თბილისში ერთ საპარკინგე სივრცეზე 60-მდე ავტომობილი მოდის, ამიტომაც არის, რომ დედაქალაქში ავტომობილის გაჩერება ყოველთვის პრობლემას წარმოადგენს. დედაქალაქის მერიამ ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაცია გამართა, სადაც ითქვა, რომ ბოლო წლების განმავლობაში თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული პოლიტიკის ფარგლებში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა, მათ შორის არის ზონალური პარკირების რეფორმა, რომლის ერთ-ერთი მიზანია ქალაქში სატრანსპორტო ნაკადების შემცირება. რამდენად შეამცირა ზონალურმა პარკირებამ მათ შორის სატრანსპორტო ნაკადები, თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ, თუმცა თბილისის პარკინგი რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოლიტიკის ერთ-ერთ პრინციპულ და მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება, ამას მერიაში ახლაც ადასტურებენ. მონაცემების თანახმად, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დედაქალაქს სხვადასხვა ლოკაციაზე მხოლოდ 8 293 საპარკინგე ადგილი დაემატა და ჯამში, ქალაქის მასსტაბით, 12 980 საპარკინგე ადგილი გვაქვს. არადა, სხვადასხვა გათვლებით, თბილისში პიკის საათის დროს დაახლოებით 700 ათასი ავტომობილი გადაადგილდება და ალბათ დღეში ერთხელ მაინც ავტომობილის პარკირების აუცილებლობა უჩნდებათ. ეს კი რამდენად რთულია, თავად სტატისტკა ცხადყოფს, რომელიც გვეუბნება რომ ერთი საპარკინგე ადგილისთვის თბილისში 60 ავტომობილი იბრძვის. ასე რომ პარკირების პრობლემა ქალაქში საკმაოდ აქტუალურია. სატრანსპორტო საკითხებში გარკვეული ადამიანები ხშირად საუბრობენ, რომ თბილისში პარკინგისთვის განკუთვნილი ადგილი არასაკმარისია და რეფორმის განხორციელების პარალელურად საჭიროა, მერიამ დამატებითი საპარკინგე სივრცეების გამოყოფაც უზრუნველყოს. აქვე, აღსანიშნავია, რომ ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში, მათ შორის, დედაქალაქში ყოველწლიურად იზრდება რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა. კერძოდ, „საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლის 1-ლი კვარტალის ბოლოს, თბილისში 774 868 ავტომობილი იყო რეგისტრირებული.