ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 15 ივლისს, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოზე შეიკრიბებიან და საქართველოს საკითხს კიდევ ერთხელ განიხილავენ. მიუხედავად იმისა, რომ საკვანძო საკითხებზე - მაგალითად, „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებაზე, - კვლავ არ არის კონსენსუსი, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, წევრ ქვეყნებს შორის მწიფდება მოსაზრება, რომ ქმედითი ნაბიჯები დროულად უნდა გადაიდგას. ამავდროულად, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში აქტიურად განიხილება ევროპარლამენტის მიერ მიღებული მორიგი რეზოლუცია. ხელისუფლების ოპონენტებს დასავლელი პარტნიორების მხრიდან გაჟღერებული განცხადებები აფიქრებინებს, რომ შემდეგი ეტაპი სანქცირების მასშტაბის გაზრდა და სხვა ქმედითი ნაბიჯები იქნება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პერსონალური სანქციების მნიშვნელიბაზეც საუბრობენ და ამბობენ რომ შესაძლოა ევროკავშირის მხრიდან დაწესებული სანქციების სამიზნე ქართველი მოსამართლეებიც აღმოჩნდნენ. პოზიციას არ იცვლიან სახელისუფლებო გუნდში და ევროპარლამენტის მხრიდან მიღებულ რეზოლუციას სამარცხვინოს უწოდებენ.