“ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის - თინა ბოკუჩავას განცხადებას მისი მეუღლის სავარაუდო გატაცებასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსები რეპრესიების ერთ-ერთ გამოვლინებად აფასებენ. მათი თქმით, ქვეყანაში არსებობს დაჯგუფებები, რომლებიც თავს უკვე პოლიტიკოსებსაც ესხმიან. საკითხზე მთავარ პასუხისმგებლობას კი - “ქართულ ოცნებას” აკისრებენ. თავის მხრივ, მმართველი გუნდი ოპონენტებს სპეკულაციებში ადანაშაულებს. უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განმარტებით, ამგვარი ისტორიების გავრცელებამ კამპანიური სახე შეიძინა, რომლებიც ცალსახად სიცრუეზეა დაფუძნებული. თინა ბოკუჩავას ინფორმაციით, მის მეუღლეს, კოტე იოსელიანს საცხოვრებელი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთი ნიღბიანი პირი ჩაუსაფრდა, თავს დაესხნენ და გაიტაცეს. ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, კოტე იოსელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზეა დაბარებული.