საკულტო დუეტი Pet Shop Boys 1980-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა ლონდონში, თავიდან არავის სჯეროდა ნილ ტენანტისა და კრის ლოუს წარმატების, მაგრამ სკეპტიკოსების განწყობას ახალგაზრდა მუსიკოსებმა არა მხოლოდ მსოფლიო აღიარებით, არამედ მრავალრიცხოვანი პრემიებით უპასუხეს, მეტიც, ლიდერი კომპოზიციების სიმრავლით დუეტი დღესაც მე-17 პოზიციას ფლობს საცეკვავო მუსიკის ამერიკულ ჩარტში Hot Dance Club Play-ში - Palitra News

საკულტო დუეტი Pet Shop Boys 1980-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა ლონდონში, თავიდან არავის სჯეროდა ნილ ტენანტისა და კრის ლოუს წარმატების, მაგრამ სკეპტიკოსების განწყობას ახალგაზრდა მუსიკოსებმა არა მხოლოდ მსოფლიო აღიარებით, არამედ მრავალრიცხოვანი პრემიებით უპასუხეს, მეტიც, ლიდერი კომპოზიციების სიმრავლით დუეტი დღესაც მე-17 პოზიციას ფლობს საცეკვავო მუსიკის ამერიკულ ჩარტში Hot Dance Club Play-ში

2025-06-26 12:13:26+04:00

* Pet Shop Boys -

საკულტო დუეტი Pet Shop Boys 1980-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა ლონდონში. მართალია, თავიდან არავის სჯეროდა ნილ ტენანტისა და კრის ლოუს წარმატების, მაგრამ სკეპტიკოსების განწყობას ახალგაზრდა მუსიკოსებმა არა მხოლოდ მსოფლიო აღიარებით, არამედ მრავალრიცხოვანი პრემიებით უპასუხეს. მეტიც, ლიდერი კომპოზიციების სიმრავლით დუეტი დღესაც მე-17 პოზიციას ფლობს საცეკვავო მუსიკის ამერიკულ ჩარტში Hot Dance Club Play-ში.

* ნილ ტენანტი -

ნილ ტენანტი 1954 წლის 10 ივლისს დაიბადა ნიუკასლში, სადაც პრესტიჟული კათოლიკური სკოლა დაამთავრა. მომავალი მუსიკოსი ადრეული ბავშვობიდან გაიტაცა ხელოვნებამ და ისტორიამ, 15 წლისამ კი, საკუთარი მუსიკალური ჯგუფი Dust შექმნა, რომელმაც მხოლოდ ერთი წელი იარსება, რადგან ტენანტი ლონდონში გაემგზავრა უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებისა და ისტორიის შესასწავლად.

სწორედ ბრიტანეთის დედაქალაქში გაიცნო ტენანტმა სტუდია Marvel-ის წარმომადგენლები, ვისი შეთავაზებით კომიქსის რამდენიმე ილუსტრირებული ისტორია შექმნა, მოგვიანებით კი, ჟურნალის Smash Hits-ის რედაქციაში გადაინაცვლა, სადაც 1985 წლამდე მუშაობდა. მეტწილად ტენანტი მუსიკაზე წერდა, განიხილავდა სიახლეებს და ცნობილი მუსიკოსების შემოქმედებას, რამაც პრაქტიკულად ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის თეორიულად შესწავლის საშუალება მისცა, საკუთარი ცოდნის წყალობით კი, ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მუსიკალურ მიმომხილველი გახდა. 1980-იანი წლების დასაწყისში გაიცნო ტენანტმა კრის ლოუც, ვისთან ერთადაც დუეტი Pet Shop Boys შექმნა.

* კრის ლოუ -

კრის ლოუ 1959 წლის 4 ოქტომბერს დაიბადა ბლექუელში. მართალია, კრისის მშობლები არასდროს უჩიოდნენ ფინანსურ პრობლემებს, მაგრამ მოზარდი ლოუ ხშირად აწყობდა უფროს და-ძმასთან ერთად კონცერტებს საქორწინო წვეულებებსა და გამოსაშვებ საღამოებზე ჯიბის ფულის საშოვნელად. განათლება ლოუმ პრესტიჟულ კერძო სასწავლებელში მიიღო, სადაც ადრეულ ასაკში დაინტერესდა არქიტექტურით, ამიტომ უმაღლესი განათლების მიღება ლივერპულში გადაწყვიტა, სადაც წარმატებით დაამთავრა უნივერსიტეტი ბაკალავრის ხარისხით.

სადიპლომო ნამუშევრად ლოუმ კიბე შექმნა ლონდონში, ცნობილ მუსიკალურ მაღაზიასთან Hank's Guitar Shop-თან ახლოს, რომელიც ქალაქის ურბანისტული პეიზაჟის ნაწილად იქცა და დღემდე არსებობს. სწორედ მუსიკალურ მაღაზიაში გაიცნეს ლოუმ და ტენანტმა ერთმანეთი, თუმცა, ერთი შეხედვით შემთხვევითი ნაცნობობა, მოგვიანებით მეტად წარმატებულ მუსიკალურ პროექტად იქცა.

* წარმატება -

1981 წელს შექმნილმა დუეტმა თავიდანვე უნიკალური მუსიკის შექმნა გადაწყვიტა დისკოსა და ელექტრონული ჟღერადობის გაერთიანებით, რაც მართლაც ორიგინალური, თუმცა პუბლიკისთვის ნაკლებად მისაღები აღმოჩნდა, მით უფრო, რომ დამწყებ მუსიკოსებთან არცერთმა ცნობილმა პროდიუსერმა არ მოინდომა თანამშრომლობა. გარდამტეხი 1983 წელი აღმოჩნდა, როცა ჯგუფის The Police-ის საგასტროლო ტურნეს გასაშუქებლად ნიუ-იორკში გამგზავრებულმა ტენანტმა შემთხვევით გაიცნო პროდიუსერი ბობი ორლანდო, რომელიც კოლეგებისგან განსხვავებით ახალგაზრდა მუსიკოსების შემოქმედებით დაინტერესდა და მათთან მუშაობასაც დათანხმდა.

მართალია, ორლანდოს წყალობით Pet Shop Boys-მა პირველი სინგლები West End Girls, One More Chance და Opportunities გამოუშვა, მაგრამ კომპოზიციებმა ვერც ჩარტებში დაწინაურება შეძლეს, ვერც კომერციული წარმატების მოპოვება, რამაც მუსიკოსებს ორლანდოს დათხოვნა და ახალი პროდიუსერის სტივენ ჰეიგის დაქირავება აიძულა.

1985 წელს, ჰეიგის ხელმძღვანელობით დუეტმა ცნობილ ლეიბლს EMI Records-ს მიმართა და თავიდან ჩაწერა სინგლი West End Girls, რომელმაც ბრიტანეთის შემდეგ, ამერიკაშიც უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა და Pet Shop Boys-ის პირველ საერთაშორისო ჰიტი გახდა. ერთი წლის შემდეგ მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი Please გამოუშვეს, რომელმაც არა უბრალოდ დაადასტურა ლოუსა და ტენანტს მუსიკალური ოსტატობა, არამედ ალბომების ბრიტანულ ჩარტშიც დაწინაურდა მეორე პოზიციამდე.

მელოდიური კომპოზიციების, საინტერესო ტექსტებისა და ნოვატორული ვიდეოების წყალობით Pet Shop Boys-მა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, რომელიც ათწლეულების მანძილზე შეინარჩუნა და დღემდე წარმატებით აგრძელებს მუზიცირებას. აღსანიშნავია, დუეტის ჩაცმის სტილიც - ტენანტი ერთგვარ დენდის განასახიერებს, ლოუ კი, სპორტულ სამოსს ანიჭებს უპირატესობას, რისი წყალობით მუსიკოსები ერთი მხრივ, საკუთარ ინდივიდუალურობას უსვამენ ხაზს, მეორე მხრივ კი, თითქოს ამბობენ, რომ აბსოლუტურად განსხვავებულ ადამიანებსაც შეუძლიათ საერთო ენის გამონახვა და საინტერესო იდეების განხორციელება.

* 2000-იანი წლები -

საერთო ჯამში დუეტმა 14 სტუდიურ ალბომს მოუყარა თავი, რომელთა უმეტესობამ ჯერ ბრიტანული, მერე მსოფლიო ჩარტები დაიპყრო. 2000-იანი წლების დასაწყისში Pet Shop Boys-მა შემოქმედების გამრავალფეროვნება გადაწყვიტა და დუეტები ჩაწერა ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან, როგორებიც მადონა, ლედი გაგა, რობი უილიამსი, დევიდ ბოიუი, ლაიზა მინელი და იოკო ონო არიან.

2008 წელს ტენანტმა და ლოუმ ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრების მიხედვით დადგმული ბალეტისთვის The Most Incredible Thing-ისთვის შექმნეს მუსიკა, მოგვიანებით კი, Pet Shop Boys გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ჯგუფი, რომლის კომპოზიციები ყველაზე მეტჯერ მოხვდა ბრიტანულ ჩარტში.

ერთი წლის შემდეგ მუსიკოსებმა მეათე - საიუბილეო ალბომი Yes გამოუშვეს, რომელიც მელომანებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოიწონეს. სწორედ საერთაშორისო წარმატებამ აიძულა დუეტს, რომელიც ნაკლებად სწყალობდა მსოფლიო ტურნეებს, მასშტაბური გასტროლების მოწყობა. როგორც ჩანს, ტურნემ, რომელმაც Pandemonium Tour-ის სახელი შეიძინა გაამართლა, რადგან 2018 წელს მუსიკოსებმა კიდევ ერთი გრანდიოზული ტური მოაწყვეს ევროპის მასშტაბით და ბრიტანეთის გარდა, საფრანგეთში, იტალიაში, შვეიცარიასა რამდენიმე სხვა ქვეყანაში შეხვდნენ თაყვანისმცემლებს.