თბილისში ბინები 6%-ით გაძვირდა, გაქირავება კი 12%-ით გაიაფდა - Palitra News

თბილისში ბინები 6%-ით გაძვირდა, გაქირავება კი 12%-ით გაიაფდა

2025-06-19 13:45:04+04:00

თბილისში ბინები 6%-ით გაძვირდა, გაქირავება კი 12%-ით გაიაფდა. „თიბისი კაპიტალი“ საცხოვრებელი უძრავი ქონების უახლეს კვლევას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ამ წლის მაისში კვადრატული მეტრის საშუალო ფასი 1 266 დოლარი იყო, ხოლო კვადრატულის გასაქირავებელი ღირებულება 10 დოლარითა და 60 ცენტით განისაზღვრა. როგორც კვლევაში ვკითხულობთ, მიმდინარე წლის მაისში თბილისში 3 304 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 5%-ით მეტია. წლის ჭრილში 6%-ით გაიზარდა უძრავი ქონების გასაყიდი ფასი და როგორც უკვე გითხარით 1266 დოლარს გაუტოლდა. 14%-ით გაიზარდა ბაზრის მოცულობაც და 276 მლნ დოლარს მიაღწია. მაისში, აპრილთან შედარებით შენარჩუნდა გასაქირავებელი ფასისა და ამონაგების მაჩვენებელიც და 10,6 დოლარზე დარჩა, მაგრამ წლიურად 12%-ით შემცირდა. რაც შეეხება ბაზარზე არსებულ პოტენციურ მიწოდებას, 2025 წლის იანვარ-მაისში სამშენებლო ნებართვა 621 ათას საცხოვრებელ კვადრატულ მეტრზე გაიცა, რაც გასული წლის იანვარ-მაისის მონაცემებთან შედარებით 11%-ით მეტია.