მაისში ვაკანსიები წლიურად 5.1%-ით შემცირდა. მხოლოდ ერთ თვეში jobs.ge-ზე 7 290 განაცხადი გამოქვეყნდა, რაც წინა თვის მონაცემთან შედარებით, 10.8%-ით მეტია, თუმცა 2024 წლის მაისთან შედარებით 5.1%-ით ნაკლები. ამის შესახებ PMC კვლევითი ცენტრის კვლევაშია აღნიშნული. მათივე მონაცემებით, თვის ჭრილში ვაკანსიების ყველაზე დიდი ზრდა გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიაში დაფიქსირდა, სადაც ვაკანსიები +25.7%-ით გაიზარდა, ხოლო ყველაზე მცირედით - 1.3%-ით გაიზარდა გამოცხადებული ვაკანსიების რაოდენობა ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის კატეგორიაში. ამასთან, წლის ჭრილში ვაკანსიების ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიაში (+6.2%), ხოლო ყველაზე დიდი კლება – ადმინისტრირებასა და მენეჯმენტში იყო (-13.7%). აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტიდან მაისის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნდა 20 032 ვაკანსია, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 13.1%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ყველაზე დიდი, 17.7%-იანი კლება, ამ პერიოდშიც დაფიქსირდა ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კატეგორიაში, რომელსაც ვაკანსიების საერთო რაოდენობის კლებაზე ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდა.