საქართველოში საკვები პროდუქტებისა და სასმელის იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა - Palitra News

საქართველოში საკვები პროდუქტებისა და სასმელის იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა

2025-05-29 13:41:42+04:00

საქართველოში საკვები პროდუქტებისა და სასმელის იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა. საქსტატის მონაცემებით, წელს იანვარ-აპრილში ქვეყანამ ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქტი იყიდა, რაც 16-წლიანი რეკორდია. უფრო გვიანი მონაცემები საქსტატს უბრალოდ არ მოეპოვება. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს საკვები პროდუქტებისა და სასმელების მეხუთედზე მეტი, 22% რუსეთიდან შემოვიდა. მეორე ადგილზეა - თურქეთი, სამეულს კი უკრაინა ხურავს. დიდი რაოდენობით საკვები პროდუქტი და სასმელი საქართველოში ასევე შემოვიდა ჩინეთიდან და საფრნაგეთიდან. საინტერესოა ასევე, რომ საქართველოში საკვებსა და სასმელზე მთლიანი იმპორტის 10% მოდის. 2025 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანაში მთლიანმა იმპორტმა 5 მილიარდ 741 მილიონ დოლარს გადააჭარბა, საიდანაც 596 მლნ დოლარზე მეტი სწორედ საკვებსა და სასმელზე მოდიოდა. რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, 2025 წლის იანვარ-აპრილში ქვეყნიდან 902 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გავიდა, აქედან 389 მლნ დოლარის, ანუ 43%-ზე მეტი საკვები და სასმელი იყო. მთავარი საექსპორტო ბაზარი კი, იმპორტის ანალოგიურად, რუსეთი გახლდათ. სიდიდით მეორე საექსპორტო ბაზარი საქართველოსთვის უკრაინაა, სამეულშია ყაზახეთი, სადაც წელს ოთხ თვეში თითქმის 22 მლნ დოლარის ღირებულების ქართული საკვები და სასმელი გავიდა.