ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი შესწორებებით დაამტკიცა. დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, თუმცა ცნობილია ანგარიშის პროექტის თავდაპირველი ვერსია, რომელიც ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ წარადგინა. პროექტში ხაზგასმულია, რომ ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მიღების შედეგად საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია. ასევე გამოხატულია მხარდაჭერა იმ მოქალაქეებს, რომელბიც თვეებია საპროტესტო აქციებს აწყობენ ევროპული მისწრაფებების გამოსახატად. დოკუმენტში გაჟღერებულია მოწოდება დაუწესდეს პერსონალური სანქციები და ევროკავშირში აქტივები გაეყინოს ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახის წევრებს და კომპანიებს. ანგარიშის პროექტში საქართველოში არსებული კრიზისის დაძლევის გზად ახალი საპარლამენტო არჩევნებია დასახელებული.