მთავრობა შრომის ბაზარს შეისწავლის. ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, შრომით ბაზარზე კვალიფიციური კადრების საკითხი კვლავაც პრობლემურია. სწორედ ამიტომ, შესყიდვის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოებში იმის გამოკვლევა, თუ რა ცოდნისა და გამოცდილების ადამიანური კაპიტალი სჭირდება ბიზნესს. ეკონომიკის სამინისტრო თავის გადაწყვეტილებას იმით ასაბუთებს, რომ საქართველოს შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული შეუსაბამობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. „მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში დაბალია მოთხოვნის კომპონენტი, უმთავრეს პრობლემას კვლავ შრომის ბაზარზე სასურველი უნარების მქონე კვალიფიციური კადრის მოძიება ქმნის. ეს კი ნეგატიურად აისახება ბიზნესის განვითარებასა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე. იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ რა ცოდნისა და უნარების საჭიროებაა შრომის ბაზარზე საბაზრო ეკონომიკის პირობებში, აუცილებელია გამოვავლინოთ კერძო სექტორის მოთხოვნები ადამიანური კაპიტალის საჭიროებისა და განვითარების კუთხით“ - ნათქვამია განმარტებით ბარათში, რომელიც გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვას ახლავს თან. გამარტივებული შესყიდვის ღირებულება 374 809 ლარია, ვადები კი 2025 წლის 21 ივლისიდან 21 ნოემბრის პერიოდს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონი 2025 წლის ივნისის ბოლოს დაამტკიცა. კანონით გათვალისწინებული ცვლილებების ნაწილი ეხება შრომით ბაზარსაც. მაგალითად, უცხოელთა დასაქმებისთვის ნებართვა იქნება საჭირო. ამასთანავე უცხოელ სამუშაო ძალას მუშაობის უფლება მხოლოდ იმ პირობებში შეეძლება, როდესაც კონკრეტულად სამუშაო ადგილზე ადგილობრივი კვალიფიციური კადრი არ იქნება ხელმისაწვდომი. შესაბამისად, შრომის ბაზრის კვლევა შესაძლოა სწორედ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს უკავშირდებოდეს