სპეციალური საგამოძიებო სამსახური უქმდება. უწყებაში აცხადებენ, რომ გაუქმების შემდეგ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური გენერალური პროკურატურის მმართველობის სივრცეში გადავა. უწყებაში აღნიშნეს, რომ საზოგადოებისთვის დამატებითი დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საქართველოს პარლამენტში ბიუროს წარედგინება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელშიც დეტალურად იქნება განმარტებული ცვლილებების საჭიროება და ფორმები.
2022 წელს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ, რომელსაც ლონდა თოლორაია ხელმძღვანელობდა, მის ნაცვლად ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატს არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენდა. უწყება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისა და მოხელეების მიერ ჩადენილ დანაშაულებს იძიებდა.