სტაბილურად მძიმეა იმ ქალის მდგომარეობა, რომელიც გუშინ „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შენობიდან სახურავის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაშავდა - ის კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე სამუშაოები გრძელდება. როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, ავარიული კორპუსიდან გამოსახლებულ მოქალაქეებთან აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს, რათა მათთვის აუცილებელი ნივთები შენობიდან უსაფრთხოდ გამოიტანონ. დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატის ინფორმაციით, აღნიშნული კორპუსის გამაგრების სამუშოები 2017 წელს ჩატარდა - მისივე თქმით, მოსახლეობას არაერთხელ შესთავაზეს ჩანაცვლება, თუმცა მათგან 100%-იანი თანხმობა ვერ მიიღეს. ოპოზიცია სისხლის სამართლის დანაშაულისა და სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტებზე საუბრობს. დღეს „სადგურის მოედანთან“ საცხოვრებელ კორპუსში ნგრევის საკითხზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროკურატურაში განცხადება შეიტანა. ისინი კახა კალაძის და თბილისის მერიის „დანაშაულებრივი უმოქმედობის“ გამოძიებას ითხოვენ.