ავსტრიაში, სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა პატივსაცემად, სამდღიანი გლოვა გამოცხადდა - Palitra News

ავსტრიაში, სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა პატივსაცემად, სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

2025-06-11 09:39:51+04:00

ავსტრიაში, სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა პატივსაცემად, სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ბიბისის ინფორმაციით, დღეს ადგილობრივი დროით 10:00 საათზე, ქვეყნის მასშტაბით წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ დაღუპულთა ხსოვნას. ვენაში, ჰოფბურგის სასახლეზე, სადაც პრეზიდენტის, ალექსანდრ ვან დერ ბელენის ოფისია განთავსებული, დროშები დაეშვება. ავსტრიის განათლების მინისტრის თქმით, სკოლა, სადაც თავდასხმა მოხდა, ჯერჯერობით, დაკეტილი დარჩება. ავსტრიის ქალაქ გრაცის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულია თავდამსხმელიც, რომელიც აღნიშნული სკოლის ყოფილი მოსწავლეა. ავსტრიის კანცლერის, კრისტიან შტოკერის შეფასებით, სამშაბათი ბნელი დღე იყო ქვეყნის ისტორიაში და სროლა ეროვნულ ტრაგედიად გამოაცხადა.