* რობერტ პლანტი -
მართალია, ბრიტანელმა როკ-ვოკალისტმა რობერტ პლანტმა ლეგენდარული Led Zeppelin-ის შემადგენლობაში მოიპოვა პოპულარობა, მაგრამ არც ჯგუფის დაშლის შემდეგ თქვა უარი მუსიკაზე და ბრწყინვალე სოლო კარიერა გაიკეთა.
* * *
რობერტ ენტონი პლანტი 1948 წლის 20 აგვისტოს დაიბადა ბირმინგემში. მამის სურვილით, რომელსაც ძალიან უნდოდა, რომ შვილს საბუჰხალტრო საქმე შეესწავლა, საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ 16 წლის პლანტმა კოლეჯში ჩააბარა, მაგრამ ორ კვირაში მიხვდა, რომ ვერასდროს დაუდებდა გულს უინტერესო, რუტინული საქმეს, ამიტომ უარი თქვა სწავლის გაგრძელებაზე და სერიოზულად დაინტერესდა მუსიკით, რომელიც ბავშვობიდან იტაცებდა.
სხვათა შორის, 2020 წელს, საკუთარი არქივების თვალიერებისას, მუსიკოსმა 1967 წელს გამოგზავნილ გაუხსნელ წერილს მიაგნო, რომელშიც დედა სწავლის გაგრძელებას თხოვდა. პლანტის აღიარებით, წერილი საოცრად გულისამაჩუყებელი აღმოჩნდა და თავის დროზე რომ გაეხსნა, ალბათ მის თხოვნას გაითვალისწინებდა.
* * *
მართალია, დღეს Led Zeppelin წარმოუდგენელია პლანტის გარეშე, მაგრამ მუსიკოსი პრაქტიკულად შემთხვევით მოხვდა კოლექტივში. ჯგუფის The Yardbirds-ის დაშლის შემდეგ ჯიმი პეიჯმა ტერი რიდს შესთავაზა სოლისტობა, თუმცა მან უარი თქვა შეთავაზებაზე და ახალგაზრდა მუსიკოსს გაუწია რეკომენდაცია, რომელიც იმ პერიოდში ჯგუფში Band of Joy-ში ირიცხებოდა. სხვათა შორის, Band of Joy-იდნ Led Zeppelin-ში არა მხოლოდ პლანტი, არამედ დრამერი ჯონ ბონემიც გადავიდა.
პლანტის მოსასმენად პეიჯი ბირმინგემის პედაგოგიურ კოლეჯს ეწვია, სადაც ჯგუფი Band of Joy მართავდა კონცერტს. გარდამტეხი Jefferson Airplane-ის ცნობილი კომპოზიცია Somebody to Love აღმოჩნდა პლანტის შესრულებით, რომლის მოსმენის შემდეგ პეიჯი მის პროფესიონალიზმში დარწმუნდა, თუმცა ეჭვი გაუჩნდა, რომ მუსიკოსს აუტანელი ხასიათი ექნებოდა, რადგან სხვა შემთხვევაში მსგავსი ვოკალური შესაძლებლობების პატრონი დიდი ხნის ადრე შეძლებდა აღიარების მოპოვებას. პეიჯმა ფრთხილად სცადა უცნობ მუსიკოსთან ურთიერთობის გაბმა და ძალიან გაუკვირდა, როცა პლანტი მოსაუბრეც შესანიშნავი აღმოჩნდა და იუმორის გრძნობაც არაჩვეულებრივი აღმოაჩნდა.
* * *
ტრადიციული როკის პარალელურად, პლანტს ძალიან უყვარს ფოლკლორული მუსიკა, რასაც მისი ნამუშევრებიც მოწმობენ. სწორედ კლასიკურ ფოლკს მიეკუთვნება ქავერი Babe I’m Gonna Leave You, რომელიც 1969 წელს გამოსულ ალბომში Led Zeppelin I შევიდა და The Battle of Evermore ალბომიდან Led Zeppelin IV. მეტიც, პლანტის სადებიუტო ჯგუფის Band of Joy-ს რეპერტუარს მეტწილად სწორედ ფოლკლორული ბალადები შეადგენდა.
თუმცა, სრული მასშტაბით საყვარელი ჟანრი პლანტის სოლო შემოქმედებაში გამოვლინდა, როცა ცნობილ მევიოლინესა და მომღერალს ელისონ კრაუსს შესთავაზა თანამშრომლობა და 2007 წელს, სწორედ მასთან ერთად ჩაწერა ალბომი Raising Sand, რომელმაც "გრემის" პრემია დაიმსახურა. სამწუხაროდ, ბრწყინვალე კარიერის მიუხედავად Led Zeppelin-ს ნაკლებად სწყალობდა ამერიკის ხმისჩამწერი აკადემია, პლანტის კი, პირიქით, ძალიან გაუმართლა, რადგან მისი ალბომი ერთდროულად ხუთი ჯილდოთი აღინიშნა "წლის ალბომისა" და "წლის ჩანაწერის" ნომინაციების ჩათვლით. განსაკუთრებული პოპულარობა კომპოზიციამ Please Read The Letter-მა მოიპოვა ამავე ალბომიდან, რომელიც მელომანებთან ერთად კრიტიკამაც დადებითად შეაფასა.
* * *
როგორც ყველა ჭეშმარიტი ბრიტანელი, პლანტიც ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია. მეტიც, 2009 წელს მუსიკოსი კლუბის Wolverhampton Wanderers-ის ვიცე-პრეზიდენტი გახდა. ვულვერჰემპტონის გუნდს, რომლის ოქროს ხანა 1950-იან წლებს დაემთხვა, პლანტი ბავშვობიდან გულშემატკივრობდა, როცა მამასთან ერთად სტუმრობდა სტადიონს, "ძალიან მიყვარდა მამასთან ერთად ფეხბურთის ყურება. საოცარი გულშემატკივრობა იცოდა, კისრიდან ეწყებოდა სიწითლე და ისე ყვიროდა, სულ მეშინოდა, რომ გული გაუსკდებოდა. კლუბის პრეზიდენტობასაც ერთი მხრივ, მათი ბრწყინვალე შედეგების, მეორე მხრივ, მამას პატივისცემით დავთანხმდი", - აღნიშნა მუსიკოსმა.
სხვათა შორის, საკუთარი კერპი, კლუბის კაპიტანი ბილი რაიტი პლანტმა მრავალი წლის შემდეგ გაიცნო, როცა თვითონ აღიარებული მუსიკოსი, რაიტი კი, უკვე ვეტერანი ფეხბურთელი იყო, თუმცა მუსიკოსზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება დატოვა საკუთარ კერპთან შეხვედრამ, რომ გულაჩუყებული ატირდა პატარა ბავშვივით.
საინტერესო შეხვედრა ჰქონდა მუსიკოსს კიდევ ერთ ლეგენდასთან - ელვის პრესლისთან, რომელსაც ყოველთვის მოსწონდა Led Zeppelin-ის შემოქმედება. როკ-ენ-როლის მეფეს ჯგუფი 1974 წელს შეხვდა ლოს-ანჯელესში, ახალი ლეიბლის Swan Song-ის პრეზენტაციისა და საკონცერტო დარბაზის Forum-ის გახსნაზე, სადაც პირველმა სწორედ პრესლიმ მოაწყო კონცერტი.
მართალია, პრესლის ძალიან გაუჭირდა The Beatles-ის წევრებთან საერთო ენის გამონახვა, მაგრამ დიდად ისიამოვნა Led Zeppelin-თან შეხვედრით. "ელვისს არ უყვარდა ადამიანებთან ურთიერთობა, მაქსიმუმ 10 წუთი თუ ისაუბრებდა ვინმესთან, ჩვენთან კი, მთელი 2 საათი დარჩა. მშვენიერი დრო გავატარეთ, მით უფრო, რომ მისი მამაც გავიცანით, რომელიც ყველგან თან ახლდა ელვისს", - მოგვიანებით გაიხსენა პლანტმა.
* * *
უცნაურია, მაგრამ 8-წუთიანი ეპიკური კომპოზიცია Stairway to Heaven ალბომიდან Led Zeppelin IV, რომელიც ჯგუფის ერთ-ერთ ცნობილ ნამუშევრად და თაყვანისმცემლების საყვარელ სიმღერად ითვლება, ძალიან არ უყვარს თავად პლანტს. მეტიც, 2002 წელს მუსიკოსმა 10 ათასი დოლარიც კი გადაუხადა ამერიკულ რადიოსადგურს KBOO-ს, რათა არასდროს გაეშვათ სიმღერა ეთერში, თუმცა, 2019 წელს აღიარა, რომ საერთო ჯამში Stairway to Heaven კარგი კომპოზიციაა საინტერესო ინსტრუმენტული ჟღერადობით, მაგრამ ძალიან არ მოსწონს საკუთარი ვოკალი, ამიტომ ყოველთვის თავს არიდებს მის მოსმენას.