საარჩევნო ადმინისტრაცია სერტიფიცირების გამოცდების ციკლს აგრძელებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 37 საგამოცდო ცენტრში, ამჟამად, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა გამოცდები ტარდება. სერტიფიცირების პროცესის მიმდინარეობას ცესკოს თავმჯდომარე პირადად გაეცნო. გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, აღნიშნულ პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციამ დაინტერესებულ მხარეებს სიახლე შესთავაზა, შეიქმნა სერტიფიცირების გამოცდებისთვის მოსამზადებლად ელექტრონული პლატფორმა, ეთნიკური უმცირესობებისთვის კი -საგამოცდო ტესტები სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეა ნათარგმნი. ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, კვალიფიციური ადამიანური რესურსი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისათვის, რომ არჩევნები მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდეს.