ბანგლადეშში, ახალგაზრდების მიერ ორგანიზებულ “ეროვნულ მოქალაქეთა პარტიის“ აქციაზე არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. - მომხდარს დროებითი მთავრობის მეთაური გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მშვიდობიანი აქციის დროს “ეროვნულ მოქალაქეთა პარტიის“ წევრებს, პოლიციას და მედიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ, დაზიანდა მანქანები და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ცალკეულ პირებს. მთავრობის მეთაურმა მომხდარ ძალადობაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური პარტია და მისი სტუდენტური ჯგუფი დაადანაშაულა. ხელისუფლებამ დაპირისპირების გამო კომენდანტის საათი დააწესა. ქვეყანაში არეულობა გასულ წელს მას შემდეგ დაიწყო, რაც სტუდენტური საპროტესტო მოძრაობის წევრებმა ხელისუფლებას, პარლამენტის დაშლის მოთხოვნით ულტიმატუმი წაუყენეს. სტუდენტური პროტესტის შედეგად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა 15-წლიანი მმართველობის შემდეგ თანამდებობა დატოვა და ინდოეთში გაიქცა, ხოლო, მისი წასვლის შემდეგ მთავრობამ დაპირებული რეფორმები არ გაატარა, რამაც მზარდი პროტესტი და პოლიტიკური დაპირისპირება გამოიწვია.