თბილისში, მხოლოდ ერთ თვეში 3 437 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა - Palitra News

თბილისში, მხოლოდ ერთ თვეში 3 437 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა

2025-06-24 13:48:04+04:00

თბილისში, მხოლოდ ერთ თვეში 3 437 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა. ფასი კვადრატულზე დაახლოებით 100 დოლარით არის გაზრდილი. „ქოლოიერსის“ კვლევის თანახმად, ამ წლის მაისში, შარშანდელთან შედარებით ბინების გაყიდვების მაჩვენებელი 7.2%-ით არის გაზრდილი. ტრანზაქციებთან ერთად, გაზრდილია ღირებულებაც. უფრო კონკრეტულად, მაისში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 1 134 დოლარი იყო, წინა წლის იმავე პერიოდში კი 1 022 დოლარს უტოლდებოდა. ამასთან, კვლევის მიხედვით, დედაქალაქში მაისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი წლიურად 9.5%-ით გაიზარდა ქალაქის ცენტრში, ფართო ცენტრში - 1.4%-ით, ხოლო გარეუბანში 3.8%-იანი მატება დაფიქსირდა. კვლევის მიხედვით, გაყიდვების დაახლოებით 12%-იანი ზრდა ფიქსირდება ამ წლის მაისში ახალ პროექტებში. ძველ პროექტებში კი ნარჩუნდება კლების ტენდენცია, მაგალითად გასული წლის მაისთან შედარებით გაყიდვები ამ სეგმენტში 7%-ით არის შემცირებული. მაისში დედაქალაქში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის მაისთან შედარებით 13.5%-ით გაიზარდა გარეუბანში, ფართო ცენტრში 8.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ქალაქის ცენტრში საშუალო შეწონილმა ფასმა 6%-ით მოიმატა.ზრდის განმაპირობებელი ძირითადად პირველადი ბაზარია, სადაც ქალაქის მასშტაბით საშუალო შეწონილი ფასი 15.2%-ით გაიზარდა. ახალაშენებული ბინების მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 5.7%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ბაზრის ზომას, „ქოლოიერსის“ კვლევის თანახმად მაისში 21%-ით გაიზარდა და 261 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.