* ვინსენტ ვან გოგი -
"ჩემი მთავარი მიზანი იმდენი ნახატის დახატვაა, რამდენსაც შევძლებ", - ამბობდა ჰოლანდიელი პოსტმოდერნისტი ვინსენტ ვან გოგი, რომელიც საკმაოდ ახალგზრდა - 37 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა მცირე დროშიც უამრავი შთამბეჭდავი ნამუშევრის შექმნა მოასწრო.
მეტად აქტიური და ნაყოფიერი 10 წლის მანძილზე ვან გოგმა უზარმაზარ კოლექციას მოუყარა თავი, რომელმაც 2 ათასამდე ნამუშევარი, მათ შორის ზეთის საღებავით შესრულებული 860 ფერწერული ტილო გააერთიანა, რაც არცაა გასაკვირი, რადგან საოცრად შრომისუნარიანი მხატვარი, დღეში სულ მცირე სამ ნახატს ხატავდა.
მართალია, ვან გოგს, რომელიც თავისუფლად საუბრობდა ოთხ ენაზე, ხელოვნების ნიმუშებით მოვაჭრის წარმატებული კარიერის გაკეთება შეეძლო, მაგრამ ფერწერით გატაცებულმა უარი თქვა პერსპექტიულ სამუშაოზე და თავად გადაწყვიტა ხატვა, რადგან ჩათვალა, რომ სწორედ მისი მისია იყო რიგითი ადამიანების ხელოვნებით დაინტერესება, თუმცა, ნიჭიერი მხატვარი პუბლიკამ არ მიიღო და მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ აღიარა. მეტიც, ვან გოგი ერთადერთი ფერმწერია, ვინც სიცოცხლეში ვერცერთი ნახატი ვერ გაყიდა, გარდაცვალების შემდეგ კი, მისი ტილოები ნამდვილ შედევრებად იქცა, რომელთა ხელში ჩაგდებას რესპექტაბელურ მუზეუმებთან ერთად, შეძლებული კოლექციონერებიც დღემდე ნატრობენ.
* * *
ვინსენტ ვილემ ვან გოგი 1853 წლის 30 მარტს დაიბადა ჰოლანდიის სამხრეთში, ბელგიის საზღვართან ახლოს, პატარა ქალაქ ზიუნდერტში. მისი მამა - თეოდორ ვან გოგი რეფორმატული ეკლესიის პასტორი, დედა - ანა კორნელია კარბენტუსი კი მართალია, დიასახლისი იყო და მთელ დროს შვიდი შვილის აღზრდას უთმობდა, მაგრამ ჰააგელი გამომცემლების დინასტიას მიეკუთვნებოდა, ამიტომ მეუღლის მსგავსად ისიც განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდა ქალაქში.
ღრმად რელიგიურ ოჯახში დაბადებულმა ვინსენტმა ერთი წლით ადრე დაღუპული ძმის სახელი შეიძინა. აღსანიშნავია, რომ ვინსენტიც ზუსტად იმავე დღეს - 30 მარტს დაიბადა, როგორც მისი უფროსი ძმა, რომელიც ორი თვისა გარდაიცვალა. მართალია, მშობლებმა უჩვეულო დამთხვევა ღვთის მინიშნებად მიიჩნიეს და მეორე შვილსაც იგივე სახელი დაარქვეს, მაგრამ თავად ვინსენტს სიცოცხლის ბოლომდე სტანჯავდა ძმის სახელი, რადგან ეჩვენებოდა, რომ სხვისი ცხოვრებით ცხოვრობდა.
* * *
მძიმე ხასიათის გამო ვან გოგს ძალიან უჭირდა ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა. მხატვარს არა მხოლოდ ნაცნობთან და მეგობრებთან, არამედ მშობლებთანაც მუდმივი კონფლიქტი ჰქონდა, რადგან ვერ შეძლო მათი მოლოდინის გამართლება. ერთადერთ ახლობლად და მეგობრად ვინსენტი უმცროს ძმას - თეოს მიიჩნევდა, რომელიც მის მფარველ ანგელოზად იქცა, რადგან ყველ წამოწყებას მხარს უჭერდა და მაქსიმალურად ცდილობდა დახმარებას. სწორედ თეოსთან მიწერილი წერილების წყალობით გახდა ცნობილი ვან გოგის ცხოვრების შესახებ, მით უფრო, რომ მიმოწერა მთელი 18 წელი გაგრძელდა, წერილებში კი, ვინსენტი დეტალურად აღწერდა საკუთარ გრძნობებსა და განცდებს, იდეებსა და სურვილებს.
იმპულსურობის, ზედმეტი პირდაპირობისა და მკვახე საუბრის გამო, ვან გოგთან ყველა გაურბოდა ურთიერთობას. ნაკლები პოპულარობით სარგებლობდა მხატვარი ქალბატონებშიც, რასაც საკმაოდ მტკივნეულად განიცდიდა, რადგან სამუდამოდ მარტოობისთვის განწირულმა, ვერავისთან შეძლო მტკიცე და ხანგრძლივი ურთიერთობის გაბმა.
* * *
ლეგენდად იქცა ვან გოგისა და პოლ გოგენის კონფლიქტისა და ვინსენტის მოჭრილი ყურის ისტორია, რომლის რამდენიმე ვერსია არსებობს, თუმცა არავინ იცის, სინამდვილეში რა მოხდა. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, გოგენი არლიში ეწვია ვან გოგს პარიზის ბოჰემური ცხოვრებისგან დასვენებისა და განტვირთვის სურვილით, თუმცა ვინსენტზე არანაკლები ხისტი ხასიათის გამო ნანატრი შვებულება მუდმივ დავად და კამათად ექცა.
სერიოზული კონფლიქტი მოუვიდათ მეგობრებს 1888 წლის 23 დეკემბრის საღამოსაც, როცა გოგენი შეზარხოშებული დაბრუნდა სახლში, ვან გოგმა კი, უხეშად მიმართა, რასაც პასუხად გოგენის შეურაცხყოფა მოჰყვა, რომელიც ვინსენტმა ვერ მოითმინა და სამართებლით სცადა ანგარიშის გასწორება, თუმცა გოგენმა დროულად შეძლო მისი მოგერიება, რის შემდეგ ვინსენტმა შემთხვევით აითალა ყური.
* * *
არსებობს კიდევ ერთი ვერსია. ამბობენ თითქოს, ვინსენტი დიდად აფასებდა გოგენის ნიჭსა და შემოქმედებას, ძალიან უნდოდა მასთან ერთად მუშაობა, საკუთარი იდეების გაზიარება და მისგან გამოცდილების შეძენა, ამიტომ დიდხანს სთხოვდა არლიში სტუმრობას, სადაც თეოს დახმარებით იქირავა პატარა სახლი და მოაწყო სახელოსნო.
გოგენი მართლაც ეწვია ვინსენტს, თუმცა ერთად მუშაობის ნაცვლად მთელ დღეებს ტავერნებსა და საროსკიპოებში ატარებდა, ერთ მშვენიერ დილას კი, ცინიკურად განუცხადა, რომ არაფრად ვარგოდა როგორც მხატვარი, აბსოლუტურად არ აინტერესებდა მასთან ერთად მუშაობა და რომ პარიზში გეგმავდა დაბრუნებას.
გოგენის ცინიზმი ნამდვილ შოკად იქცა ვინსენტისთვის, რომელიც სწორედ იმ მომენტში იპარსავდა წვერს სამართებლით. გადმოცემის თანახმად, მხატვარი ეპილეფსიით იტანჯებოდა და საკმაოდ ძლიერ მედიკამენტებს იღებდა, რომლებიც ნეგატიურად მოქმედებდნენ მის ფსიქიკაზე. სწორედ აფექტის მდგომარეობაში აითალა ვან გოგმა ყური და უკვე კიბეებზე დაეწია გოგენს, ვისთვისაც სამახსოვროდ უნდოდა საკუთარი ყურის ჩუქება, თუმცა გოგენმა "ორიგინალური საჩუქარი" უკან მიუგდო, რის შემდეგაც ვინსენტი ქუჩაში გავიდა და პირველივე შემხვედრ მეძავს უსახსოვრა თეთრ ხელსახოცში გახვეული "სისხლიანი საჩუქარი".
მოგვიანებით ვან გოგმა რამდენიმე ავტოპორტრეტი შექმნა მოჭრილი ყურით, რომლებზეც მართალია მხოლოდ 35 წლისაა, თუმცა ქრონიკული დეპრესიის გამო ღრმად მოხუცებულს ჰგავს. ზოგადად, მხატვარი ზედმეტად მტკივნეულად, ემოციურად აღიქვამდა რეალობას, რასაც გაუწონასწორებელი, ფეთქებადი ხასიათი დაემატა და საბოლოოდ ფსიქიკური აშლილობის მიზეზი გახდა.
* * *
მართალია, თავიდან ვან გოგი მამისა და ბაბუის გზის გაგრძელებას და პასტორობას გეგმავდა, მაგრამ 16 წლისამ გადაიფიქრა, ჰააგაში გაემგზავრა და მსხვილი სამხატვრო-სავაჭრო ფირმის Goupil & Cie-ის ჰოლანდიურ ფილიალში დაიწყო გამყიდველად მუშაობა. მოგვიანებით იმავე ფირმაში მოეწყო თეოც. ძმები შესანიშნავად უძღვებოდნენ საქმეს, განსაკუთრებით კი, ვინსენტი აქტიურობდა, რომელიც ბრწყინვალედ ვაჭრობდა ხელოვნების ნიმუშებით. მეტიც, საუკეთესო შედეგისთვის კომპანიამ ჯერ ლონდონში, მერე პარიზში გაამგზავრა, სადაც ბინა იქირავა და დიასახლისის ქალიშვილი - ევგენია ლოიერი გაიცნო, რომელიც მთელი გულით შეუყვარდა.
თუმცა, ევგენიამ, რომელიც ვინსენტის პირველი და ერთადერთ ნამდვილ სიყვარულად იქცა, უარით უპასუხა მის გრძნობებს, რამაც ისე დასწყვიტა გული ვან გოგს, რომ პარიზის დატოვება გადაწყვიტა. ვინსენტი ამსტერდამში გადაბარგდა და უნივერსიტეტში თეოლოგიის ფაკულტეტზე სცადა ჩაბარება, თუმცა სწრაფად გადაიფიქრა და მისიონერებს შეუერთდა, რომლებიც ბელგიაში, მეშახტეთა პატარა ქალაქში გეგმავდნენ მისიით გამგზავრებას.
ვან გოგი სიხარულით ჩაება მისიონერულ საქმიანობაში, თუმცა მისმა წამოწყებამ არც ამ შემთხვევაში გაამართლა, რადგან ისევ თავი გამოიდო და ზედმეტად აქტიურად შეუდგა მეშახტეების უფლებების დაცვას, რის გამო მეტად უხეში ფორმულირებით "ზედმეტი მონდომებისა და "მეტიჩრობისთვის" დაითხოვეს მისიიდან.
* * *
მართალია, ბრიუსელში ვინსენტმა ხელოვნების სამეფო აკადემიაში სცადა ჩააბარა ფერწერის შესასწავლად, მაგრამ ფიცხი და გაუწონასწორებელი ხასიათის გამო, რამდენიმე თვეში მოუწია სასწავლებლის დატოვება, რადგან მუდმივი კამათის გამო არცერთმა პედაგოგმა არ მოისურვა მასთან მუშაობა. ვან გოგი, რომელიც მეტწილად მაინც თვითნასწავლ მხატვრად ითვლება, დამოუკიდებლად შეუდგა მუშაობას, რაც ბევრად შედეგიანი აღმოჩნდა.
პირველი სერიოზული ნამუშევარი "კარტოფილის მჭამელები", რომელიც დღეს შედევრად ითვლება, ვან გოგმა 1885 წელს შექმნა. მეტად რეალისტური ნამუშევარი გლეხის ოჯახის ყოველდღიური ცხოვრების აღწერით, ზედმეტად პირქუში გამოვიდა, თუმცა მუქი ფერები და პესიმიზმი არა მხოლოდ პირველი ნამუშევრის, არამედ მხატვრის ადრეული შემოქმედების მთავარ მახასიათებლად იქცა.
* * *
ყველაზე ნაყოფიერ პერიოდად ვან გოგის შემოქმედებაში ფრანგული პერიოდი ითვლება, როცა პარიზში ჩასული იმპრესიონისტების ნამუშევრებით აღფრთოვანდა, არლიში გადასახლებულმა კი, რადიკალურად შეცვალა ხატვის სტილ, ფერთა გამა და მეტწილად ცისფერ, მოყვითალო-ოქროსფერსა და წითელს მიმართა. "მისი ნამუშევრები თითქოს დეპრესიისგან გათავისუფლდნენ და ოპტიმიზმი, სიცოცხლის ხალისი შეიძინეს", - მოგვიანებით აღნიშნა ვან გოგოს ბიოგრაფმა, ფრანგმა ისტორიკოსმა და ხელოვნებათმცოდნემ ჟოზე დე ლანდიემ.
საფრანგეთში ვინსენტი არა მხოლოდ ცნობილი მხატვრების - ანრი ტულუზ-ლოტრეკის, კამილ პისაროსა და ედგარ დეგას შემოქმედებას გაეცნო, არამედ იაპონური გრავიურითაც დაინტერესდა, რომლის წყალობით სიბრტყის დინამიკაში ასახვა და მოცულობითი ფრაგმენტების დამუშავება ისწავლა.
* * *
მართალია, პარიზში ვინსენტი საკმაოდ კომფორტულად გრძნობდა თავს, რადგან სწორედ იმას აკეთებდა, რაც ყველაზე მეტად მოსწონდა, მაგრამ უშეღავათო კონკურენციამ და პუბლიკის გულგრილობამ, რომელმაც არ მიიღო მისი ნამუშევრები, ისე დაწყვიტა გული და არლიში გადასვლა გადაწყვიტა.
საფრანგეთის სამხრეთულ ქალაქში ვინსენტი ერთგვარი კომუნის შექმნას ნატრობდა, სადაც მხატვრები მოიყრიდნენ თავს, ერთად იცხოვრებდნენ, იმუშავებდნენ და დაეხმარებოდნენ ერთმანეთს. სწორედ მის ნატვრას მიეძღვნა ნახატი "ყვითელი სახლი", არლი კი, ცნობილ ტილოებზე "ვარსკვლავებიანი ღამე" და "კაფის ტერასა ღამით" აისახა.
არლით აღფრთოვანებულმა ვინსენტმა თეოსაც კი მისწერა, რომ როგორც იქნა საკუთარ ადგილს მიაგნო, რომ ბედნიერი იყო პატარა ქალაქში და ძალიან მოსწონდა ღამით სეირნობა, რადგან მთვარის შუქზე ბევრად მკვეთრად ხედავდა ფერებს. სხვათა შორის, ვან გოგს ძალიან არ უყვარდა შავი ფერი, ამიტომ ღამის ცასაც მუქი ლურჯისა და ყავისფერი საღებავების გამოყენებით ხატავდა.
* * *
თუმცა, შთამბეჭდავი ხედებით მოხიბლულმა მხატვარმა არა მხოლოდ არლის პეიზაჟები გადაიტანა ტილოებზე, არამედ პორტრეტებისა და ნატურმორტების ხატვაშიც გაიწაფა. არლიში შექმნა ვან გოგმა დოქტორ გაშეს, მამილო ტანგის პორტრეტები და "მზესუმზირები", რომელიც მოგვიანებით მის სავიზიტო ბარათად იქცა.
სხვათა შორის, "მზესუმზირების" რამდენიმე სერია და ვერსია არსებობს. ნახატები ვან გოგმა პოლ გოგენის ჩამოსვლისთვის მოამზადა, რადგან თვითონ ძალიან მოსწონდა და ჩათვალა, რომ გოგენზეც შეძლებდა შთაბეჭდილების მოხდენას, თუმცა გამოცდილმა კოლეგამ თითქოს ყველა ნამუშევარი დაუწუნა, რითაც ძალიან დაწყვიტა გული. საერთო ჯამში ვინსენტმა, რომელიც იმ პერიოდში ყვითელი ფერით იყო შეპყრობილი, 3 სერიაში გაერთიანებული 11 ნამუშევარი მიუძღვნა მზესუმზირებს.
* * *
გოგენთან არასასიამოვნო ინციდენტისა და ყურის მოჭრის შემდეგ ზედმეტად მზრუნველი მეზობლების წყალობით ვინსენტი ჯერ სულით ავადმყოფთა სახლში მოხვდა, სადაც ისევ სცადა თვითდაზიანება, თუმცა დროულად მიუსწრეს მედიკოსებმა, მერე კი, ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაინაცვლა, სადაც მთელი წელი გაატარა.
მართალია, კლინიკაში ვან გოგმა 150-მდე ნამუშევარი შექმნა აკვარელით, მაგრამ "იძულებითი მკურნალობა" მაინც ნეგატიურად აისახა მის მენტალურ ჯანმრთელობაზე, რადგან სიმშვიდის მოპოვების შემდეგ ერთგვარი აზარტი, მუდმივად ახლის ძიების ინტერესი დაკარგა.
1890 წელს გაზაფხულზე ვინსენტმა კლინიკა დატოვა და პარიზთან ახლოს, პატარა ქალაქ ოვერ-სიურ-უეზში დასახლდა. ივლისის დასაწყისში მხატვარმა ერთ-ერთი უკანასკნელი ნამუშევარი "ხორბლის ყანა ყვავებით" შექმნა, 27 ივლისს კი, მინდორში სახატავად გასული დაიღუპა პისტოლეტიდან გასროლით. ისტორიკოსები ათწლეულების მანძილზე დავობდნენ შემთხვევით გაუვარდა ვინსენტს, თუ შეგნებულად, გულში გასროლით დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით, თუმცა 2011 წელს მკვლევარებს ახალი თავსატეხი გაუჩნდათ, რადგან ისტორიკოსმა და ხელოვნებათმცოდნემ გრეგორი უაით სმითმა სრულიად ახალი ვერსია წამოაყენა და განაცხადა, რომ მხატვარი იმ მაწანწალა მოზარდებმა გამოასალმეს სიცოცხლეს, ვისაც ადგილობრივ ტავერნაში ხვდებოდა და სისტემატურად ინაწილებდა ალკოჰოლურ სასმელს.