ირანის საგარეო უწყება - აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სახიფათო ომი დაიწყო - ირანის ლეგიტიმური უფლებაა, სრულად და მტკიცედ დაუპირისპირდეს აშშ-ის სამხედრო აგრესიას - Palitra News

ირანის საგარეო უწყება - აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სახიფათო ომი დაიწყო - ირანის ლეგიტიმური უფლებაა, სრულად და მტკიცედ დაუპირისპირდეს აშშ-ის სამხედრო აგრესიას

2025-06-22 12:08:37+04:00

აშშ-მა, ბირთვულ ობიექტებზე დარტყმით, ირანის წინააღმდეგ სახიფათო ომი დაიწყო, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.

„მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს, რომ დიპლომატიური პროცესის შუაგულში სწორედ შეერთებულმა შტატებმა უღალატა დიპლომატიას. აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სახიფათო ომი დაიწყო“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების მტკიცებით, აშშ-ის თავდასხმები გაერო-ს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა და რომ „ამ საზარელი დანაშაულის მძიმე და სავალალო შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა“ აშშ-ის მთავრობას ეკისრება.

„ირანის ლეგიტიმური უფლებაა, სრულად და მტკიცედ დაუპირისპირდეს აშშ-ის სამხედრო აგრესიას და ამ არაკეთილსინდისიერი რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებს და დაიცვას ირანის ეროვნული უსაფრთხოება და ინტერესები ყველა საჭირო საშუალებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ირანის საგარეო უწყება მოუწოდებს გაერო-ს და მის სხვადასხვა ორგანოებს, მათ შორის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, რომ ,„სასწრაფოდ უპასუხონ უკანონობის ამ აშკარა და დანაშაულებრივ ქმედებას“.

უწყება გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიმართავს, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმების დაგმობის მიზნით საგანგებო სხდომა ჩაატაროს.