პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები მათი ლიდერის, გიორგი გახარიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ხელმეორედ დაბარებას „პირადი შურისძიების მორიგ მცდელობას“ უწოდებენ. კომისიის წევრები გიორგი გახარიასგან დამატებით პასუხებს ამჯერად, სოფელ ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსებასა და ასევე მისი პარტიის საერთაშორისო პოარტნიორებთან ურთიერთობასთან დაკავშირებით ითხოვენ. ამავე დროს, ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, ვახტანგ გომელარის შემდეგ, პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ალექსანდრე ტაბატაძე. გომელაურის მსგავსად, ისიც მიიჩნევს, რომ ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსება „ესკალაციის საფრთხეს“ წარმოადგენდა - ამ წუთებში კი პროკურატურაში კითხავენ კახა კახიშვილს, რომელიც 2019 წელს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი იყო. ამავე დროს კი ექსპრემიერის თანაგუნდელები აცხადებენ, რომ 2019 წელს საგუშაგოს განთავსების საკითხზე ყველა შესაბამისი უწყება ინფორმირებული იყო და აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარს უჭერდა.