მაისში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა. ყველაზე მეტი თანხა კი ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიდა - Palitra News

მაისში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა. ყველაზე მეტი თანხა კი ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიდა

2025-06-17 13:40:16+04:00

მაისში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა. ყველაზე მეტი თანხა კი ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 317 მლნ დოლარს გადააჭარბა, რაც 11.6%-ით მეტია 2024 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.5% იმ 27 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა მაისში თითოეულზე 1 მლნ დოლარს აღემატებოდა. სებ-ის მონაცემების თანახმად, გზავნილებში პირველ ადგილზეა აშშ 59 მლნ დოლარით, საიდანაც გზავნილები წლიურად 25%-ით გაიზარდა. მეორე ადგილზეა იტალია 53 მლნ დოლარით. ზრდა ამ შემთხვევაში 10%-ია, მესამეზე კი რუსეთის ფედერაციაა 44 მლნ დოლარით, საიდანაც ფულადი გზავნილების მოცულობა ერთი წლის განმავლობაში პირიქით, 9.2%-ით არის შემცირებული. გზავნილების თვალსაზრისით უმსხვილესი პარტნიორი ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდნენ ასევე გერმანია, საბერძნეთი, ისრაელი და თურქეთი. ამასთან, ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 35 მლნ დოლარზე მეტი გავიდა, რაც გასული წლის მაისთან შედარებით 16.8%-ით მეტია.