საკადრო ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროში - უწყების ეფექტურობის გაძლიერება თუ დასავლეთის სანქციების შედეგი? აღნიშნული ცვლილებების შესახებ მხარეთა პოზიციები სწორედ ამ ორი მოსაზრების გარშემო ერთიანდება. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გელა გელაძით ვახტანგ გომელაურის ჩანაცვლების შემდეგ სამინისტროში ცვლილებები თავად ახალმა მინისტრმა განახორციელა. ოპოზიციაში კი ირწმუნებიან, რომ ამის რეალური მიზეზი სანქციები და შიდა დაპირისპირება გახდა. აღსანიშნავია, რომ ზვიად ხარაზიშვილმა, იგივე „ხარებამ“ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა დატოვა. ხარაზიშვილს ამ თანამდებობაზე რომან ქარცივაძე ჩაანაცვლებს. ამასთანავე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ვაჟა სირაძემ დატოვა, თუმცა ის თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე გადავიდა. ეს უწყებაში განხორციელებული ცვლილებების მხოლოდ ერთი ნაწილია - უფრო დეტალურად, ვინ დატოვა და ვინ შეუერთდა შინაგან საქმეთა სამინისტროს?