამს სამყაროს, მისი მშობლები კი, სწორედ ასპერგერის სინდრომს მიაწერენ მის კატეგორიულობასა და ფანატიკურ პრინციპულობას. სხვათა შორის, გრეტა მთელი ორი წელი ცდილობდა მშობლების დაყოლიებას შეეცვალათ ცხოვრების წესი და უარი ეთქვათ გარკვეულ კომფორტზე გარემოში ნახშირბადის კვალის და მავნე ნივთიერებების ზემოქმედების შესამცირებლად. შედეგად ოჯახი ვეგეტარიანული ცხოვრების წესზე გადავიდა და უარი თქვა საჰაერო ტრანსპორტზე.
თავად თუნბერგის განცხადებით, როცა ინფორმაცია დაბინძურებულ გარემოზე მშობლებისთვის ნაკლებად სარწმუნო აღმოჩნდა, გრეტამ პირდაპირ განუცხადა, რომ "საკუთარი ქცევით მომავალს ართმევდნენ", რამაც დედას საერთაშორისო ფრენებზე, შესაბამისად მუსიკოსის კარიერაზე აიძულა უარის თქმა.
* * *
2018 წლის მაისში თუნბერგი შვედური გაზეთის Svenska Dagbladet-ის მიერ ორგანიზებული კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა სტატიით კლიმატურ ცვლილებებზე, მოგვიანებით კი, ეკოლოგიური ორგანიზაციის Fossilfritt Dalsland-ის აქტივისტი ბუ თორენი გაიცნო, რომელმაც ორგანიზაციის შეხვედრაზე მიიწვია, მერე კი, სკოლის მოსწავლეების გაფიცვის მოწყობა შესთავაზა კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ.
მართალია, გრეტა დიდხანს ცდილობდა თანაკლასელების დარწმუნებას და მასშტაბური აქციის მოყწობას, მაგრამ როცა ვერავინ დააინტერესა საკუთარი წამოწყებით, გაფიცვის დამოუკიდებლად მოწყობა გადაწყვიტა. 2018 წლის აგვისტოს ბოლოს, როცა შვედეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ზაფხულის შემდეგ ხანძრებმა ტყის უზარმაზარი მასივები გაანადგურეს, მე-9 კლასში გადასულმა თუნბერგმა საპარლამენტო არჩევნებამდე სკოლისთვის ბოიკოტის გამოცხადება გადაწყვიტა. გრეტა სამი კვირის მანძილზე აპროტესტებდა პარლამენტთან ხელისუფლების უმოქმედობას პლაკატით "სკოლის გაფიცვა კლიმატისთვის" და ჯიუტად მოითხოვდა, რომ ჩინოვნიკებს დროულად გაემახვილებინათ ყურადღება ეკოლოგიურ პრობლემებზე.
* * *
ფოტოები პირველი გაფიცვიდან, რომლებიც თუნბერგმა საკუთარ Instagram-გვერდზე გამოაქვეყნა, სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელში, რისი წყალობით სხვა აქტივისტებიც შეუერთდნენ მის გაფიცვას. გრეტას აქციით შვედეთის უმსხვილესი გამოცემები და ტელეარხებიც დაინტერესდნენ, რომელთაც მის გაფიცვას საერთაშორისო არენაზე გაუწიეს პოპულარიზაცია.
ერთ-ერთი პირველი, ვინც სერიოზული წვლილი შეიტანა თუნბერგზე ინფორმაციის გავრცელებაში PR-სპეციალისტი ინგმარ რენტცჰოგი იყო, რომელმაც საკუთარი ინტერნეტ-პლატფორმა We Don’t Have Time შექმნა ეკოაქტივისტებისთვის და მილიონ დოლარზე მეტი მოაგროვა თუნბერგის სახელი გამოყენებით, თუმცა თავად გრეტას არაფერი მიუღია სოლიდური თანხიდან, რაც მოგვიანებით მისმა მშობლებმა გააპროტესტეს და დაიჩივლეს, რომ რენტცჰოგმა გაფრთხილების გარეშე გამოიყენა გრეტას სახელი კომერციული მიზნებისთვის.
* * *
ფინანსური კონფლიქტის მიუხედავად, სწორედ რენტცჰოგის წყალობით შეიძინა თუნბერგის აქციამ მასობრივი დემონსტრაციების ხასიათი ევროპის მსხვილ ქალაქებში. ახალგაზრდა აქტივისტი ყოველ პარასკევს აწყობდა გაფიცვებს და ხმაურიან საჯარო გამოსვლების, რაც 20 ათასამდე სკოლის მოსწავლისა და სტუდენტისთვის იქცა მოტივაციად ანალოგიური აქციები გაემართათ მსოფლიოს 270-მდე ქალაქში.
ფართო რეზონანსი გამოიწვია თუნბერგის გამოსვლამ 2019 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონფერენციის პლენარულ სხდომაზე, როცა გრეტამ მსოფლიო ლიდერებს მიმართა და თამამად განუცხადა, რომ "არასაკმარისად ზრდასრულები იყვნენ სიმართლის სათქმელად და რომ მათმა უპასუხისმგებლობამ მის თაობას ბავშვობა მოპარა". მოგვიანებით თუნბერგი ევროპის სოციალურ-ეკონომიკური კომიტეტის კონფერენციას ეწვია, სადაც ჩვეული კატეგორიულობით მოუწოდა ევროპელ ჩინოვნიკებს მოქმედებისკენ, ბერლინში, ბრანდენბურგის ჭიშკართან მოწყობილ მანიფესტაციაზე კი, სადაც სპეციალური პრიზით Goldene Kamera-თი დაჯილდოვდა, ცნობილ პერსონებს მოუწოდა გაერთიანებისა და ეკოლოგიური კრიზისის დაძლევისთვის ბრძოლისკენ.
2019 წლის აპრილში თუნბერგს რომის პაპმა ფრანცისკემ უმასპინძლა ვატიკანში, რომელმაც მოიწონა მისი აქტიურობა და საქმიანობის გაგრძელება ურჩია. მაისის თვეში გრეტა არნოლდ შვარცენეგერს, გაეროს გენერალურ მდივანს ანტონ გუტიერიშს და ავსტრიის პრეზიდენტს ალექსანდრ ვან დერ ბალენს შეხვდა შვარცენეგერის მოწყობილ კონფერენციაზე, რომლის დასრულების შემდეგ ამერიკაში გადაწყვიტა გაემგზავრება.
* * *
მართალია, ინგლისის ქალაქ პლიმუტიდან ნიუ-იორკისკენ თუბერგმა მზის ბატარეებით აღჭურვილი იალქნიანი იახტით გადაწყვიტა ატლანტის ოკეანის გადალახვა, მაგრამ მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ იახტის ეკიპაჟმა გრეტას ჩათვლით თვითმფრინავით ისარგებლა, რამაც ეკოლოგი აქტივისტის საქმიანობის მიმართ ყოველთვის სკეპტიკურად განწყობილი პუბლიკის აღშფოთება გამოიწვია, მით უფრო, რომ თავად თუნბერგს არც უფიქრია კომენტარის გაკეთება და ეჭვების გაქარწყლება.
სექტემბრის თვეში მოზარდი ეკოლოგი შეერთებული შტატების კონგრესში, წარმომადგენლობითი პალატის წინაშე წარსდგა სიტყვით, თუმცა ტრადიციული კრიტიკისა და ემოციური ბრალდებების ნაცვლად ექსპერტების მიერ სპეციალურად მომზადებული მოხსენება გააცნო სენატორებს, მოგვიანებით კი, სხვა მოზარდებთან ერთად იუნისეფის ოფისში შემდგარ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ოფიციალური საჩივარი შეჰქონდა იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომელთა ლიდერები ვერ ახერხებენ კლიმატური კრიზისის დაძლევას, რადგან საკუთარი უუნარობით ბავშვთა უფლებებს არღვევდნენ.
* * *
მართალია, 2020 წელს COVID-19-ის გავრცელების ფონზე თუნბერგს ტრადიციული გამოსვლების დროებით შეწყვეტა და აქტიურობის მეტწილად სოციალურ ქსელში გადატანა მოუწია, მაგრამ 20 აგვისტოს მაინც აღნიშნა მეგობრებთან ერთად "სკოლის გაფიცვების" 2 წლისთავი გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან შეხვედრით, პანდემიის დასრულების შემდეგ კი, მისი ინტერესები საგრძნობლად გაფართოვდა და ეკოლოგიასთან ერთად პოლიტიკაც მოიცვა.
2022 წლის თებერვალში თუნბერგმა რუსეთის უკრაინაში შეჭრა გააპროტესტა, ერთი წლის შემდეგ კი, ისრაელის სამხედრო მოქმედებების წინააღმდეგ გაილაშქრა ღაზას სექტორში. 2024 წლის ნოემბრის თვეში ეკოაქტივისტი თბილისს ეწვია და ანტისამთავრობო აქციაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო ეკოლოგიასთან, გასულ თვეში, უნგრელ აქტივისტებს შეუერთდა და მათთან ერთად გააპროტესტა LGBT-აღლუმის აკრძალვა, მანამდე კი, ისრაელის ხელისუფლებასთან მოუვიდა კონფლიქტი.
2025 წლის ივნისის დასაწყისში სიცილიიდან გემმა Madleen-მა აიღო გეზი. 12 პროპალესტინელი აქტივისტი თუნბერგის ხელმძღვანელობით, რომელთაც "თავისუფლების ფლოტილია" უწოდეს საკუთარ თავს, ღაზას სექტორში გეგმავდა ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანას, თუმცა ისრაელის მთავრობამ ექსპედიციის განზრახვა ღაზას სექტორის საზღვაო ბლოკადის დარღვევისა და ჰამასის საქმიანობის ხელშეწყობის მცდელობად მიიჩნია, ამიტომ 9 ივნისის ღამეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს და Madleen დააკავეს.
"ისრაელის ოკუპაციურმა ძალებმა საერთაშორისო წყლებში დაგვაკავეს და გაგვიტაცეს. მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს, ოჯახის წევრებს და მხარდამჭერებს აიძულონ შვედეთის მთავრობას ჩვენი მაქსიმალურად სწრაფად გათავისუფლება", - განაცხადა თუნბერგმა, რომელიც 12 ივნისს სხვა პროპალესტინელ აქტივისტებთან ერთად გათავისუფლდა და მისივე მოძულებული "საჰაერო ტრანსპორტით" იქნა დეპორტირებული სამშობლოში.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა Madleen-ს "სელფის იახტა" უწოდა, რომელიც აქტივისტების თვითრეკლამას უფრო ემსახურებოდა, ვიდრე ჰუმანიტარულ მისიას, რადგან ხომალდის ბორტზე იმაზე ბევრად ნაკლები ტვირთი იყო, ვიდრე "მისიონერებმა" განაცხადეს ოფიციალურად, თუმცა ისრაელის ხელისუფლებამ თუნბერგი დაამშვიდა და დაარწმუნა, რომ მისი ჰუმანიზმი არ დარჩება უყურადღებოდ და დახმარება აუცილებლად მიაღწევდა ადრესატამდე.
* * *
აღსანიშნავია, რომ თუნბერგის აქციები სულ უფრო ხშირად იმსახურებს კრიტიკას, მით უფრო, რომ მისმა საქმიანობამ თავიდანვე არაერთგვაროვანი შეფასება დაიმსახურა, რადგან მომხრეებთან ერთად მოწინააღმდეგეც მრავლად გამოუჩნდა. არსებობს მოსაზრება, რომ თუნბერგის საზოგადოებრივი საქმიანობა მხოლოდ შირმაა იმ ლობისტებისთვის, ვისაც აბსოლუტურად განსხვავებული მიზნები აქვს, ახალგაზრდა აქტივისტს კი, მხოლოდ საკუთარ ინტერესებისთვის იყენებს. მსგავსი მოსაზრება განსაკუთრებით მაშინ გახდა აქტუალური, როცა თუნბერგის საქმიანობა ეკოლოგიას გასცდა და მანამდე მისთვის ნაკლებად საინტერესო პროცესებში ჩაება. ამასთანავე, ექსპერტები ხშირად აღნიშნავენ, რომ ახალგაზრდა აქტივისტის ცოდნა ეკოლოგიასა და წარმოდგენა სამყაროზე საკმაოდ შეზღუდული და ზედაპირულია, ამიტომ "მისი სერიოზულად აღქმა ძალიან არასერიოზულია".