ალინა მორსი, პრინცესა შარლოტა, ჯორდან კეისი და ვალენტინა პალომა პინო - იმ მოზარდების კატეგორიას მიეკუთვნებიან, ვისი "ჯიბის ფული" მილიონებს აღწევს, საბანკო ანგარიშები კი, ასაკის მატებასთან ერთად იზრდება - Palitra News

ალინა მორსი, პრინცესა შარლოტა, ჯორდან კეისი და ვალენტინა პალომა პინო - იმ მოზარდების კატეგორიას მიეკუთვნებიან, ვისი "ჯიბის ფული" მილიონებს აღწევს, საბანკო ანგარიშები კი, ასაკის მატებასთან ერთად იზრდება

2025-07-10 11:25:05+04:00

* მსოფლიოს ყველაზე მდიდარი მოზარდები და ახალგაზრდები (ნაწილი II) -

ალინა მორსი, პრინცესა შარლოტა, ჯორდან კეისი და ვალენტინა პალომა პინო - იმ მოზარდების კატეგორიას მიეკუთვნებიან, ვისი "ჯიბის ფული" მილიონებს აღწევს, საბანკო ანგარიშები კი, ასაკის მატებასთან ერთად იზრდება. რა თქმა უნდა, ზოგს გაუმართლა და დაბადებისთანავე უზარმაზარი კაპიტალის მფლობელი გახდა, ზოგმა კი, მშობლების ბიზნესის წყალობით მიიღო მილიონები, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ბავშვობაში შეძლო საკუთარი შრომით იმაზე მეტი ფულის შოვნა, ვიდრე ზრდასრულები ახერხებენ მთელი ცხოვრების მანძილზე.

* ჯორდან კეისი (Jordan Casey) -

ირლანდიელი ვუნდერკინდი ჯორდან კეისი 9 წლის ასაკში გაიტაცა პროგრამირებამ. მართალია, თავიდან მშობლები ძალიან წუხდნენ, რადგან ჯორდანი მთელ დროს კომპიუტერთან ატარებდა და სხვა არაფრით ინტერესდებოდა, მაგრამ მოგვიანებით, როცა გატაცება შემოსავლიან საქმედ იქცა, წუხილი სიხარულით შეიცვალა.

12 წლის მოზარდმა ორიგინალური კომპიუტერული თამაში "უცხოპლანეტური ბურთები ადამიანების წინააღმდეგ" შექმნა, რომელიც სამ დღეში იქცა iTunes-ზე ბესტსელერად, ორი წლის შემდეგ კი, პირველი მსხვილი პროექტი წამოიწყო, რომლის წარმატებით განხორციელებამ საკუთარი კომპანიის დაარსების საშუალება მისცა. მართალია, მოზარდს ძალიან გაუჭირდა ინვესტორების მოძიება, რადგან არც ასაკი ჰქონდა შესაფერისი, არც განათლება, ამიტომ არავინ მოინდომა მისი წამოწყების დაფინანსება, მაგრამ საკუთარი სერიოზულობისა და მიზანდასახულობის წყალობით საბოლოოდ მაინც შეძლო რამდენიმე მსხვილი ინვესტორის მოძიება, ვინც მხარი აუბა მის წამოწყებას.

ბიზნესის მართვისთვის ჯორდანმა მშობლები დაიქირავა, რომელთაც თავიდან წარმოუდგენლად მოეჩვენათ სამსახურის დატოვება და მოზარდი შვილის ხელმძღვანელობით მუშაობა, თუმცა კეისის წამოწყებამ ამ შემთხვევაშიც გაამართლა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ დაინტერესდა პროგრამირებით, ჯორდანმა გულწრფელად აღიარა, რომ ყოველთვის უჭირდა თანატოლებთან ურთიერთობა, კომპიუტერთან კი, ბევრად მარტივი აღმოჩნდა საერთო ენის გამონახვა, "თავიდან მხოლოდ ვთამაშობდი, მერე კი გადავწყვიტე, რომ სერიოზულად უნდა შემესწავლა ეს საქმე. შესაბამისი ლიტერატურა წავიკითხე, უამრავი სტატია მოვიძიე სხავადასხვა საიტზე და ძალიან სასარგებლო სასწავლო პროგრამა ვნახე YouTube-ზე. რა თქმა უნდა, მაშინ წარმოდგენა არ მქონდა, რომ ბავშვური გატაცება მთელი ჩემი ცხოვრების საქმე გახდებოდა, მაგრამ როცა პირველმა თამაშმა პოპულარობა მოიპოვა, მივხვდი, რომ უამრავი საინტერესოს გაკეთება შემეძლო ამ სფეროში", - აღნიშნა კეისიმ, რომლის მთავარ მოტივაციად ადამიანებისთვის სასარგებლო პროგრამების შექმნა იქცა.

დღეს, 25 წლის კეისი საკუთარი IT-კომპანიის მფლობელია და ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მუშაობს, რომელთა შორის განსაკუთრებულ ინტერესს პედაგოგებისთვის შექმნილი Teach Ware იმსახურებს, რომელიც სკოლის მასწავლებლებს მოცულობითი ინფორმაციის ქსელში შენახვის საშუალებას აძლევს და საბავშვო პროექტი Kids Code, რომელიც მოზარდებს თამაშთან ერთად პროგრამირების შესწავლას სთავაზობს. მართალია, ახალგაზრდა ბიზნესმენი ყოველთვის თავს იკავებს საკუთარ კაპიტალზე საუბრისგან, მაგრამ ექსპერტების მტკიცებით, მისი კომპანიის ყოველწლიური შემოსავალი საშუალოდ 40 მილიონ დოლარს აღწევს.

* ვლენტინა პალომა პინო (Valentina paloma pinault) -

რა თქმა უნდა, როცა მდიდარი ჰოლივუდელების მემკვიდრეებზეა საუბარი, ერთ-ერთი პირველი ყველას სელმა ჰეკის ერთადერთი შვილი ვალენტინა პალომა პინო ახსენდება, რომელიც მსახიობმა 41 წლის ასაკში გააჩინა. მართალია, მედიკოსები შიშობდნენ, რომ დედის სოლიდური ასაკი შვილის ჯანმრთელობაზე აისახებოდა ნეგატიურად, მაგრამ საბედნიეროდ, ვალენტინა ჯანმრთელი დაიბადა და დღეს არა მხოლოდ ბედნიერი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მოზარდია მსოფლიოში.

12-მილიონიანი მემკვიდრეობა, რომელიც წლების მანძილზე სულ უფრო "მსხვილდება", გოგონამ 7 წლის ასაკში მიიღო მამისა და ბაბუის, ცნობილი ფრანგი ბიზნესმენების ფრანსუა და ანრი პინოების წყალობით, რომელთაც დიდი ხანია დაიმკვიდრეს ადგილი Forbs-ის შეძლებულთა ნუსხაში. აღსანიშნავია, რომ პინოების დინასტია უმსხვილეს კომპანიას Kering-ს უდგას სათავეში, რომელიც ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, საგალანტერიო და ტყავის ნაწარმის წარმოებაზე სპეციალიზირდება.

წარმოუდგენელი ფუფუნებითა და პრივილეგიებით განებივრებულმა ვალენტინამ, რომელიც სოლიდური უძრავი ქონების მფლობელია, რადგან ლოს-ანჯელესის სახლის გარდა, აპარტამენტებს ფლობს ნიუ-იორკსა და პარიზში, კარგად იცის როგორი უნდა იყოს იდეალური გარდერობი, პერსონალურად მისთვის მომზადებული სადილი დელიკატესებით და რესპექტაბელური წვეულება შოუბიზნესის ვარსკვლავებთან ერთად, მით უფრო, რომ ყველგან თან ახლავს დედას და სისტემატურად სტუმრობს გალა-კონცერტებსა და კონოპრემიერებს.

მართალია, მდიდარი მემკვიდრე, რომელიც დღეს 18 წლისაა, ადრეული ასაკიდან შეეჩვია, რომ მშობლები ყველა სურვილს უსრულებდნენ და არაფერზე ეუბნებოდნენ უარს, ამიტომ ყოველთვის თავის ჭკუაზე ატარებდა უფროსებს, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად დასერიოზულდა და კაპრიზებიც ნაკლებად აქვს. მისი დედის, სელმა ჰეიკის განცხადებით, ვალენტინა, რომელიც ბავშვობიდან ვერ იტანდა უწესრიგობას, მანამდე ტიროდა და მიანიშნებდა თითით არეულ ნივთებზე, სანამ ყველაფერი იდეალურად არ მოწესრიგდებოდა, საოცრად პრაქტიკული და ორგანიზებულია. მეტიც, მოზარდი სერიოზულად ინტერესდება ოჯახური ბიზნესით და სავარაუდოდ, სწორედ ის გადაიბარებს მამისა და ბაბუის მრავალმილიონიან იმპერიას, მით უფრო, რომ 18 წლის ასაკშიც უამრავი საინტერესო იდეაა აქვს, რომელთა განხორციელებას უახლოეს მომავალში გეგმავს ოჯახის წევრების დახმარებით.

* ალინა მორსი (Alina Morse) -

ალინა მორსმა, რომელმაც 7 წლის ასაკში გადაწყვიტა საკუთარი ბიზნესის დაწყება, "ტკბილი გზა" აირჩია წარმატების მისაღწევად. რა თქმა უნდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მამასთან ერთად ბანკის სტუმრობა და საჩუქრად მიღებული კარამელის კანფეტი ჯოხზე რადიკალურად შეცვლიდა მორსების ოჯახის ცხოვრებას, მაგრამ სწორედ ტკბილეული იქცა ალინასთვის მთავარ მოტივაციად და შთაგონების წყაროდ.

მართალია, "ტკბილმა საჩუქარმა" ძალიან გაახარა პატარა ალინა, მაგრამ მამამ კატეგორიულად აუკრძალა კბილებისთვის საზიანო კანფეტის მირთმევა. "მაშინ ვკითხე საკუთარ თავს რატომ არ შეიძლებოდა ისეთი ტკბილეულის გამოგონება, რომელიც სასარგებლო იქნებოდა ბავშვების ჯანმრთელობისთვის", - მოგვიანებით აღნიშნა ალინამ, ვისთვისაც იმდენად საინტერესო აღმოჩნდა მცირეწლოვანი ბავშვისთვის ერთი შეხედვით ზედმეტად სერიოზული თემა, რომ გულდასმით შეუდგა მის შესწავლას.

ალინა ჯერ მშობლების დახმარებით იკვლევდა ტკბილეულის შემადგენლობას, მერე კი, დამოუკიდებლად შეუდგა სუპერმარკეტებში იმ პროდუქციის ძებნას, რომელსაც სტომატოლოგები მოიწონებდნენ და როცა ვერაფერს მიაგნო, თვითონ გადაწყვიტა მათი გამოშვება. "პირველი კანფეტები ჩვენს სამზარეულოში დავამზადეთ, შაქრის ნაცვლად ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სიროფი გამოვიყენეთ და ძალიან გემრიელი გამოვიდა", - გაიხსენა ალინამ, რომელმაც ოპტიმალური რეცეპტის მოძიების შემდეგ მამას მიმართა და დაარწმუნა, რომ ნამდვილად ღირდა საკუთარი ბიზნესის დაწყება.

თავიდან მცირეწლოვან კონდიტერს მხოლოდ 4 ათასი დოლარი ჰქონდა, რომელიც თავად შეაგროვა დაბადების დღესა და სხვა დღესასწაულებზე ნაჩუქარი ფულით, მოგვიანებით პირვანდელ თანხას მამის ინვესტიცია - 6 ათასი დოლარი დაემატა, რომლითაც მორსმა მიჩიგანის საკონდიტრო ფაბრიკას მიმართა და მართალია, კანფეტის მხოლოდ მცირე პარტია გამოუშვა, მაგრამ მისი წყალობით 2014 წელს ალანამ ოფიციალურად დაარეგისტრირა საკუთარი კომპანია Zollie Candy, მერე კი, მსხვილი ინვესტორების ძიებას შეუდგა.

რა თქმა უნდა, სხვა ნოვატორი მოზარდების მსგავსად მსხვილი ინვესტორები მორსის წამოწყებასაც მხოლოდ ღიმილით შეხვდნენ, თუმცა როცა ალინამ კანფეტების საკუთარი რეცეპტი წარუდგინა და თამამად განაცხადა, რომ შაქართან ერთად გლუტენსა და გენეტიკურად მოდიფიცირებულ ინგრედიენტებზეც უარს ამბობდა, მისი იდეით ყველა დაინტერესდა. მეტიც, რამდენიმე კომპანიის წარმომადგენელმა სინანულითაც კი აღნიშნა, რომ ძალიან გული დაწყდათ, რადგან თვითონ ვერ შეძლეს ანალოგიურის მოფიქრება.

ჩვეულებრივ, შაქრის მიღების შემდეგ ადამიანის პირის ღრუში საგრძნობლად მატულობს წყალხსნარების მჟავიანობა, რაც საბოლოოდ კარიესს იწვევს. სწორედ შაქარი ჩაანაცვლა ალინამ ნატურალური დამატკბობლებით - ქსილითოლითა და ერითრიტოლით, რაც არა მხოლოდ მჟავიანობის შემცირებას და წყალბადის წონის ანუ pH-ის დაბალანსებას უწყობს ხელს, არამედ კბილებსაც წმენდს კანფეტის მირთმევისას.

"მანამდე საერთოდ არ არსებობდა კვლევები კანფეტებზე, რომელთაც კბილების გაწმენდა შეეძლოთ. ჩვენ ნამდვილი სამეცნიერო აღმოჩენა გავაკეთეთ და ჩვენი ადგილი დავიკავეთ ტკბილეულის ბაზარზე", - აღნიშნა ალინამ, რომელიც უკვე 20 წლისაა და წარმატებით მართავს საკუთარ კომპანიას, სისტემატურად გადის კონსულტაციას მეცნიერებთან, სტომატოლოგებთან და მიღწეულის მიუხედავად მაინც ინტენსიურად ცდილობს საკუთარი პროდუქციის დახვეწას.

დღეს Zollie Candy-ის ასორტიმენტი ბევრად ფართოდაა წარმოდგენილი, რადგან კარამელისა და საღეჭი კანფეტის რამდენიმე სახეობას აერთიანებს სადებიუტო პროდუქტის Zollipops-ისა და Zolli Drops-ის ჩათვლით, რომელთაც ალინა საკუთარ ფავორიტებად მიიჩნევს. აღსანიშნავია, რომ Zollie Candy-ის პროდუქცია ამერიკის 25 ათასზე მეტ სუპერმარკეტში იყიდება, შემოსავალი კი, ყოველწლიურად იზრდება. მოგების 10%-ით ალინა საქველმოქმედო პროგრამებს და საშუალო სკოლებში პირის ღრუს ჰიგიენის გაკვეთილებს აფინანსებს.

სხვათა შორის, 2018 წელს მორსი პირველი მოზარდი გახდა, ვინც გამოცემის Entrepreneur-ის გარეკანი დაამშვენა, ერთი წლის შემდეგ კი, ჟურნალმა INC-მ დაასახელა ყველაზე წარმატებულ ახალგაზრდა გენერალურ დირექტორად, მით უფრო, რომ მისი კომპანია, რომლის შემოსავალი ყოველ წელს 69%-ით იზრდება, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი წარმოება აღმოჩნდა.

* პრინცესა შარლოტა კემბრიჯელი -

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ყველაზე პატარა წეარმომადგენლები გამუდმებით ეჯიბრებიან ერთმანეთს შემოსვლებში. მართალია, წლების მანძილზე პრინცი ჯორჯი ლიდერობდა, რომელიც მესამეა ტახტის მემკვიდრეებს შორის, ამიტომ მეტწილად სწორედ ის ხვდებოდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, რაც მის შემოსავალზეც პირდაპირ პროპორციულად აისახებოდა, მაგრამ ბოლო მონაცემებით პრინცი უმცროსმა დამ დაჯაბნა, რომლის ქონება ექსპერტებმა 3,9 მილიარდ ფუნტ სტერლინგად შეაფასეს. სხვათა შორის, ჯორჯი ერთადერთი ადამიანია, ვისაც Washington Post-მა დ ვიკიპედიამ დაბადებამდე მიუძღვნეს ვრცელი სტატიები.

აღსანიშნავია, რომ მაისის თვის მონაცემებით, შარლოტა არა მხოლოდ ოჯახის მცირეწლოვან წევრებს შორის, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით იქცა ყველაზე მდიდარ ბავშვად და ისეთი სერიოზული კონკურენტები ჩამოიტოვა უკან, როგორებიც ბლუ აივ კარტერი და ნორტ უესტი - Jay-Z-ისა და კანიე უესტის შვილები არიან.

მართალია, პრინცესა შარლოტა ვერც ახალი აღმოჩენებით დაიკვეხნის, ვერც საკუთარი ბიზნესით, მაგრამ სამეფო ოჯახის ერთ-ერთ ყველაზე პატარა წარმომადგენელს მაინც სოლიდური შემოსავალი აქვს, რომელიც სავარაუდოდ ასაკთან მატებასთან ერთად გაიზრდება, რადგან პრივილეგიებთან ერთად პრინცესას ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებასა და სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობის ვალდებულებაც დაემატება.

რა თქმა უნდა, შარლოტას შემოსავლის ძირითად ნაწილს ე.წ. "ქეითის ეფექტი" განსაზღვრავს, რომლის წყალობით, უელსის პრინცესა განსაკუთრებული მონდომების გარეშე ახერხებს დიზაინერული თუ ბრენდული სამოსის პოპულარიზაციას, რადგან კოსტიუმები, რომელთაც მიდლტონი ირგებს წარმოუდგენელი სისწრაფით იყიდება, დიზაინერულ მოდელებში გადაღებული ფოტოების ტირაჟირება კი, დიდი ხნით უზრუნველყოფს მათი შემქმნელების მომავალს.

გამოცემის Brand Finance-ის კვლევის თანახმად, ქეითი, რომელიც დიდი ხანია "სამეფო ოჯახის ყველაზე გავლენიან სახედ" ითვლება მოდის სამყაროში, ბრიტანეთში სულ მცირე 45%-ით, ამერიკაში კი, 38% ზრდის გაყიდვებს. სავარაუდოდ, რამდენიმე წელიწადში ესტაფეტას დედისგან შარლოტა გადაიბარებს, რომელსაც როგორც სამეფო ოჯახის წარმომადგენელს უფრო აქტიურად მოუწევს საზოგადოებრივი საქმიანობაში ჩაბმა. ამასთანავე, პრინცესა სოლიდურ მემკვიდრეობას მიიღებს ბაბუისგან - მონარქი ჩარლისგან, მანამდე კი, მიწის ნაკვეთებს და მსხვილი ინვესტიციებს ფლობს, რომლებიც მის სახელზეა გაფორმებული სხვადასხვა ფინანსურ ორგანიზაციებში.