პროექტებში, რომლებიც წელს სრულდება, ბინების 80% უკვე გაყიდულია, თუმცა გაყიდული ბინების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 34%-ით არის შემცირებული. კვლევითი ორგანიზაცია „გალთ ენდ თაგარტი“ აპრილის მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც აპრილში გაყიდვები მარტის ნიშნულზე შენარჩუნდა, თუმცა წინა წლის მაღალი მონაცემიდან გამომდინარე, წლიურად გაყიდული ბინების რაოდენობა 34.1%-ით, ხოლო გაყიდული ბინების ფართობი 25.4%-ით შემცირდა. ამავე კვლევაში ნათქვამია, რომ ჯამში, 2025 წლის 4 თვეში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 13.5%-ით შემცირდა.
„კლების მიზეზი ბაზარზე არსებული გაუარესებული სენტიმენტებია, რაც მყიდველებს მოთხოვნის გადავადებისკენ უბიძგებს. პროექტებში, რომლებიც 2025 წელს სრულდება, ბინების 80% უკვე გაყიდულია. ამასთან, გაყიდვების უმეტესი ნაწილი დეველოპერების მიერ შეთავაზებულ შიდა განვადებაზე მოდის. აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა ისრაელის მოქალაქეების წილი გაყიდვებში და 2025 წლის 4 თვეში ჯამური გაყიდვების 11% შეადგინა. ეს ტენდენცია დიდწილად განპირობებულია თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის საინვესტიციო მიმზიდველობით,“ - აღნიშნულია კვლევაში. კვლევის ფარგლებში ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის შედეგების თანახმად, 2025 წლის 4 თვეში, თბილისში სულ 12 540 ბინა გაიყიდა და ჯამურმა ღირებულებამ 941 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კვლევის ავტორებმა 2025 წლის მაისში, ჩაატარეს 20 სისტემური დეველოპერის გამოკითხვა, რომელიც მოიცავდა 90-ზე მეტ საცხოვრებელ პროექტს თბილისში, რაც ჯამურად პირველადი ბაზრის დაახლოებით 40%-ია.