2000-იანი წლების დასაწყისში შექმნილი წიგნების სერია ჰარი პოტერზე ნამდვილ ფენომენად იქცა მსოფლიო ლიტერატურაში, რადგან ბავშვებისთვის დაწერილმა ზღაპარმა გრძნეულ ბიჭუნაზე არა მხოლოდ მოზარდები, არამედ ზრდასრულებიც მოაჯადოვა და სამუდამოდ დაიპყრო მათი გულები - Palitra News

2000-იანი წლების დასაწყისში შექმნილი წიგნების სერია ჰარი პოტერზე ნამდვილ ფენომენად იქცა მსოფლიო ლიტერატურაში, რადგან ბავშვებისთვის დაწერილმა ზღაპარმა გრძნეულ ბიჭუნაზე არა მხოლოდ მოზარდები, არამედ ზრდასრულებიც მოაჯადოვა და სამუდამოდ დაიპყრო მათი გულები

2025-06-19 10:52:51+04:00

* ჯოან როულინგი -

2000-იანი წლების დასაწყისში შექმნილი წიგნების სერია ჰარი პოტერზე ნამდვილ ფენომენად იქცა მსოფლიო ლიტერატურაში, რადგან ბავშვებისთვის დაწერილმა ზღაპარმა გრძნეულ ბიჭუნაზე არა მხოლოდ მოზარდები, არამედ ზრდასრულებიც მოაჯადოვა და სამუდამოდ დაიპყრო მათი გულები.

* * *

ჯოან როულინგი 1965 წლის 31 ივლისს დაიბადა გლოსტერშირის საგრაფოში, ბრისტოლთან ახლოს, პატარა ქალაქში. მისი მამა Rolls-Royce-ის საავტომობილო ქარხანაში მუშაობდა რიგით მუშად, დედა კი, დიასახლისი იყო, ამიტომ ოჯახი მუდმივად განიცდიდა ფინანსურ პრობლემებს.

მწერლის განცხადებით, მამა ყოველთვის ვაჟიშვილის შეძენას ნატრობდა, ქალიშვილის დაბადებამ კი, ისე გაუცრუა იმედი, რომ თავიდანვე აითვალწუნა და სიცოცხლის ბოლომდე გულგრილი დამოკიდებულება შეინარჩუნა მის მიმართ. მცირეწლოვანი ჯოანა, რომელმაც ადრეული ასაკიდან შეიყვარა კითხვა მთელ თავისუფალ დროს სახლთან ახლოს დინის ტყეში ატარებდა, რომელიც მოგვიანებით აკრძალული ტყის ერთგვარ პროტოტიპად იქცა.

* * *

1982 წელს როულინგმა ექსეტერის უნივერსიტეტში ჩააბარა, რომელიც ფრანგული და კლასიკური ფილოლოგიის ბაკალავრის ხარისხით დაასრულა. ფრანგული ენის პროფესორმა მარტინ სორელმა როულინგი მშვიდ და მოკრძალებულ სტუდენტად დაახასიათა, რომელიც "ყოველთვის იმას აკეთებდა, რაც საჭირო იყო და ზედმეტად არასდროს იჩენდა ინიციატივას", თავად როულინგის მტკიცებით კი, მისთვის ნაკლებად საინტერესო აღმოჩნდა სასწავლო პროგრამა, ამიტომ მთელ დროს წიგნების კითხვას უთმობდა საყვარელი ჯგუფის The Smiths-ის მუსიკის ფონზე, მერე კი, საფრანგეთში გაემგზავრა ერთწლიან კურსებზე, საიდან დაბრუნებული ლონდონში გადავიდა და ორგანიზაციის Amnesty International-ის კვლევით განყოფილებაში დაიწყო მუშაობა.

* * *

მწერლის კარიერაზე ჯოანა 6 წლის ასაკში დაფიქრდა, როცა მოთხრობა "კურდღელი" დაწერა უმცროსი დისთვის - დიანასთვის. სწორედ დედა და დიანა იქცნენ ჯოანის პირველ შემფასებლებად, რომელთაც სადებიუტო ნამუშევარი მოუწონეს და ისე აღფრთოვანდნენ კურდღლის ისტორიით, რომ დას მისი გაგრძელება მოსთხოვეს. შექებით გათამამებულმა როულინგმა, რომელმაც ოჯახის წევრების წყალობით დაიჯერა საკუთარი გენიალურობა, მოთხრობა გამომცემლობას გაუგზავნა, თუმცა, გამოცდილმა ლიტერატორებმა არა მხოლოდ დაიწუნეს მისი ისტორია, არამედ მწერლობაზე უარის თქმა და საკუთარი თავის სხვა პროფესიაში ძებნა ურჩიეს.

* * *

პირველ წიგნზე "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა" მუშაობა როულინგმა 1995 წელს დაასრულა. მართალია, ლიტერატურულმა აგენტმა, რომელიც მხოლოდ ხანგრძლივი თხოვნის შემდეგ დაითანხმა თანამშრომლობაზე, ხელნაწერი 12 გამომცემლობას გაუგზავნა, მაგრამ არცერთმა არ მიიღო და მხოლოდ ლონდონის მცირე გამომცემლობა Bloomsbury დათანხმდა წიგნის გამოცემას, თუმცა მთავარმა რედაქტორმა წინასწარ გააფრთხილა დებიუტანტი მწერალი, რომ არ ჰქონოდა წარმატების იმედი. საბედნიეროდ, რედაქტორის ვარაუდი არ გამართლდა, რადგან ჰარი პოტერის პირველივე ისტორიამ ნამდვილი გადატრიალება მოახდინა ბრიტანულ ლიტერატურაში და უზარმაზარი შემოსავალი მოუტანა ავტორს.

მსოფლიო აღიარება ჰარი პოტერმა ამერიკული გამომცემლობის Scholastic Book-ის რედაქტორის არტურ ლევინის წყალობით მოიპოვა, რომელმაც წიგნი თვითმფრინავში წაიკითხა და ისე მოიხიბლა, რომ 100 ათას დოლარად შეიძინა მისი ამერიკაში გამოცემის უფლება. ამერიკელმა მკითხველმა ჰარი პოტერი 1998 წელს გაიცნო, 2000-იანი წლების დასაწყისში კი, "პოტერომანიამ" მთელი მსოფლიო მოიცვა. მეტიც, ყოველმა შემდეგმა ისტორიამ წინას შედეგი გააუმჯობესა, რადგან არა მხოლოდ ტირაჟი გაზარდა, არამედ საერთაშორისო პრემიებიც დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ დღეს ოდესღაც დაწუნებული "ჰარი პოტერი" 15 მილიონ დოლარადაა შეფასებული.

* * *

"ჰარი პოტერის" საბავშვო ისტორიებზე მუშაობის დასრულების შემდეგ როულინგმა უფროსებისთვის გადაწყვიტა რომანის შექმნა და 2012 წელს წიგნი "შემთხვევითი ვაკანსია" გამოსცა. მართალია, ერთი წლის შემდეგ BBC-მ მინი-სერიალი გადაიღო რომანის მიხედვით, მაგრამ მისი წარმატება მაინც მიზერული აღმოჩნდა "ჰარი პოტერის" გრანდიოზულ პოპულარობასთან შედარებით. ბევრად შედეგიანი აღმოჩნდა დეტექტივ კორმორან სტრაიკზე შექმნილი რომანების სერია, რომელიც როულინგმა რობერტ ჰელბრეიტის ფსევდონიმით გამოაქვეყნა.

სხვათა შორის, მამაკაცის ფსევდონიმის გამოყენება როულინგს ერთ-ერთ გამომცემლობაში ურჩიეს, სადაც პირველი ხელნაწერი "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა" მიიტანა, რადგან რედაქტორმა ჩათვალა, რომ მოზარდი ბიჭები არასდროს მოინდომებდნენ ქალი ავტორის მიერ შექმნილი ნაწარმოების წაკითხვას.

* * *

როულინგის მტკიცებით, "ჰარი პოტერის" თითქმის ყველა პერსონაჟს რეალური პროტოტიპი ჰყავდა. მაგალითად, პროფესორები სნეიპი და ლოკჰარტი საკუთარი ნაცნობების ანალოგად შექმნა, თუმცა ორივეს ხასიათი მსუბუქად შეალამაზა, ყველაზე ჭკვიანი გოგონა - ჰერმიონა გრეიჯერი კი, საკუთარ ალტერ ეგოდ აქცია, რადგან ბავშვობაში მასავით სერიოზული და პასუხისმგებელი იყო, ყოველთვის მონდომებით სწავლობდა და ცდილობდა მეტი ცოდნის შეძენას, არ უყვარდა გაკვეთილების გაცდენა და ხულიგნური გამოხდომები.

2010-იან წლებში როულინგმა უამრავი მოულოდნელი დეტალი გაამხილა საკუთარ პერსონაჟებზე. მაგალითად, "ჰარი პოტერისა და სიკვდილის საჩუქრების" გამოსვლის შემდეგ მწერალმა აღიარა, რომ ჰოგვარტსის დირექტორი ალბუს დამბლოდერი სექსუალურ უმცირესობებს მიეკუთნვებოდა, რითაც მკითხველთა ნაწილი არასასიამოვნოდ გააოცა, ნაწილი კი პირიქით, LGBT-ს წარმომადგენლის გამოჩენით გაახარა.

საფუძვლიანი აღმოჩნდა მკითხველის გაკვირვება, რადგან მანამდე, არცერთ რომანში მინიშნებითაც არ იყო ნათქვამი, რომ დირექტორი სექსუალურ უმცირესობებს წარმოადგენდა, ამიტომ ბევრმა მსგავსი მოულოდნელობა როულინგის ერთგვარ "მეტიჩრობას" და მოდას აყოლას მიაწერა, რადგან სწორედ 2010-იან წლებში დაიწყო LGBT-საზოგადოებების აქტიური პროპაგანდა.

ანალოგიური რეაქცია მოჰყვა განცხადებას, თითქოს ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი - ჰერმიონა გრეიჯერი სინამდვილეში შავკანიანი იყო, რადგან ალტერ ეგოდ ქცეული პერსონაჟი ბევრმა ავტომატურად მიიჩნია თეთრკანიანად, რასაც როულინგის განმარტება და განცხადება მოჰყვა, რომ არასდროს დაუკონკრეტებია მისი რასა, მსგავსება კი მართლაც იყო, თუმცა მხოლოდ ხასიათით და არა გარეგნობით. მწერლის მსგავსი პოზიცია ბევრმა გაკიცხა, რადგან ბრიტანელებმა ჩათვალეს, რომ ცნობილი ისტორიის ხელოვნურად გადაკეთებით როულინგი არა მხოლოდ აქტუალურობის შენარჩუნებას, არამედ მეტი ფულის შოვნას ცდილობდა.

* * *

დღეს ჯოან როულინგი ერთადერთი მილიარდერი მწერალია, რომელმაც სოლიდური კაპიტალი ლიტერატურული საქმიანობით დააგროვა. მისი მიღწევა ორმაგად დასაფასებელია, რადგან წარმატებას მწერალმა საბავშვო ისტორიების შექმნით მიაღწია.

თუმცა, მსოფლიო აღიარების მოპოვებამდე როულინგი რიგითი დიასახლისი იყო, რომელიც მეტად რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. 25 წლის როულინგი მეუღლეს გაშორდა, განქორწინების ურთულესი პროცესის შემდეგ კი, მარტო დარჩა მცირეწლოვან შვილთან ერთად. უნივერსიტეტის დასრულებისა და უმაღლესი განათლების მიღების მიუხედავად, მომავალი მწერალი მაინც სასოწარკვეთას განიცდიდა, რადგან სტაბილური სამუშაოს არ არსებობამ, მუდმივმა მატერიალურმა პრობლემებმა და ყოველდღიურმა ყოფითმა პრობლემებმა სამუდამოდ დააკარგინა მომავლის იმედი. თავად როულინგის განცხადებით, უმძიმესი პერიოდი გაიარა, რადგან "მისი ცხოვრება მცირედით თუ ჯობდა ქუჩის მაწანწალას ცხოვრებას, რომელსაც არც აწმყო ჰქონდა, არც მომავალი".

ნეგატიურად აისახა უიმედობა როულინგის მენტალურ ჯანმრთელობაზეც, რამაც კლინიკური დეპრესიის და სუიციდისკენ მიდრეკილების დიაგნოზით აიძულა მკურნალობა სპეციალიზირებულ დაწესებულებაში. მოგვიანებით მწერალმა აღიარა, რომ ჰარი პოტერის საგის ყველაზე საშინელი პერსონაჟები - დემენტორები სწორედ დეპრესიისა და დამძიმებული განწყობის გავლენით შექმნა.

* * *

აღსანიშნავია, რომ ჯერ წიგნის, მერე ფილმის წარმატებამ ბუების პოპულარიზაციას შეუწყო ხელი, რადგან ბრიტანეთში ერთგვარ მოდად იქცა ფრინველის მოშინაურება. თუმცა, ბევრმა ვერ გაითვალისწინა, რომ ინდივიდუალური თავისებურებების, განსაკუთრებით სპეციფიკური სუნის გამო, ველური ფრინველი ვერასდროს მოერგებოდა სახლის პირობებს.

შედეგი მართლაც სავალალო აღმოჩნდა, რადგან ბრიტანელების დიდმა ნაწილმა უარი თქვა ბუს სახლში გაჩერებაზე, რის გამო ზოგი სპეციალურ თავშესაფარში, ზოგი კი, ქუჩაში აღმოჩნდა და მალევე დაიღუპა. ანალოგიური შემთხვევა მოხდა რამდენიმე წლით ადრე ფილმის "101 დალმატინელის" ეკრანზე გამოსვლის შემდეგ, როცა ბრიტანელებმა ჯერ მასიურად შეიძინეს დალმატინის ლეკვები, მერე კი, როცა ვერ შეძლეს მათი მოვლა, ქუჩაში გაყარეს.

* * *

ჰარი პოტერის ისტორიებში შემთხვევით არაა მოხსენიებული პლატფორმა 9¾, საიდანაც ჰოგვორტსისკენ გადის მატარებელი, რადგან სწორედ ლონდონის სადგურის "კინგს-ქროსის" პლატფორმაზე გაიცნეს როულინგის მშობლებმა ერთმანეთი, თავად ჯოანისთვის კი, ბავშვობაში იქცა ჯადოსნურ ადგილად.

სამწუხაროდ, მისის როულინგი ჰარი პოტერის პირველი წიგნის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა, რაც ძალიან მტკივნეულად განიცადა ჯოანმა, რადგან ყველაზე მეტად სწორედ მისთვის უნდოდა ეხარებინა საკუთარი წარმატება. დედის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი მწერალმა ნაწარმოებშიც გადმოსცა, როცა მისმა მთავარმა პერსონაჟმა მძიმედ განიცადა მშობლების სიკვდილი. ეპოზოდი მეტად შთამბეჭდავი გამოვიდა, რადგან როულინგმა პრაქტიკულად საკუთარი გრძნობა და განცდა აღწერა.

* * *

დედის გარდაცვალების შემდეგ ჯოანმა ცხოვრების თავიდან დაწყება გადაწყვიტა და პორტუგალიაში გაემგზავრა ინგლისური ენის მასწავლებლად. სწორედ პორტოში დაწერა როულინგმა "ფილოსოფიური ქვის" პირველი რამდენიმე თავი ადგილობრივი წიგნის მაღაზიის სტუმრობის შემდეგ, რომელმაც ჰოგვარტსისა და მისი ბიბლიოთეკის შექმნა შთააგონა. სხვათა შორის, პორტუგალიაში გაიცნო მწერალმა მომავალი მეუღლეც, ცნობილი ტელეჟურნალისტი ჟორჟ არანტიშე, ვისთანაც ქალიშვილი შეეძინა, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ გაშორდა და დასთან, ედინბურგში გადაბარგდა საცხოვრებლად.

* * *

წიგნი "ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები", რომელიც 2007 წლის ივლისის თვეში გამოჩნდა მაღაზიებში, პირველსავე დღეს 11 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა და წინამორბედის "ჰარი პოტერისა და ნახევარპრინცის" რეკორდი დაძლია. 1999 წელს გამოცემული "ჰარი პოტერისა და აზკაბანის ტყეს" ტირაჟში ჩაშვება კი, თავად მწერალმა გადადო რამდენიმე საათი. როულინგმა საღამოს, მხოლოდ სკოლების დახურვის შემდეგ მოითხოვა წიგნის გაყიდვა, რათა ბავშვებს ერთდროულად ჰქონოდათ მისი შეძენის საშუალება. სხვათა შორის, როულინგმა არა მხოლოდ ჰარი პოტერის ისტორია, არამედ ზოგადად კითხვა შეაყვარა მოზარდებს, რომლებიც ზღაპრული ისტორიის შემდეგ სხვა ჟანრის ნაწარმოებებითაც აქტიურად დაინტერესდნენ.

* * *

მართალია, 2010 წელს კომპანიამ Universal Studios-მა ორლანდოში, საკუთარ ტერიტორიაზე თემატური გასართობი პარკის "ჰარი პოტერის ჯადოსნური სამყაროს გახსნა" და ჩვეული საკვების - ჰამბურგერის, პიცისა და კოკა-კოლის გაყიდვა გადაწყვიტა, მაგრამ როულინგმა, რომელიც რამდენიმე წელი მკაცრად აკონტროლებდა პროექტის შემოქმედებით მხარეს, კატეგორიულად გააპროტესტა გასართობ ცენტრში სწრაფი კვების პროდუქტის შეტანა და დაიჟინა, რომ მხოლოდ ის კერძები უნდა გაყიდულიყო, რომლებიც მის წიგნში აღწერილს შეესაბამებოდა.

ამგვარი კატეგორიულობა მიუღებელი აღმოჩნდა კომპანიის მესვეურებისა და პროექტის ავტორებისთვის, თუმცა საბოლოოდ მაინც მოიძებნა კომპრომისი. დღეს გასართობი პარკის რესტორნების მენიუში მეტ-ნაკლებად ჯანსაღი საკვები - თევზი ჩიფსებით, ე.წ. "მეცხვარის ღვეზელი" ცხვრის ხორცით და ქლიავის ლუდი იყიდება, რითაც პირველ რიგში თავად როულინგია კმაყოფილი.