საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სამთავრობო ღონისძიების პარალელურად, ოპოზიცია აქცია-მსვლელობებს გეგმავს. „საქართველო კვლავ დაგიცავ“ ამ სახელწოდებით ძირითადი ღონისძიებები რუსთაველის გამზირზე 15:00 საათიდან დაიწყება. საპროტესტო მარშებს, რომლის მიზანიც დამოუკიდებლობის დაცვაა, სამოქალაქო საზოგადოება, ოპოზიციის ნაწილი და რიგითი მოქალაქეები უერთდებიან. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილი საორგანიზაციო კომიტეტის წევრების განცხადებით, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სხვადასხვა სახის პროგრამაა დაგეგმილი, მათ შორის, შემეცნებითი და საგანმანათლებლო თემატიკის. ორგანიზატორების თქმით, დღის კულმინაცია 19:30 წუთზე იქნება, როცა შეკრებილ საზოგადოებას სალომე ზურაბიშვილი სიტყვით მიმართავს.