ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი „ქართულ ოცნებას“ რეკომენდაციებს უგზავნის. მმართველ გუნდს მათ შესასრულებლად ვადა აგვისტოს ბოლომდე განესაზღვრა. კალასის თქმით, რეკომენდაციების შეუსრულებლობას, ევროკავშირის მხრიდან შედეგები მოჰყვება. ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, ქართულმა ოცნებამ საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა უნდა უზრუნველყოს. ხელისუფლების ოპონენტებს იმედი არ აქვთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციების შესრულებაზე მზაობა ექნება. მათი თქმით, თუ ქართველი ხალხი ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვარს - ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას დაკარგავს, პასუხისმგებლობა სრულად ქართულ ოცნებას დაეკისრება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მოსაზრებას იზიარებენ ექსპერტებიც.