ბათუმის საქალაქო სასამართლოში "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი გამოიკითხა. როგორც ამაღლობელმა ჩვენების მიცემისას აღნიშნა, პოლიციის სამმართველოში ყველა მომართული იყო, რომ მას არაადამიანურად მოქცეოდა. ამაღლობელმა ისაუბრა დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძესთან შეხვედრის შესახებაც. მისი სიტყვებით, სამართალდამცავებს რომ არ შეეჩერებინათ, ირაკლი დგებუაძე მას სცემდა. მზია ამაღლობელის განცხადებით, დგებუაძისთვის ხელის გარტყმა მისი მხრიდან იმპულსური რეაქცია იყო. სასამართლო სხდომაზე რამდენჯერმე ადგილი ჰქონდა მზია ამაღლობელსა და პროკურორებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას. სასამართლოს ევროკავშირის, დანიის, შვედეთის, ესტონეთისა და საფრანგეთის საელჩოების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ნინო სახელაშვილმა არ დააკმაყოფილა ადვოკატების მიერ დაყენებული ორი შუამდგომლობა, გამოკითხულიყვნენ ირაკლი კობახიძე და დეპუტატი ნინო წილოსანი.