* ალდო მოროს გატაცება და მკვლელობა -
მართალია, ცნობილ პოლიტიკურ ფიგურას და სახელმწიფო მოღვაწეს ალდო მოროს ყოველთვის კარგად იცნობდა მსოფლიო და პირველ რიგში ევროპა, მაგრამ მე-20 საუკუნის ისტორიაში ის მაინც ტრაგიკული შემთხვევის წყალობით შევიდა, რადგან იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის გატაცება და მკვლელობა გასული საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან დანაშაულად იქცა.
* გავლენიანი პოლიტიკოსი -
ალდო მორო 1916 წლის 23 სექტემბერს დაიბადა აპულიის ქალაქ მალიეში, საშუალო კლასის პედაგოგთა, მორწმუნე კათოლიკეთა ტრადიციულ ოჯახში და დედის წყალობით ადრეული ბავშვობიდან ღვთისმოსავად აღიზარდა. მოზარდი მორო მხოლოდ 14 წლის იყო, როცა აქტიურად ჩაება ახალგაზრდა კათოლიკეების ორგანიზაციის საქმიანობაში, სადაც მის პოლიტიკურ კარიერას ჩაეყარა საფუძველი, ბარის უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის დასრულების შემდეგ კი, 25 წლის ასაკში მიიღო სამართლის პროფესორის ხარისხი და კათოლიკე სტუდენტების ფედერაციის ლიდერი გახდა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მორომ გარკვეული პოლიტიკური გავლენა მოიპოვა, რისი წყალობით 1946 წელს ჯერ დამფუძნებელი კრების, მერე "კომისია 75"-ის წევრი გახდა, რომელმაც იტალიის ახალი კონსტიტუცია შეიმუშავა. 1950-1960-იან წლებში მორომ, რომელიც ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერი გახდა, სოციალისტური იდეოლოგიის ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პოლიტიკის გატარება მოინდომა, 1970 წელს კი, კომუნისტების მთავრობაში დაშვების ინიციატივით გამოვიდა, რაც "ცივი ომის" ეპოქის დასავლეთ ევროპისთვის უპრეცედენტო შემთხვევად იქცა.
საერთო ჯამში 1963-1976 წლებში მორომ იტალიის ხუთ მინისტრთა კაბინეტს უხელმძღვანელა პრემიერ-მინისტრის რანგში, 1964 წელს კი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩაუდგა სათავეში და მცირე ინტერვალებით ოთხჯერ დაიკავა მინისტრის თანამდებობა. თუმცა, პრემიერმა არც მინისტრთა კაბინეტის მეთაურის პოსტის დატოვების შემდეგ დაკარგა წონა, რადგან ყოველთვის პრინციპული და პატიოსანი პოლიტიკოსის რეპუტაციით, უზარმაზარი პატივისცემით სარგებლობდა და გადადგომის შემდეგაც შეინარჩუნა პოლიტიკური გავლენა.
* მე-20 საუკუნის ყველაზე ხმაურიანი გატაცება -
1978 წლის 16 მარტის კვირადღეს, ალდო მორო დილის მესიდან ბრუნდებოდა სამსახურის "ფიატით", როცა სახლთან ახლოს ჯერ ერთმა ავტომობილმა გადაუღობა გზა დიპლომატიური ნომრით და აიძულა გაჩერება, მერე სწრაფად წამოწეული ორი ავტომობილიდან გადმოხტა ხუთი შეიარაღებული მამაკაცი ქალთან ერთად და გზის განაპირას მიმწყვდეულ "ფიატთან" მიირბინა. თავდამსხმელებმა შუა ქუჩაში დაცხრილეს მოროს მძღოლი, მისი პირადი მცველი და უსაფრთხოების სამსახურის რამდენიმე თანამშრომელი, ყოფილი პრემიერი კი გაიტაცეს.
16 მარტის საღამოს გამტაცებლები იტალიის ყველა უმსხვილესი გამოცემის რედაქციას დაუკავშირდნენ, განაცხადეს, რომ მორო "წითელი ბრიგადების" (მემარცხენე-ექსტრემისტული ტერორისტული ორგანიზაციის) მძევალი იყო და ხელისუფლებას საკუთარი მოთხოვნები წაუყენეს, რაც საკმაოდ რთული შესასრულებელი აღმოჩნდა, რადგან გამტაცებლებმა ერთი მხრივ, ორგანიზაციის დაკავებული წევრების საპატიმროებიდან განთავისუფლება, მეორე მხრივ, ანტიკაპიტალისტური დეკლარაციის მიღება მოითხოვეს.
ქვეყნის მთავრობამ მტკიცე პოზიციის არჩია, უარი თქვა ტერორისტებთან მოლაპარაკებაზე და მართალია, ფართომასშტაბიანი ოპერაცია წამოიწყო, რომელშიც 35 ათას კარაბინიერისა და სამხედროსთან ერთად ბრიტანეთისა და საფრანგეთის ტერორიზმთან ბრძოლის სამსახურებიც მონაწილეობდნენ, მაგრამ გამტაცებლებისა და ყოფილი პრემიერის თითქმის ერთთვიანი ძებნა მაინც უშედეგოდ დასრულდა.
* "ძველი მეგობრების" წერილები -
ტერორისტები, რომელთაც საკუთარი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად აიყვანეს მორო მძევლად, პერიოდულად აქვეყნებდნენ "კომუნიკეებს", ახსენებდნენ საკუთარ პირობებს ხელისუფლებას და "წითელი ბრიგადების" რეალურ პოლიტიკურ ძალად ცნობას მოითხოვდნენ, მოროს კი, მართალია, წერილის მიწერის უფლება მისცეს, მაგრამ მისი სასოწარკვეთილი გზავნილების მიმართ კოლეგა პარლამენტარებთან ერთად თანაპარტიელებიც გულგრილი აღმოჩნდნენ.
ხელისუფლებამ დიდხანს ვერ გაბედა ტერორისტებთან მოლაპარაკების გამართვა, თუმცა გამოჩნდნენ მოროს ე.წ. "ძველი მეგობრები", რომელთაც კარგად იცოდნენ, რომ მძევალს გაზეთის წაკითხვის უფლება ჰქონდა და ღია წერილით მიმართეს, რომელშიც შეპარვით და მინიშნებებით მოსთხოვეს საკუთარი თავის ქვეყნისთვის მსხვერპლად შეწირვა და არაფრად ჩააგდეს, რომ ის არა მხოლოდ სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, არამედ პირველ რიგში ადამიანი იყო და როგორც სხვას, მასაც ჰქონდა სიცოცხლის უფლება.
* ხელისუფლების უარი გამტაცებლების ულტიმატუმს -
იტალიის მთავრობამ ბოლომდე პრინციპულ პოზიციის შენარჩუნება გადაწყვიტა და უარი თქვა ტერორისტებთან საუბარზე, რის შედეგად გამტაცებლების გზავნილები სულ უფრო მეტად დაემსგავსა მუქარას. 15 აპრილს ტერორისტებმა მორიგი მიმართვა გამოაქვეყნეს პრესაში, რომელშიც განაცხადეს, რომ მათ მიერვე შექმნილმა "სახალხო სასამართლომ" მოროს მმართველი რეჟიმის ბოროტმოქმედებაში თანამონაწილეობაში წაუყენა ბრალი და სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა.
აღსანიშნავია, რომ "წითელი ბრიგადების" წერილები შეშლილის უთავბოლო ბოდვას უფრო ჰგავდა, ვიდრე ორგანიზებული ჯგუფის გააზრებულ ულტიმატუმს, რადგან ხან თანამებრძოლების საპატიმროდან განთავისუფლებას მოითხოვდნენ, ხან ე.წ. 'სახალხო სასამართლოს" შექმნით იმუქრებოდნენ, ხან ირწმუნებოდნენ, თითქოს ალდო მორომ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
18 აპრილს პოლიციამ რომის გარეუბანში მიაგნო "წითელი ბრიგადების" კონსპირაციულ ბინას იარაღის, საბრძოლო მასალის საწყობით და დაადგინა, რომ სწორედ იქ ჰყავდათ გადამალული ყოფილი პრემიერი. მართალია, მოროს ოჯახის წევრებმა და მისმა გულშემატკივარმა საზოგადოებრივმა ჯგუფებმა ხელისუფლებას მოლაპარაკებისკენ მოუწოდეს, მაგრამ ჩინოვნიკებმა არ მოინდომეს ტერორისტებთან კომპრომისზე წასვლა. არ დათმეს არც გამტაცებლებმა და "სახალხო სასამართლოს" გადაწყვეტილებით მოიყვანეს განაჩენი სისრულეში.
* მოროს მკვლელობა-
"წითელი ბრიგადების" წევრებმა - პროსპერო გალინარიმ და ანა ლაურა ბრაგეტიმ საიდუმლო ბინაში მონტალჩინოს ქუჩაზე, 9 მაისის ადრიან დილას მიაკითხეს მოროს და რამდენიმეწუთიანი საუბრის შემდეგ მოულოდნელად განუცხადეს, რომ "ჰუმანური მოსაზრებებით" მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება გადაწყვიტეს და პიჯაკთან ერთად რამდენიმე მონეტაც მისცეს, რათა განთავისუფლებულს ახლობლებისთვის დაერეკა.
მორო გამტაცებლებთან ერთად ჩავიდა მიწისქვეშა ავტოსადგომზე, სადაც გატაცების მთავარი ორგანიზატორი მარიო მორეტი ელოდათ. მორეტიმ პოლიციით გავსებულ ქალაქში უსიამოვნებების თავიდან აცილების მომიზეზებით შესთავაზა პრემიერს "რენოს" მარკის წითელი ფერის ავტომობილის საბარგულში დამალვა. არავინ იცის, მიხვდა თუ არა განწირული მძევალი, რომ ატყუებდნენ, თუმცა, საბარგულში მაინც უსიტყვოდ და საკუთარი ნებით ჩაძვრა. გამტაცებლებმა სწრაფად გადააფარეს მოროს პლედი და ჯერ თავში, მერე გულმკერდის არეში ესროლეს ავტომატიდან, ავტომობილი ცხედართან ერთად კი, გაეტანის ქუჩაზე, იტალიის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ოფისებს შორის დატოვეს.
ალდო მოროს ცხედარი 11 ნატყვიარით პოლიციამ იმავე დღეს იპოვა, თითქმის 10 დღის შემდეგ კი, "წითელი ბრიგადების" ხუთი წევრი - სავარაუდო გამტაცებლები და მკვლელები დააკავა. თუმცა, სასამართლო პროცესი მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ შედგა, როცა დანაშაულის თანამონაწილედ კიდევ 63 ადამიანი დასახელდა.
* საიდუმლო ორგანიზაცია "გლადიუსი"-
მართალია, ოფიციალურად არავის უთქვამს, მაგრამ ნათელი გახდა, რომ გამტაცებლებმა მხოლოდ სხვისი დავალება შეასრულეს, ხმაურიანი განცხადებები კი, საზოგადოების თვალის ასახვევად და ყურადღების გასაფანტად გამოიყენეს. სინამდვილეში, ვინ ხელმძღვანელობდა შეთქმულებას ან რა მოტივი ჰქონდა, დაზუსტებით დღემდე არავინ იცის და ამიტომ ვერსიაც მრავლადაა.
მოროს მკვლელობიდან 12 წლის შემდეგ იტალიელმა სამართალდამცავებმა, რომლებიც თავიდან შეუდგნენ საქმის გამოძიებას, შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს იტალიაში მოგზაურობა გაიხსენეს, რომელსაც ძალიან არ უნდოდა შორეულ 1970-იან წლებში იტალიის ხელისუფლებაში კომუნისტური პარტიის ხილვა. ორწლიანი ძიების შედეგად პოლიციამ უკიდურესი მემარცხენე იატაკქვეშა ორგანიზაცია "გლადიუსი" გამოააშკარავა, რომელიც 1965 წელს იტალიის დაზვერვის სამსახურმა SIFAR-მა შექმნა, ფინანსური მხარდაჭერა კი, ამერიკულმა სპეცსამსახურებმა უზრუნველყვეს, რომლებიც პრაქტიკულად მართავდნენ მის საქმიანობას.
ორგანიზაციის ბირთვს 600-მდე აგენტი შეადგენდა, რომელთაც მომზადება სარდინიის კუნძულზე ამერიკელი და ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით გაიარეს, მერე კი, მთელი იტალიის მასშტაბით გაფანტეს იარაღის საიდუმლო საწყობები, ორგანიზაციას კი, 150 ათასზე მეტი გადაბირებული მოხალისე შემატეს, რომლებიც ყოველთვის მზად იყვნენ აქტიური მოქმედებისთვის.
"გლადიუსის" წევრები ჯერ კიდევ 1971 წელს გეგმავდნენ ოპერაციის განხორციელებას კოდური სახელით "სოლოს გეგმა", რომელიც სახელმწიფო გადატრიალებას და იმ პერიოდში პრემიერ-მინისტრის ალდო მოროს მკვლელობას ითვალისწინებდა, რომელიც კონკურენტებმა მხოლოდ მისი პრინციპულობისა და უკომპრომისობის გამო აითვალწუნეს. მართალია, გეგმა არ განხორციელდა, მაგრამ "გლადიუსმა" მაინც არ აღიარა მარცხი და ახალ ოპერაციაზე დაიწყო ფიქრი.
სხვათა შორის, 1974 წელს ამჯერად უკვე საგარეო საქმეთა მინისტრ მოროსთან შეხვედრაზე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა კოლეგა გააფრთხილა, რომ კომუნისტების მთავრობაში დაშვება ამერიკაში "სახიფათო და არასწორ გადაწყვეტილებად" განიხილებოდა. მართალია, მორომ გაფრთხილებას ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ დაზვერვის სამსახურის თანამშრომელთან საუბრის შემდეგ, როგორც მისი მეუღლე ელეონორა მორო იხსენებდა, სერიოზულად შეშფოთდა, რადგან დარწმუნდა, რომ თუ "პოზიციას არ შეცვლიდა", არც სპეცსამსახურები დაიხევდნენ უკან. პრინციპულმა პოლიტიკოსმა პოზიცია არ შეცვალა და რამდენიმე წლის შემდეგ სწორედ საკუთარ პრინციპებს ემსხვერპლა.
* მასონთა ლოჟა Р-2-
არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პასუხისმგებლობა მოროს მკვლელობაზე ნაწილობრივ მემარჯვენე იდეოლოგიის მასონთა ლოჟას Р-2-საც (Propaganda Due) ეკისრება დიდი მაგისტრის ლიჩო ჯელის - ყოფილი ნაცისტისა და კრიმინალის ხელმძღვანელობით.
Р-2-ის ლოჟის ყოვლისშემძლეობას, რომელსაც ხშირად "ჩრდილოვან მთავრობასაც" უწოდებდნენ, ის ფაქტიც ადასტურებს, რომ 1970-იან წლებში მის წევრებს შორის ოთხი მინისტრი და დაზვერვის სამი მაღალჩინოსანი, გენერალური შტაბის ხელმძღვანელი და 160-ზე მეტი ოფიცერი, პარლამენტის წევრები, დიპლომატები და ბანკირები, მსხვილი მეწარმეები და მედიამაგნატები ირიცხებოდნენ . საერთო ჯამში ლოჟა 1000-მდე წევრს აერთიანებდა და როგორც მოგვიანებით გაირკვა, სწორედ ის მართავდა და აფინანსებდა "ჩრდილოვანი მთავრობის ჩრდილოვან არმიას" - ორგანიზაცია "გლადიუსს".
"გლადიუსის" საქმის ძიება საპარლამენტო კომისიამ 1990 წელს დაასრულა, ორი წლის შემდეგ კი, ოფიციალური ანგარიში გამოაქვეყნა და მართალია არალეგალური შეიარაღებული ორგანიზაცია ამხილა, რომელიც პოლიტიკური ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობდა, მაგრამ არაფერი თქვა მის კავშირზე ალდო მოროს ან ცნობილი ბანკირის რობერტო კალვის მკვლელობაზე, რომელიც ლონდონის ხიდის ქვეშ იპოვეს ჩამომხრჩვალი, რადგან უამრავი საინტერესოს თქმა სურდა მსხვილი პოლიტიკოსებისა და კრიმინალების ფარულ გარიგებებზე.