ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე სასამართლო სხდომის მოლოდინშია. მოსამართლე მისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე დღეს იმსჯელებს. ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატის განცხადებით, მიქაუტაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს, რადგან, მისი მტკიცებით, ბრალად წარდგენილი ქმედება არ ჩაუდენია. საქართველოს პროკურატურამ ეკონომიკის მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს ბრალდება შაბათს წარუდგინა. უწყების ცნობით, ბრალდებულმა კორუფციული საქმიანობის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად სხვადასხვა ქმედება განახორციელა. გამოძიება აცხადებს რომ ბრალდებულმა დიდი ოდენობით შემოსავლის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.