750 ათას ლარამდე სესხის აღებას მოქალაქეები მხოლოდ ლარში შეძლებენ - Palitra News

750 ათას ლარამდე სესხის აღებას მოქალაქეები მხოლოდ ლარში შეძლებენ

2025-05-29 13:34:05+04:00

750 ათას ლარამდე სესხის აღებას მოქალაქეები მხოლოდ ლარში შეძლებენ. 1-ლი აგვისტოდან მოქალაქეთა ნაწილისთვის სესხის აღების წესები იცვლება. კერძოდ, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, მოქალაქეები, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ, 750 000 ლარამდე სესხის აღებას უცხოურ ვალუტაში ვეღარ შეძლებენ. შესაბამისად, ამ მოცულობის სესხს ეს ადამიანები აგვისტოდან, მხოლოდ ლარში აიღებენ. სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი ამ გადაწყვეტილებას, დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული რისკების შემცირებით ხსნის და აცხადებს, რომ დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის განხორციელებას განაგრძობენ. შესაბამისად, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 500 000-დან 750 000 ლარამდე გაიზარდა და ცვლილება, როგორც გითხარით, ძალაში 2025 წლის 1-ლი აგვისტოდან შევა. შეგახსენებთ, რომ უცხოურ ვალოუტაში გასაცემი სესხების ქვედა ზღვარი ეტაპობრივად იზრდებოდა. 2024 წლის მაისიდან პირები, ვისაც შემოსავალი ლარში ჰქონდა 400 ათას ლარამდე სესხს ვეღარ იღებდნენ უცხოურ ვალუტაში, ხოლო 2025 წლის იანვრიდან ეს ზღვარი 500 ათას ლარამდე გაიზარდა.