წარმოუდგენელია ადამიანის მოძებნა, ვისაც ერთხელ მაინც არ აქვს მოსმენილი კომპოზიცია Nothing Else Matters, მათაც, კი ვინც საერთოდ არ იცნობს ამერიკული ჯგუფის Metallica-ის შემოქმედებას და არ ინტერესდება როკ-მუსიკით, 1990-იანი წლების დასაწყისში შექმნილი ლეგენდარული ბალადა მაინც მოსმენილი ექნება - Palitra News

წარმოუდგენელია ადამიანის მოძებნა, ვისაც ერთხელ მაინც არ აქვს მოსმენილი კომპოზიცია Nothing Else Matters, მათაც, კი ვინც საერთოდ არ იცნობს ამერიკული ჯგუფის Metallica-ის შემოქმედებას და არ ინტერესდება როკ-მუსიკით, 1990-იანი წლების დასაწყისში შექმნილი ლეგენდარული ბალადა მაინც მოსმენილი ექნება

2025-06-19 10:38:05+04:00

* Nothing Else Matters - Metallica -

წარმოუდგენელია ადამიანის მოძებნა, ვისაც ერთხელ მაინც არ აქვს მოსმენილი კომპოზიცია Nothing Else Matters, მათაც, კი ვინც საერთოდ არ იცნობს ამერიკული ჯგუფის Metallica-ის შემოქმედებას და არ ინტერესდება როკ-მუსიკით, 1990-იანი წლების დასაწყისში შექმნილი ლეგენდარული ბალადა მაინც მოსმენილი ექნება.

თითქმის 35-წლიანი ისტორიის მანძილზე კომპოზიციამ არა მხოლოდ მუსიკის მოყვარულების, არამედ ცნობილი შემსრულებლების მოწონებაც დაიმსახურა, რომელთაც საკუთარი ქავერები ჩაწერეს და საკონცერტო რეპერტუარში შეიტანეს. მეტიც, თავად ელტონ ჯონმა, რომელმაც მაილი საირუსთან ერთად შეასრულა სიმღერის საკუთარი ვერსია, Nothing Else Matters-ს - ერთ-ერთი საუკეთესო კომპოზიცია უწოდა, რომელიც ოდესმე შექმნილა მუსიკის ისტორიაში.

* * *

კომპოზიცია Metallica-ის ვოკალისტმა და გიტარისტმა ჯეიმს ჰეტფილდმა შექმნა 1990 წელს, როცა ჯგუფი გასტროლებით მოგზაურობდა კანადაში, მუსიკოსს კი, საშინლად მოენატრა საყვარელი ქალი - კრისტენ მარტინესი, ვისთან განშორებაც ძალიან მტკივნეულად განიცდიდა და სწორედ მას მიუძღვნა სიმღერაც.

შემთხვევით გაჩნდა კომპოზიციის ცნობილი შესავალიც, როცა ჰეტფილდი საყვარელ ქალს ესაუბრებოდა ტელეფონით. გადმოცემის თანახმად, მუსიკოსს ერთ ხელში ტელეფონის ყურმილი ეჭირა, მეორით კი, გიტარაზე უკრავდა და სრულიად შემთხვევით მოიფიქრა მელოდია, რომელიც მოგვიანებით გამდიდრდა და გამრავალფეროვანდა.

სხვათა შორის, თავიდან ჰეტფილდს საერთოდ არ უნდოდა სახელდახელოდ შექმნილი კომპოზიციის მეგობრებისთვის წარდგენა, რადგან ერთი მხრივ, ზედმეტად პირადულად მოეჩვენა, მეორე მხრივ კი, სტილისტურად სიმღერა აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა Metallica-ს რეპერტუარს.

"ძალიან არ მინდოდა ბიჭებისთვის მელოდიის დაკვრა, რადგან Metallica-ს სულ სხვა სტილი ჰქონდა. ჩვენი სიმღერები ყოველთვის მეტალის ჟღერადობით გამოირჩეოდა, ჩვენც ვგიჟდებოდით და ჩვენს კონცერტებზე მოსული ბრბოც. სისხლი და ადრენალინი ყველას ერთად გვირტყამდა თავში, ახლა კი, ნაზად და მორცხვად ვღიღინებდი სიყვარულსა და მონატრებაზე", - მოგვიანებით გაიხსენა მუსიკოსმა, რომელიც ისევ ჯგუფის წევრებმა დაითანხმეს კომპოზიციის დამუშავებაზე და არც შეცდნენ, რადგან Nothing Else Matters, რომელმაც გამოსვლისთანავე დაიპყრო მსოფლიო ჩარტები, არც დღეს კარგავს პოპულარობას.

* * *

მართალია, Nothing Else Matters ერთ კონკრეტულ ქალბატონს მიეძღვნა, მაგრამ მოგვიანებით განზოგადდა და ბევრად ფართო მნიშვნელობა შეიძინა. "ყველას თავისებურად ესმის სიყვარული, რადგან ზოგისთვის ის ფიზიკურ სიახლოვეს, ზოგისთვის მტკიცე ოჯახს ნიშნავს, ჩემთვის კი, სიყვარული - ადამიანია, რომელსაც ყოველთვის ენდობი და შორეულ მოგზაურობაში გამგზავრებულსაც სწორედ ის დაგაბრუნებს უკან", - აღნიშნა ჰეტფილდმა, რომელმაც დამოუკიდებლად ჩაწერა გიტარის ყველა პარტია, სოლოს ჩათვლით.

მოგვიანებით Nothing Else Matters-მა, რომელიც ჯგუფის ფანებმა განსაკუთრებით შეიყვარეს, მართლაც უნივერსალური მნიშვნელობა შეიძინა, "რადგან ყველამ საკუთარ განწყობას მოარგო. ვიღაცას სწორედ კომპოზიცია დაეხმარა მარტოობის დაძლევაში, ვიღაცას თვითრწმენა განუმტკიცა და საკუთარ ძალებში დაარწმუნა, ვიღაცას კი, ახლობლების ნდობა დაუბრუნა. ყოველ შემთხვევაში ასე ამბობდნენ ჩვენი ფანები და მიზეზი არ გვქონდა არ დაგვეჯერებინა", - დაამატა ჯგუფის სოლო გიტარისტმა კრის ჰემეტმა

* * *

კომპოზიციის დემო-ვერსია 1990 წელს გაკეთდა ლარს ულრიჰის - დრამერისა და Metallica-ს ერთ-ერთი შემქმნელის სახლში, რომელმაც როგორც ამბობენ, ერთ-ერთმა პირველმა მოისმინა სიმღერა და დაარწმუნა მეგობარი, რომ განსხვავებული ჟღერადობის მიუხედავად მაინც ღირდა მისი შეტანა ჯგუფის რეპერტუარში.

"ბევრი Metallica-ს ტრეშ-მეტალის ჟანრს მიაკუთვნებს და თვლის, რომ მხოლოდ ამ ჟანრში გვაქვს მუშაობის უფლება, თუმცა მე ნაკლებად ვეთანხმები ამ მოსაზრებას. რა თქმა უნდა, სისწრაფით, სიმწვავით და ენერგიულობით გარკვეულწილად ვამართლებთ ამგვარ წარმოდგენას, მაგრამ ზოგადად, ძალიან არ მიყვარს სტერეოტიპებით მსჯელობა და საკუთარი თავის სტილისტური ჩარჩოებით შეზღუდვა", - შენიშნა ულრიჰმა.

* * *

ალბომის გამოშვებაში, რომელშიც Nothing Else Matters შევიდა და მისივე სახელი შეიძინა, უზარმაზარი წვლილი შეიტანა ჯგუფის პროდიუსერმა ბობ როკმა. მეტიც, სწორედ მან შესთავაზა მუსიკოსებს კომპოზიციის ჩაწერა სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, რამაც ერთმნიშვნელოვნად გაამართლა, რადგან საოცარი მუსიკალური ნაწარმოები შეიქმნა მრავალეროვანი ჟღერადობითა და ემოციური დატვირთვით.

მართალია, თავიდან კრიტიკამ ნაკლებად მოიწონა ჯგუფის ამგვარი გარდასახვა, მაგრამ კომპოზიციამ დროის ყველა გამოცდას გაუძლო და დღეს არა მხოლოდ Metallica-ს ყველზე ლირიულ და ემოციურ ბალადად, არამედ მის სავიზიტო ბარათად ითვლება.

აღსანიშნავია, რომ კომპოზიციამ, რომელიც 34-ე პოზიციიდან აიღო სტარტი Billboard Hot 100-ის ჩარტში და მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ დაწინაურდა პირველ პოზიციამდე, ბრიტანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში პირდაპირ ლიდერის სტატუსით ჩაუდგა ჰიტ-აღლუმებს სათავეში და რამდენიმე თვე შეინარჩუნა პირველობა. მეტიც, კომპოზიცია დღემდე ინარჩუნებს აქტუალურობას და ადგილს პრესტიჟული მუსიკალური გამოცემების რეიტინგებში.