სტატისტიკის სამსახური გვეუბნება, რომ საქართველოში ხელფასებიც გაიზარდა - Palitra News

სტატისტიკის სამსახური გვეუბნება, რომ საქართველოში ხელფასებიც გაიზარდა

2025-06-17 13:41:36+04:00

სტატისტიკის სამსახური გვეუბნება, რომ საქართველოში ხელფასებიც გაიზარდა. ყველაზე მაღალი ხელფასი ისევ საფინანსო და სადაზღვევო სფეროში დასაქმებულებს აქვთ. რეგიონების მიხედვით კი ანაზღაურების მოცულობით დედაქალაქი ლიდერობს. უფრო კონკრეტულად კი, ამ წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.7 პროცენტით, ანუ 226 ლარითა და 70 თეთრის გაიზარდა და 2 170 ლარი და 10 თეთრი შეადგინა. როგორც უკვე გითხარით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო სფეროში დასაქმებულებს, თვეში დაახლოებით 5 515 ლარი. შემდეგ, ხელფასის სიდიდით გამოირჩევა ინფორმაცია და კომუნიკაციის სფერო, სადაც ხელფასი საშუალოდ 4 163 ლარია, მესამე ადგილზეა პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 2 975 ლარით და შემდეგ მშენებლობის სექტორი, სადაც დაქირავებით დასაქმებულს საშუალოდ 2 908 ლარს უხდიან. ტრადიციულად, ხელფასების თვალსაზრისით გვაქვს გენდერული უთანასწორობა. სტატისტიკა გვეუბნება, რომ პირველ კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 744 ლარი იყო, ხოლო კაცების საშუალოდ 2 601 ლარი. კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. როგორც საქსტატმა დაითვალა, ყველაზე დაბალი ხელფასი საქართველოში აქვთ წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვისა და დასუფთების სფეროში, დაახლოებით 1200-დან 1300 ლარამდე. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, განათლების სექტორიც საქართველოში ყველაზე დაბალანაზღაურებად სფეროდ ითველება.