არასწორად დარიცხული საპენსიო შენატანის გამო დამსაქმებლების დაჯარიმების არსებული მოდელის შეცვლა იგეგმება. ცვლილებების შეტანა დაგეგმილია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში. არადა არსებული ნორმა, რომლის მიხედვითაც, ბიზნესი არასწორად დარიცხული საპენსიო შენატანის გამო ჯარიმდება, სულ ცოტა ხნის წინ, 2025 წლის 1-ელ მაისს შევიდა ძალაში. პროექტის ინიციატორების განმარტებით, აღნიშნული გამოწვეულია „ბიზნესის არაერთგვაროვანი შეფასებითა“ და რიგი „პრობლემური საკითხებით“. ახალი კანონპროექტის მიხედვით, დაზუსტდება საპენსიო შენატანის განუხორციელებლობასთან დაკავშირებით ჯარიმის დაკისრების საკითხი და საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობასთან საურავის დაკისრების წესი და პირობები გაიმიჯნება. შედეგად, საპენსიო შენატანის განუხორციელებლობა ავტომატურად გამოიწვევს დამსაქმებლისათვის საურავის დაკისრებას, ხოლო ჯარიმის გამოწერასთან დაკავშირებით კონკრეტული პირობები განისაზღვრა. კერძოდ, საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევისთვის დამსაქმებელს დაეკისრება საურავი საპენსიო შენატანის იმ ოდენობაზე, რომელიც არ განხორციელებულა ან შესაბამისი ვადის დარღვევით განხორციელდა. რაც შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ჯარიმას, პროექტის მიხედვით, დამსაქმებელს სანქცია დაეკისრება არსებულთან შედარებით უფრო შეზღუდულ შემთხვევებში. კერძოდ, ჯარიმა დაეკისრება ბიზნეს სუბიექტს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იდენტიფიცირებული იქნება საპენსიო შენატანის ვალდებულების სრულად შეუსრულებლობა. გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის პროცესში საპენსიო ფონდის უფლებამოსილების გაზრდას. ინიციატორები ითხოვენ, რომ საკითხის განხილვა დაჩქარებული წესით - საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მოხდეს. რაც შეეხება ვადებს, პროექტი ითვალისწინებს კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას. მოქმედი კანონით, დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით კი 1000 ლარის ოდენობით.