ნარკოდანაშაულში ბრალდებული ჟურნალისტის ნიკუშა კაციას საქმეზე დაკითხული გამომძიებელი დღევანდელ სასამართლო პროცესზე ირწმუნებოდა, რომ ნიკუშა კაციას ქურთუკის მარცხენა ჯიბიდან ნარკოტიკული საშუალების ამოღებისა და ნივთიერების შეფუთვის შემდეგ, დაკავებული ჩხრეკის ოქმს პირადად გაეცნო და შესაბამის ველში დააფიქსირა, რომ პრეტენზია არ ჰქონდა. თავად ბრალდებული კი აცხადებდა, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკითხული მოწმე, გამომძიებელი მირზა ჯაფარიძე საერთოდ არ უნახავს. რატომ ვერ შეძლეს სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებების ვიდეო გადაღება და რატომ არ ესწრებოდა მოქმედებებს ნეიტრალური პირი? დღეს დაცვის მხარემ ამ კითხვებზე პასუხები მოითხოვა.