საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დაგანის გადადგომის შემდეგ რა შეიცვლება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში? ხელისუფლება შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვის იმედს კიდევ ერთხელ გამოთქვამს. ქართული ოცნებისგან განსხვავებით პოზიტიური მოლოდინები არ აქვთ ოპოზიციაში. მათი თქმით, შეერთებული შტატების განცხადებებიდან და ქმედებებიდან გამომდინარე, „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობების გადატვირთვა ილუზიას წარმოადგენს. ისინი აქვე განმარტავენ, რომ პარტნიორთა დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით ორპარტიულია და ის არ შეიცვლება იქამდე, ვიდრე „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.