პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულს, 21 წლის მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა - მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის ამ გადაწყვეტილებას გუშინ საღამოს თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა. მომიტინგეებმა ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ის პირველ კორპუსთან ღამე გაათენეს. დემონსტრანტებმა მათე დევიძეს და საპროტესტო აქციებზე დაკავებულ სხვა მოქალაქეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
თავდაპირველად, მას შემდეგ, რაც სასამართლოში მათე დევიძის განაჩენი გამოცხადდა, მოქალაქეები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მათ სიმბოლურად, სწორედ მელიქიშვილის გამზირი გადაკეტეს, ადგილი, სადაც გასული წლის 19 ნოემბერს მათე დევიძე დააკავეს. მოგვიანებით, მომიტინგეებმა მსვლელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეებმა ადგილზე ორი კარავი გაშალეს.